შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანოების მიერ ბიტკოინის ETF-ის ნებართვის მოლოდინით, კრიპტოვალუტის ღირებულებამ 6 თვის შემდეგ 60 000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა. ცნობისათვის, ETF ანუ Exchange Traded Funds-ი,მარტივად რომ განვმარტოთ, წარმოადგენს აქციას, რომელიც ბიტკოინის ფასის მოძრაობას იმეორებს. მარეგულირებლების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი ბიტკოინის ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა და გამყარება დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება ციფრულ აქტივებში უფრო ფართო ინვესტირების გზებს აჩენს.
შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ბოლო ფასმა 60 000 აშშ დოლარს აპრილის შუა რიცხვებში გადააჭარბა და მაშინ მისი მაქსიმუმი – 64 895 აშშ დოლარი დაფიქსირდა. გასული კვირის მოვლენათა განვითარების შემდეგ კრიპტოვალუტა კიდევ ერთხელ მიიწევს რეკორდული ღირებულების გამეორებისაკენ. ამ ყველაფერს კი ხელს შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებაც უწყობს, რასაც ინდივიდუალური ინვესტორები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ.
ბიტკოინის EFT-ის გაშვების სურვილი რამდენიმე საფონდო მენეჯერულმა კომპანიამ, VanEck Bitcoin Trust-მა, ProShares-მა, Invesco-მ, Valkyrie-მ და Galaxy Digital Funds-მა გამოთქვა. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიტკოინის EFT-ის გაშვება ყველასათვის მოგებიანი ნაბიჯია.
საინტერესოა ისიც, რომ ბიტკოინის ფასის საგრძნობლად ზრდით მნიშვნელოვნად იხეირეს ისეთმა კომპანიებმა და პირებმა, რომელთაც კრიპტოვალუტას ნდობა დიდი ხნის წინ გამოუცხადეს. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება კი ამერიკელი მილიარდერი, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკია.
დატოვე კომენტარი