ბილ გეიტსის მრავალწლიანი დომინაცია ქვეყნის პირველი ან მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულის ფლობისათვის საბოლოოდ დასრულდა. 1991 წლის შემდეგ პირველად ტექნოლოგიური გიგანტის, Micsrosoft-ის დამფუძნებელი, Forbes 400-ის სიაში პირველ და მეორე ადგილებს აღარ იკავებს. შეგახსენებთ, რომ Forbes 400 შეერთებული შტატების ყველაზე მდიდარი ადამიანების სიას წარმოადგენს, რომლის სათავეში მოსახვედრადაც ბილ გეიტსის მფლობელობაში არსებული 134 მილიარდი აშშ დოლარი საკმარისი არ აღმოჩნდა. მისმა ქონებამ კონკურენცია ვერ გაუწია Amazon-ის, Tesla-სა და Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორების, ჯეფ ბეზოსის, ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის ქონებებს.
შესაბამისად, ბილ გეიტსი აღნიშნულ სიაში მეოთხე ადგილის მფლობელად კვალიფიცირდა. თუმცა მხოლოდ საფონდო ბირჟა არ გახლავთ ის მიზეზი, რატომაც იმყოფება ამერიკელი მილიარდერი 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე. მიმდინარე წლის მაისში ის საკუთარ მეუღლეს, მელინდა გეიტსს გაშორდა, რის გამოც მას თავისი ქონებიდან დაახლოებით 5.6 მილიარდი აშშ დოლარის დათმობა მოუწია. ამ ქონების შენარჩუნების შემთხვევაში ახლა ბილ გეიტსი მარკ ცუკერბერგზე წინ იქნებოდა და მესამე ადგილს დაიკავებდა.
საინტერესოა, რომ ბილ გეიტსის ქონების დაახლოებით მეოთხედი Microsoft-ში მისი 1.3%-იანი წილიდან მოდის, რაც 31 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი ქონების დანარჩენი ნაწილი კი საინვესტიციო კომპანიიდან, Cascade Investment LLC-დან მოდის, რომლის წყალობითაც გეიტსს არაერთ კომპანიაში აქვს საკუთარი წილები.
დატოვე კომენტარი