მაშინ როდესაც სამყარო განახლებად ენერგიაზე გადასვლას ჩქარობს, ბიტკოინის მაინერები წელიწადში დაახლოებით 348 ტერავატ/საათ ელექტროენერგიას მოიხმარენ. იმის დასადგენად, თუ საიდან იღებენ ბიტკოინები ენერგიას, Visual Capitalist-მა კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრისა და კლიმატზე ორიენტირებული ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის მონაცემები გამოიყენა.
ჰეშრეიტის (გამოთვლითი სიმძლავრის საზომი) მიხედვით, ბიტკოინის მაინინგის ტოპ-10 ქვეყანა მთლიანი ქსელის 93.8%-ს წარმოადგენს. მათგან სამეულში არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ყაზახეთი. კოლექტიურად პირველმა სამმა ქვეყანამ, 2021 წლის ბოლოს, ქსელის თითქმის სამი მეოთხედი შეადგინა.
ერთ დროს ჩინეთი ბიტკოინის მაინინგის მიხედვით წამყვანი სახელმწიფო იყო, 75%-ით, თუმცა ზეწოლის შედეგად, ჩინეთის მაჩვენებელი 2021 წლის ზაფხულისთვის, რამდენიმე თვეში ნულამდე დაეცა.
ამის შემდეგ ბიტკოინის მაინერთა დიდმა ნაწილმა ყაზახეთი აირჩია მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იაფი ელექტროენერგიის, გამარტივებული რეგულაციებისა და „სტაბილური“ პოლიტიკური კლიმატის გამო, ნაწილმა კი არჩევანი ამერიკის შეერთებულ შტატებზე შეაჩერა.
ბიტკოინის მოპოვების მიხედვით, ტოპ-10-ის ბოლოში არიან ირლანდია, სინგაპური და ტაილანდი, რომლებიც ერთად, ქსელის 4.9%-ს წარმოადგენენ. გერმანიის მსგავსად, მონაცემებში ირლანდიის წილი რეალურთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რადგან მაინერები, ნამდვილი ლოკაციის დასაფარად, ხშირად სწორედ ამ ტერიტორიებს იყენებენ.
ეროვნულ დონეზე, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და ყაზახეთის განახლებადი ენერგიის წილები, შესაბამისად, 22.5%, 30.2% და 11.3%-ია. კონტექსტში, განახლებადი ენერგიის წყაროები, მსოფლიოში, 2022 წელს ელექტროენერგიის წარმოების 30%-ს შეადგენს (ატომური ენერგიის გამოკლებით).
ყაზახეთის განახლებადი ენერგიის დაბალი წილი ქვეყნის ქვანახშირზე დამოკიდებულებითაა (60%) გამოწვეული – ქვანახშირი აზიის ქვეყნისთვის წამყვანი საექსპორტო საქონელია. ამავდროულად, ქვანახშირი ჩინეთისთვისაც ელექტროენერგიაში ანალოგიურ წილს იკავებს (61%), თუმცა მისი განახლებადი ენერგიის საერთო წილი უფრო მაღალია ქარისა და მზის ენერგიის წარმოების განვითარების ხარჯზე.
ბიტკოინის მოპოვების მიხედვით ტოპ-10 ქვეყანა:
- ამერიკის შეერთებული შტატები – 37.8% (ჰეშრეიტი); 22.5% (განახლებადი ელექტროენერგია)
- ჩინეთი – 21.1% (ჰეშრეიტი); 30.2% (განახლებადი)
- ყაზახეთი – 13.2% (ჰეშრეიტი); 11.3% (განახლებადი)
- კანადა – 6.5% (ჰეშრეიტი); 69.7% (განახლებადი)
- რუსეთი – 4.7% (ჰეშრეიტი); 18.5% (განახლებადი)
- გერმანია – 3.1% (ჰეშრეიტი); 43.0% (განახლებადი)
- მალაიზია – 2.5% (ჰეშრეიტი); 19.1% (განახლებადი)
- ირლანდია – 2.0% (ჰეშრეიტი); 38.6% (განახლებადი)
- სინგაპური – 2.0% (ჰეშრეიტი); 2.4% (განახლებადი)
- ტაილანდი – 1.0% (ჰეშრეიტი); 15.5% (განახლებადი)
- დანარჩენი სამყარო – 6.3% (ჰეშრეიტი); 30.1% (განახლებადი)