ფეხსაცმლის გერმანულმა მწარმოებელმა Birkenstock-მა აქციების პირველად საჯარო განთავსებაზე მოთხოვნა წარადგინა. კომპანიის მიერვე გავრცელებული განცხადებით, აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, BIRK-ის სიმბოლოს ქვეშ დაილისტება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობი რჩება აქციების ფასი და გაყიდვის პირობები.
Birkenstock-ი ორი წლის წინ Louis Vuitton Moët Hennessy-ის მიერ მხარდაჭერილმა კერძო საინვესტიციო ფირმა L Catterton-მა შეიძინა. გარიგების შედეგად, გერმანული კომპანია $4.3 მილიარდად შეფასდა. Bloomberg-ის პროგნოზით, კომპანიის IPO-ს ღირებულებამ შესაძლოა $8 მილიარდს გადააჭარბოს. IPO-ს ერთობლივი ანდერაიტერები Goldman Sachs Group-ი, JPMorgan Chase და Morgan Stanley არიან.
Birkenstock-ის შემოსავალმა 2022 წელს $1.3 მილიარდს მიაღწია, რაც 2018 წლის შემდეგ 18%-იან ზრდას შეადგენს. კომპანიის განცხადებით, ფეხსაცმელების გლობალური ბაზარი „დიდი და ფრაგმენტულია“, რისი დასტურიც, Euromonitor-ის მონაცემებით, გასულ წელს სექტორის მიერ საცალო გაყიდვებში გამომუშავებული $365 მილიარდია.
ცნობისთვის, 2021 წელს Birkenstock-ის უმსხვილესი აქციონერი L Catterton-ი გახდა. კერძო საინვესტიციო ფირმას LVMH-ი უჭერს მხარს, რომელიც თავის მხრივ მოდისა და კოსმეტიკის 75 ბრენდს ფლობს. გარდა ამისა, LVMH-ი პირველი ევროპული კომპანიაა, რომლის ღირებულებამაც $500 მილიარდს მიაღწია.
LVMH-ის მფლობელი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნოა. Forbes-ის შეფასებით, არნოს ქონება ამჟამად $195.2 მილიარდს შეადგენს.