ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ „ბიოქიმფარმი“ ბაქტერიოფაგების (ფაგების) ისტორიული საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების პროცესი დაასრულა. ევროკავშირის, EBRD-ის, FAO-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, 17.5 მილიონი ლარის 2-წლიანი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, „ბიოქიმფარმმა“ საწარმო ევროკავშირის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა, რაც ევროკავშირში მიღებული სტანდარტია. ამ გზით, კომპანია, უახლოეს თვეებში, GMP სერტიფიცირებაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„ვულოცავთ „ბიოქიმფარმს“ ახალი საწარმოს გახსნას. ეს კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, ფარმაცევტული პროდუქტები კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) შესაბამისად, ევროკავშირში მიღებული სტანდარტით აწარმოოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს წარმატება სხვა კომპანიებისთვის შთაგონება იქნება, რათა გაზარდონ ცოდნით გაჯერებული, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე წარმოების შექმნა საქართველოში“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, საწარმოში ვიზიტის დროს.
„მოხარულები ვართ, რომ საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს და აგრძელებს იმ ძალიან დიდ ტრადიციებს, რომელიც ქვეყანას ბაქტერიოფაგების წარმოების კუთხით გააჩნია. საქართველო ტექნოლოგიების რუკაზე, მათ შორის, ბიოტექნოლოგიების რუკაზე, ამ საწარმოს მეშვეობით, ამაყად იქნება წარმოდგენილი მომავალში“, – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„ფაგის პრეპარატების წარმოება და ფაგოთერაპია ჯერ კიდევ სიახლეა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. მილიონობით ადამიანს კვლავაც არ აქვს წვდომა ფაგებზე, რის გამოც პაციენტები დაუცველები არიან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ. ამ პროექტით, კომპანია ზრდის საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს, რის შედეგადაც, ფაგები ხელმისაწვდომი გახდება მილიონობით პაციენტისთვის, მთელს მსოფლიოში. საწარმოს მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საწარმოო ხაზების მოდერნიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიას, გააფართოოს წარმოება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, გახდეს უფრო ეფექტიანი რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაძლიოს ანტიბიოტიკორეზისტენტობის გლობალური საფრთხე”, – აღნიშნა „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა.
„ბიოქიმფარმი“ საქართველოში დაფუძნებული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ბაქტერიოფაგის (ფაგების) პრეპარატებს აწარმოებს. ამჟამად, ფაგის მედიკამენტები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა მსოფლიო მასშტაბით. „ბიოქიმფარმი“ ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს, ასაქმებს 60-ზე მეტ ადამიანს, ფლობს 2 საერთაშორისო პატენტსა და ფაგების კვლევა-განვითარებისა და წარმოების თითქმის 100-წლიან გამოცდილებას.
„ბიოქიმფარმის“ მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს. ის პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს, ასევე წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმო ასევე უზრუნველყოფს მედიკამენტების პირველად და მეორეულ შეფუთვას.
აქვე გეტყვით, რომ „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი, რატი ღოლიჯაშვილი Forbes 30under30-ის 2020 წლის გამარჯვებულია კატეგორიაში – მეცნიერება.
დატოვე კომენტარი