Bitcoin-ი ინვესტორთა ახალი სატრფოა. 2020-ის მაისის შემდეგ მან $5,000-დან, სულ მცირე, $40,000-მდე იხტუნა, მერე კი კვლავ შეაჩერა ზრდა. ფანების პროგნოზით, ის აღზევებას გააგრძელებს და $100,000-ს ან უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს.
მაგრამ ეს Bitcoin-ს დოლარის ალტერნატივად ჯერჯერობით არ აქცევს.
ხალხი მას იმიტომ ეწაფება, რომ სახელმწიფო ვალუტების რწმენა არა აქვს. ფედერალური რეზერვი და სხვა ცენტრალური ბანკები საპროცენტო განაკვეთთა კოლაფსს ქმნიან და წარმოუდგენელი ოდენობით ფულს ბეჭდავენ, კოვიდის გამო შემოღებული შემწეობები რომ დააფინანსონ და დაზარალებული ეკონომიკების სტიმულირება მოახდინონ.
Bitcoin-ი და სხვა კრიპტოვალუტები დღეს მაღალი რეპუტაციის საინვესტიციო კატეგორიადაა მიჩნეული, ფინანსური ინსტიტუტები კი Bitcoin-ს საკუთარ პორტფოლიოებში ამატებენ. ენთუზიასტთა თქმით, Bitcoin-ი ახალი ოქროა და, რაღაც მომენტში, ის დოლარს ჩაანაცვლებს.
მაგრამ ეს არცთუ მალე მოხდება!
რაც უნდა იყოს Bitcoin-ი, ის ფული არ არის.
ჩვენ ფულს პროდუქტებისა და სერვისების საყიდლად ვიყენებთ. დოლარი, მაგალითად, ერთგვარი საგარანტიო ქვითარია მანქანისთვის, პალტოსთვის ან ბილეთი ღონისძიებაზე… უბრალოდ, დოლარის შემთხვევაში, ის ნებისმიერი რამის ყიდვისა თუ გაყიდვისთვის შეიძლება, გამოვიყენოთ.
ფული ყველაზე კარგად მაშინ მუშაობს, როცა სტაბილური ღირებულება აქვს. მართალია, ბევრი ისტორია გვესმის მოვაჭრეებზე, რომლებიც მზად არიან, ისეთი კრიპტოვალუტა აიღონ, როგორიც Bitcoin-ია, ეს კრიპტოვალუტები უჩვეულობებად მანამდე დარჩება, სანამ მათი ღირებულება სტაბილურობას შეიძენს.
კონტრაქტები ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, იქნება ეს სახლის იპოთეკით შეძენა, მანქანის ქირაობა, დაზღვევის ყიდვა თუ ნებისმიერი სხვა უთვალავი აქტივობა. რომელი სრულ ჭკუაზე მყოფი მოაწერს გრძელვადიან კონტრაქტს ხელს Bitcoin-ის საფუძველზე? 2020-ის მარტში $250,000-ის იპოთეკა Bitcoin-ში რომ აგეღოთ, თქვენი ბანკის ვალი ახლა თითქმის $2 მილიონი იქნებოდა.
მოკლედ, Bitcoin-ი დღეს სტეიკია, ხვალ ძაღლის საკვები იქნება, ზეგ კი ხიზილალა.
Bitcoin-ის კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ მისი ფიქსირებული მარაგი არსებობს მხოლოდ. და ამ არსებული რაოდენობის გაზრდა ვერ მოხდება. ფულის მარაგი კი უნდა იზრდებოდეს, მზარდი ეკონომიკის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება რომ შეძლოს.
1775-დან 1900 წლამდე პერიოდში, როცა აშშ მარტივი, სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებული ეკონომიკიდან მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ინდუსტრიულ სახელმწიფოდ იქცა, დოლარის მარაგი 160-ჯერ გაიზრდა.
კრიპტოვალუტებმა სერიოზული გამოწვევა რომ მოუწყონ არსებულ ვალუტებს, მათი გამოყენება ისეთივე იოლი უნდა იყოს, როგორიც ფულის ხმარებაა დღეს, და ფიქსირებული ღირებულება უნდა ჰქონდეთ – ოქროზე ან რაღაც ისეთზე უნდა იყვნენ მიბმულნი, როგორიც, მაგალითად, შვეიცარიული ფრანკია; მხოლოდ ასე გახდება შესაძლებელი მათი კონტრაქტებისთვის გამოყენება. თუ ეს ორივე პირობა არ იქნა დაცული, ისინი დოლარისა და სახელმწიფოს მიერ წარმოებული სხვა ფულის ჭეშმარიტ ალტერნატივებად ვერ ჩაითვლებიან.
ახლა, როცა ფედერალური რეზერვი სისულელეებს აკეთებს და არაფრისგან ჭარბ ფულს ქმნის, ვაშინგტონის მასიური პროგრამები რომ დააფინანსოს კორონავირუსის შემწეობათა მიმართულებით (და, დიდი ალბათობით, სხვა დიდ ხარჯვასაც უნდა ველოდოთ), კომერციულად გამოყენებადი კრიპტო თავის გზას ნახავს, მაგრამ ეს კრიპტო Bitcoin-ი არ იქნება, რადგან მისი მარაგი დისკრეციულად შეზღუდულია.
შვეიცარიული ფრანკის მარაგი უშველებელია, იმიტომ რომ გლობალური ბაზრები მას საიმედო ვალუტად თვლიან: ბოლო 100 წელიწადში ფრანკმა თავისი მსყიდველუნარიანობა უკეთესად შეინარჩუნა, ვიდრე ეს მსოფლიოს სხვა ვალუტებმა შეძლეს.
დატოვე კომენტარი