ბიტკოინის ფასი 30,000 აშშ დოლარს კვლავ ჩამოსცდა

ბიტკოინის ფასი 30,000 აშშ დოლარს კვლავ ჩამოსცდა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 30,000 ამერიკულ დოლარს პირველად ჩამოსცდა. ყველაზე დიდი ციფრული ვალუტის ფასი სამშაბათს 3.6%-ით შემცირდა და 29,667 აშშ დოლარი შეადგინა. ბიტკოინის მსგავსად შემცირდა სხვა კრიპტოვალუტების  ფასებიც. სიდიდით მეორე კრიპტომონეტის, ეთერიუმის, გრაფიკმაც ბიტკოინის მსგავსი დაღმასვლა განიცადა. ზემოთ აღნიშნული კრიპტოვალუტების  დიაგრამები თითქმის მუდმივად მსგავს ტენდენციებს იმეორებს.

კრიპტოვალუტით მოვაჭრეთა ნაწილს მიაჩნდა, რომ ბიტკოინის ფასის შემცირება ინვესტორებში არსებულ შიშს კიდევ უფრო გაამძაფრებდა და ბიტკოინის ფასიც მეტად დაეცემოდა. ეს კი გავლენას საფონდო ბირჟასა და კომპანიათა აქციების ფასებზეც მოახდენდა. თუმცა, სამშაბათის ჩავარდნის შემდეგ, ბიტკოინის ფასი კვლავ გაიზარდა და 30 000 აშშ დოლარს გადასცდა. საფონდო ბირჟაზე არსებულ შოკს სფეროს ექსპერტები კოვიდვირუსის  „დელტა“ ვარიანტს უკავშირებენ. ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის მატება ინდივიდუალურ ინვესტორებს მომავლის შესახებ პესიმისტურ წარმოდგენებს უქმნის, შესაბამისად, ბაზარიც არასტაბილურად ფუნქციონირებს.

თუმცა, გარდა ამ ფაქტორებისა, ბიტკოინის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მასზე ჩინეთის მთავრობის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა. საინტერესოა ისიც, რომ მსოფლიო მასშტაბით მრავალმა ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო ციფრულ ვალუტაზე მუშაობა, რაც ასევე საფრთხეს უქმნის კერძო კრიპტომონეტების სტაბილურობას.

მთავრობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ დეცენტრალიზებული ფინანსების რეგულირებაზე მათგან მომავალი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად. შეერთებული შტატების სახაზინო მდივნის, ჯანეტ იელენის განცხადებით, მონეტების მონიტორინგისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივებია საჭირო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *