მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი იზრდება. ერთი კვირის განმავლობაში ზრდა თითქმის 9%-ს შეადგენს და ამ წუთისთვის ღირებულება 26 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი, 48,121 დოლარია.
საინტერესოა, გადალახავს თუ არა ბიტკოინი 50,000-დოლარიან ზღვარს – ეს 2021 წლის დეკემბრის შემდეგ არ მომხდარა.
ბიტკოინთან ერთად იზრდება სხვა კრიპტოვალუტების ფასებიც. მაგალითისთვის, თებერვლის დასაწყისიდან დღემდე, საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი ციფრული ვალუტის, ეთერიუმის ღირებულება 10%-ითაა გაზრდილი და 2,500-დოლარიან ნიშნულთან ახლოსაა.
ფასის მატებას ETF-ით ვაჭრობის შედეგად კაპიტალის ზრდა განაპირობებს.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელმა (SEC) ბიტკოინის პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდები იანვრის დასაწყისში (ETF) დაამტკიცა, ეს კი შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს როგორც მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტისთვის, ისე მთლიანი ინდუსტრიისთვის.
ETF-ი ინვესტორებს შესაძლებლობას მისცემს, ბიტკოინში ინვესტიცია ისე განახორციელონ, რომ ამ არასტაბილურ ვალუტას პირდაპირ არ ფლობდნენ. მოსალოდნელია, რომ გაცვლითი სავაჭრო ფონდები კრიპტოვალუტაზე მოთხოვნასაც გაზრდის, რაც, თავის მხრივ, ფასზეც აისახება.
ცნობისთვის, ETF-ი საინვესტიციო ფასიანი ქაღალდის ტიპია და, როგორც წესი, კონკრეტულ სექტორს, საქონელს ან აქტივს მოჰყვება. რაც მთავარია, აქციების მსგავსად, მისით საფონდო ბირჟაზე ვაჭრობაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ფასების თითქმის 2-წლიანი დაღმასვლისა და 16,000 დოლარამდე ჩამოსვლის შემდეგ, რაც რამდენიმე მსხვილი კრიპტობირჟის გაკოტრებამ გამოიწვია, ბიტკოინის ფასი თანდათან საგრძნობლად გაიზარდა.
2023 წელს კრიპტოვალუტის ღირებულება თითქმის 170%-ით გაიზარდა, თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმზე, 65,000 დოლარზე.