ტრადიციული პლატფორმების პოპულარობა, როგორიცაა CD და ვინილი, სტრიმინგსერვისის სასარგებლოდ ყოველწლიურად უფრო მეტად იკლებს, თუმცა ესეც არ უშლის ხელს ადელს, ახალი ალბომით გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწიოს. Billboard-ის ინფორმაციით, ადელის ახალი ნამუშევარი, სახელწოდებით „30“ პირველია, რომელმაც 2021 წელს გაყიდვების ერთმილიონიან ნიშნულს გადააჭარბა.
MRC Data-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გამოსვლის პირველ კვირაში, ადელის ალბომის 692,000 CD, ვინილი და ციფრული ვერსია გაიყიდა, მეორე კვირაში კი გაყიდული ასლების ოდენობამ 225,000-ს მიაღწია. 2020 წლის ოქტომბერში, ტეილორ სვიფტის მიერ გამოშვებული“Folklore“-ის შემდგომ, ადელის „30“ პირველი ალბომია, რომელმაც მილიონიანი გაყიდვების ზღვარი გადალახა. ამის პარალელურად კი ადელის სინგლი, “Easy On Me”, კვლავ Billboard Hot 100-ის ლიდერია და უკვე მეექვსე კვირაა. რეიტინგის პირველობას არ თმობს.
2021 წელს „30“-ის რეკორდული მაჩვენებლის მიუხედავად, ერთი მილიონი გაყიდვით ადელის ახალი ალბომი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მის წინამორბედს, სახელწოდებით „25“-ს, რომლის 3,6 მილიონი ფიზიკური ასლი 2015 წელს, გამოსვლიდან მხოლოდ პირველი კვირის განმავლობაში გაიყიდა. ამერიკის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის განცხადებით, 2021 წლის პირველ ნახევარში შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი, 84% სტრიმინგულ გაყიდვებს ეკავა, ხოლო CD-ისა და ვინილის, ასევე ციფრული ვერსიების გაყიდვებმა, მხოლოდ 10% და 5% შეადგინა.
Billboard-მა ადელის ახალი ალბომი „30“, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად ჯერ კიდევ 19 ნოემბერს, გამოსვლიდან ერთი კვირის შემდგომ დაასახელა. განსაკუთრებული ყურადღება ალბომმა სინგლის “Easy On Me“-ის გამოშვების შემდგომ მიიპყრო, რომელმაც ერთდღიანი სტრიმინგით Spotify-ის რეკორდი მოხსნა. მუსიკალურმა ვიდეომ, გამოსვლიდან პირველ რვა საათში, 15 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ალბომში დამატებით კიდევ 12 სიმღერა და სამი ბონუსტრეკია, რომლებსაც Target-ის ექსკლუზიური CD მოჰყვება.
დატოვე კომენტარი