ამერიკელმა მილიარდერმა, ბილ გეიტსმა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ნიდერლანდური კომპანია Heineken Holding-ის 3.76%-იანი წილი შეისყიდა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად აცხადებს, ლუდის დიდი მოყვარული სულაც არაა. როგორც ნიდერლანდების ფინანსური ბაზრების განყოფილების (AFM) განცხადებიდან ირკვევა, Microsoft-ის დამფუძნებელმა აქციები ორშაბათს შეიძინა.
გეიტსმა კომპანიაში 3.76%-იანი წილი მექსიკური FEMSA-სგან შეიძინა, რომელიც Heineken Holding-ის მის საკუთრებაში არსებულ აქციებს ყიდის. საცალო ვაჭრობის მექსიკური გიგანტი FEMSA საკუთარ წამყვან ბიზნესსა და ციფრულ ოპერაციებზე ფოკუსირებას გეგმავს, Heineken-ში კი თავის წილს 15%-დან 8%-მდე ამცირებს.
17 თებერვლით დათარიღებული განცხადების თანახმად, FEMSA-მ Heineken Holding-ის 18 მილიონი აქცია გაყიდა, საიდანაც 10.8 მილიონი აქცია სწორედ ბილ გეიტსმა შეიძინა. გეიტსის მიერ შესყიდული აქციების ღირებულება, მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით, $939.87 მილიონს უტოლდება. შესყიდვასთან დაკავშირებით, „ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდს“ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
საინტერესოა, რომ 2018 წელს, Reddit-ზე გამოკითხვაში „დამისვი კითხვა“ ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ „ლუდის დიდი მოყვარული არ გახლდათ“ და ნამდვილი ლუდის მოყვარულების იმედგაცრუებისთვის ბოდიშიც მოიხადა. „როდესაც ბეისბოლის თამაშს ვადევნებ თვალს, მხოლოდ მსუბუქ ლუდს ვსვამ, რათა ლუდის მსმელთა ატმოსფეროში მოვხვდე. ბოდიშს ვუხდი ლუდის ნამდვილ მოყვარულებს იმედგაცრუებისთვის“, – განაცხადა მილიარდერმა.
დატოვე კომენტარი