ილონ მასკის ორშაბათს გაკეთებულმა განცხადებამ ციფრული ვალუტის მაინერებთან დაწყებული მოლაპარაკების შესახებ, ბიტკოინის ფასის დასტაბილურება გამოიწვია. აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ კრიპტოვალუტის საბაზრო ფასმა 4%-ით მოიმატა და $39,824.81-ს მიაღწია. რამდენიმე საათის შემდეგ კი კვლავ დასტაბილურდა.
ცნობისთვის, მასკმა ტვიტერზე განაცხადა, რომ ის ბიტკოინის მაინერებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ციფრული ვალუტის გამომუშავებისას გარემოზე ზემოქმედების შემცირებისა და ელექტროენერგიის გამოყენების უფრო მდგრადი მოდელის შემუშავების თაობაზე.
მასკის ტვიტს გამოეხმაურა Microstrategy-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ სეილორი, რომელმაც დაადასტურა „ტესლას“ CEO-ს ტვიტის შინაარსი. სეილორის თქმით, სწორედ მან უმასპინძლა მასკისა და ბიტკოინის რამდენიმე მაინერის შეხვედრას, რაც ბიტკოინის მაინინგის საბჭოს ფორმირებით დასრულდა. სეილორის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კრიპტოვალუტის მდგრადობას შეუწყობს ხელს.
საგულისხმოა, რომ ბიტკოინის მოპოვება დიდი რაოდენობით ენერგიას მოითხოვს. Digiconomist-ის თანახმად, ბიტკოინის მოპოვებისას გამოყოფილი ნახშირბადის გავლენა გარემოზე ისეთივეა, როგორიც მთელი ახალი ზელანდიის მიერ გამოყოფილი ნახშირბადის გავლენა – საუბარია ყოველწლიურად 36.95 მეგატონა CO2-ზე.
ილონ მასკი კრიპტოვალუტით დაინტერესებას აქტიურად გამოხატავს. გასული წლის განმავლობაში ციფრულ ვალუტებთან, მათ შორის ბიტკოინთან დაკავშირებული მისი ტვიტები და კომენტარები კრიპტოვალუტების ფასების ზრდის ან ვარდნის წინაპირობა ხშირად გამხდარა. აღსანიშნავია, რომ მასკის დამოკიდებულება ციფრული ვალუტებისადმი მიმდინარე თვის დასაწყისში შეიცვალა — 2021 წლის 12 მაისს მან Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ „ტესლამ“ შეაჩერა ბიტკოინის საშუალებით ავტომობილების შესყიდვები, აღნიშნული კრიპტოვალუტების გამომუშავების პროცესში გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების გამო.
დატოვე კომენტარი