Birkenstock-ის გეგმით, IPO-ზე კომპანიის შეფასება $9.2 მილიარდს მიაღწევს

Birkenstock-ის გეგმით, IPO-ზე კომპანიის შეფასება $9.2 მილიარდს მიაღწევს

ფეხსაცმლის გერმანული მწარმოებელი Birkenstock-ი პირველად საჯარო შეთავაზებაზე კომპანიის აქციების $44-$49-ად განთავსებას გეგმავს. Birkenstock-ი აქციებით ვაჭრობას, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, მომავალი კვირის ოთხშაბათიდან დაიწყებს. Birkenstock-ი აქციების სამიზნე ფასით $1.58 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, რაც გერმანული კომპანიის შეფასებას $9.2 მილიარდამდე გაზრდის და მას, ბოლო ორ წელში, ხუთ უმსხვილეს IPO-ს შორის აქცევს.

როგორც ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში შეტანილი განცხადებით ირკვევა, Birkenstock-ის დირექტორთა საბჭოს წევრის კანდიდატურაზე წარადგინეს LVMH-ის მილიარდერი თავმჯდომარის, ბერნარ არნოს 31 წლის ვაჟი, ალექნსანდრ არნო. გარდა ამისა, Financière Agache-მა, არნოს საოჯახო ოფისმა, რომელიც 2021 წელს კომპანიის უმსხვილესი აქციონერი გახდა, IPO-ზე გასვლის შემდეგ Birkenstock-ის $325 მილიონის ღირებულების აქციების შესყიდვაზე გამოთქვა ინტერესი.

Birkenstock-ი სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ მეოთხე მსხვილი კომპანია გახდება, რომელიც აშშ-ში აქციების პირველად საჯარო შეთავაზებას გააკეთებს. აქციები IPO-ზე უკვე წარადგინა ჩიპების ბრიტანულმა მწარმოებელმა Arm-მა, სასურსათო მიწოდების სერვისმა Instacart-მა და მარკეტინგული ავტომატიზაციის ფირმა Klaviyo-მ. ვაჭრობის პირველ კვირაში კომპანიებმა განსხვავებული შედეგები აჩვენეს, მაგალითად Arm-ის აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა, Klaviyo-ს – 15%-ით, ხოლო Instacart-ის აქციების ფასი პირიქით, 1%-ით დავარდა.

2021 წელს, არნოს მიერ Birkenstock-ის შეძენამ გერმანული ფეხსაცმლის მწარმოებელი $4.87 მილიარდად შეაფასა. არნოები ევროპის უმდიდრესი ოჯახია. LVMH-ის თავმჯდომარის ბერნარ არნოს ქონება ამერიკული Forbes-ის შეფასებით $187 მილიარდს უტოლდება, რაც მას მსოფლიოში მეორე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.