საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-ის „კრიპტოსიმდიდრის ანგარიშით“, გლობალურად, კრიპტოს მომხმარებელთა რაოდენობა 425 მილიონს აღწევს. CFA-ს ინსტიტუტისა და ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანოს მოხსენების თანახმად, კრიპტოში ინვესტიცია თაობა Z-ის ნახევარზე მეტმა ჩადო.
მიუხედავად ამისა, Pew Research-ის აპრილის ანგარიშით, ამერიკელების 75% კრიპტოვალუტით ვაჭრობასა და მასში ინვესტიციას ამჟამად საფრთხის შემცველად მიიჩნევს. გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ ინვესტიციებმა მათ იმედი არ გაუმართლა, შედეგებმა კი მოლოდინს მხოლოდ 15%-ის შემთხვევაში გადააჭარბა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ახლა მილიონობით და მილიარდობით ღირებულების კრიპტოვალუტასაც კი ფლობენ.
Henley & Partners-ის მონაცემებით, დაახლოებით 88,200 ადამიანი, მომხმარებელთა 1%, ფლობს კრიპტოაქტივებს, რომელთა ღირებულებაც $1 მილიონს აღემატება. მათ 46%-ს ანუ 40,5000 ადამიანს, ინვესტიცია ბიტკოინში აქვს. გაცილებით ნაკლები ადამიანია ე.წ. „ცენტიმილიონერი“, რომელთა კრიპტოჰოლდინგი $100 მილიონს აჭარბებს. ასეთი მხოლოდ 182 ინვესტორია, მათგან 78 კი არჩევანს ბიტკოინზე აკეთებს.
რაც შეეხება $1 მილიარდზე მეტი ღირებულების კრიპტოპორტფელს, მას სულ 22 ადამიანი ფლობს, თუმცა მათგან ინვესტიციას ბიტკოინში მხოლოდ ექვსი პირი ახორციელებს – პროცენტულად გაცილებით ნაკლები, ვიდრე კრიპტომილიონერებისა და „ცენტიმილიონერების“ შემთხვევაში. შედარებისთვის კი Henley & Partners-ის მოხსენების გამოქვეყნების დროისთვის კრიპტობაზრის მთლიანი ღირებულება $1.18 ტრილიონს უტოლდებოდა.