ბილაინმა ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე მიიღო პრევენციული ზომები ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. პირველ რიგში კომპანიაში დარწმუნდნენ, რომ არცერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა მაღალი რისკის ქვეყანაში და მოუწოდეს ასეთ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ. შიდა კომუნიკაციის არხებით მოხდა კომპანიის თანამშრომლების ინფორმირება, რომ თუ რომელიმე თანამშრომელი დაბრუნდა მოგზაურობიდან, ან კონტაქტი ჰქონდა სავარაუდო ინფიცირებულთან, ის ვალდებულია დაიცვას 14-დღიანი საკარანტინე/თვითიზოლაციის პერიოდი. ასევე, თანამშრომელი არ შეიძლება გამოცხადდეს სამსახურში, თუ თავს შეუძლოდ გრძნობს ან აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
არსებული რისკის გამო, კომპანიის ინიციატივით მთლიანად გაუქმდა საზღვარგარეთ მივლინებები და თანამშრომლებმა საზღვარგარეთ დაგეგმილი შვებულებები გადადეს.
ვირუსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია და პრევენციის რეკომენდაციები მუდმივად თავსდება ბილაინის შიდა საკომუნიკაციო არხებში. ასევე, თვალსაჩინო ადგილებში გამოკრულია თემატური პოსტერები, რომლებიც აღწერენ მთავარ წესებს – როგორ დავიცვათ თავი და გარემო ინფექციის გავრცელებისგან.
ვირუსის საქართველოში დაფიქსირებისთანავე ბილაინის ოფისები მუშავდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დღეში ორჯერ, ასევე რამდენჯერმე ხდება კარის სახელურებისა და მოაჯირების გაწმენდა, თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია ანტისეპტიკური საშუალება.
პრევენციის მიზნით, ერთი მიმართულების თანამშრომლები ოფისში დადიან მონაცვლეობით და მუშაობენ დისტანციურ რეჟიმში. ბილაინის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურად უზრუნველყოს კომპანიის ყველა თანამშრომლის დისტანციურად მუშაობა.
უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ დროებით დახურა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მდებარე მაღაზიები, რათა დაიცვან ინფიცირებისგან როგორც საკუთარი თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. ყველა სხვა მაღაზიაში, კომპანიის თანამშრომლები სარგებლობენ FFP2 ნიღბებით.
ბილაინის ყველა აბონენტს შეუძლია უფასოდ განახორციელოს ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე.
“ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პირობებში, თითოული მოქალაქის პირადი და სოციალური პასუხისმგებლობაა დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და გაუფრთხილდეს როგორც საკუთარ, ასევე სხვის ჯანმრთელობას. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც სწორედ მაშინ ვლინდება როდესაც ეს არ არის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება. ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების პირველივე დღიდან, ჩვენ ვემზადებით და ვიღებთ საჭირო პრევენციულ ზომებს, ვცდილობთ ინფიცირებისგან დავიცვათ როგორც საკუთარი თანამშრომლები, ასევე აბონენტები. ჩვენი გუნდი იაზრებს პასუხისმგებლობას საზოგადოებისა და კოლეგების წინაშე, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ საკითხს და მიმდინარე მოვლენების შესაბამისად რეაგირებს,“ – ამბობს ბილაინის პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი, ლელა სალაყაია.
დატოვე კომენტარი