ამერიკელი მილიარდერის, ბილ გეიტსის, საინვესტიციო ფონდი, Cascade Investment-ი სასტუმროების ქსელის, Four Seasons-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. საუდის არაბეთის პრინცი, ალ-ვალიდ იბნ-ტალალი საკუთარი კომპანიის წილების ნახევრის გაყიდვას დასთანხმდა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის პრინცის კომპანიამ, Kingdom Holding-მა, სასტუმროების ქსელის წილების ნახევრის ამერიკელი მილიარდერისათვის მიყიდვის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. შეთანხმება 2.21 მილიარდი დოლარად შედგა, თავად სასტუმრომ კი დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.
შედეგად Cascade Investment-ი სასტუმროების ქსელის 71.25%-იანი წილისა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი ხდება. თავად პრინცსა და მის კომპანიას, Kingdom Holding-ს კი 23.75%-იანი წილი რჩება. რაც შეეხება დარჩენილ 5%-ს, ის სასტუმროების ქსელის, Four Seasons-ის დამაარსებელსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ისადორ შარპის მფლობელობაშია.
სასტუმროების ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ დევისონის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გააძლიერებს Four Seasons-ის ტექნოლოგიებთან დაკავშირების მცდელობას. გარდა ამისა, ეს სასტუმროს დაეხმარება შეიმუშაოს გარემოსდაცვითი მდგრადი პოლიტიკა, შეინარჩუნოს სოციალურ-კულტურული განსხვავებულობა და გახდეს უფრო მიმზიდველი ახალგაზრდა დამსვენებლებისათვის. კომპანიის CEO-ს თანახმად, მათ სურთ, სასტუმროს ისტორიული სახე შეინარჩუნონ, თუმცა, ამავდროულად, განავითარონ ის მომავალი თაობებისათვის.
შეგახსენებთ, რომ სასტუმროების საერთაშორისო ქსელი, Four Seasons-ი, 1960 წელს, კანადაში დაარსდა, დღეს კი კომპანია მსოფლიო მასშტაბით 121 სასტუმროსა და 46 საცხოვრებელ უძრავ ქონებას ფლობს.
დატოვე კომენტარი