აშშ-ის პროკურატურის განცხადებით, უმსხვილესი კრიპტოსავაჭრო პლატფორმის, Binance-ის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს, ბრალის აღიარების შემთხვევაში 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ჩანგპენგ ჟაოს ბრალად ფულის გათეთრების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა ედება.
Binance-ის დამფუძნებლის საბოლოო სასამართლო განაჩენი ცნობილი დიდი ალბათობით 30 აპრილს გახდება. ჟაომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა გასული წლის ნოემბერში დატოვა, Binance-მა კი დარღვევებზე ჯარიმის სახით $4.32 მილიარდი გადაიხადა.
აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, Binance-მა 100,000-ზე მეტი საეჭვო ტრანზაქციის შესახებ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინა. აღნიშნული ტრანზაქციები ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან იყო დაკავშირებული, როგორიცაა: „ჰამასი“, „ალ-კაიდა“ და „ისლამური სახელმწიფო (სახალიფო)“. გარდა ამისა, პროკურორების ინფორმაციით, Binance-ის სავაჭრო პლატფორმა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მასალების გაყიდვას „უჭერდა მხარს“. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ Binance-ის გავლით ხდებოდა გამოსასყიდების გადარიცხვა კიბერთაღლითობისას. აშშ-ის პროკურატურის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალი სწორედ ჩანგპენგ ჟაოს, კომპანიის დამფუძნებელს ედება. ამ უკანასკნელმა კომპანიასთან კავშირი გაწყვიტა და დამატებით ჯარიმის სახით $50 მილიონი გადაიხადა.
ცნობისთვის, წარმოშობით ჩინელმა ანტრეპრენიორმა დღეს უკვე მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოსავაჭრო პლატფორმა 2017 წელს დააფუძნა.