ოთხი წლის წინ, კრიპტოვალუტის სტარტაპმა, Coinbase-მა, მოძრაობის ანტიისტებლიშმენტურ სულისკვეთებას ზურგი აქცია. შედეგად, $500-მილიონიანი ღირებულება და მულტინაციონალური ბანკებისა და ვენჩურული კაპიტალისტების კეთილგანწყობა მოიპოვა.
სახელმწიფოს მიერ 2013 წლის 18 მარტს გაკეთებულმა განცხადებამ სახტად დატოვა Coinbase-ი – სან-ფრანცისკოში მდებარე ორკაციანი სტარტაპი, რომლის cloud-ზე დაფუძნებულ ბიტკოინების ყიდვის, შენახვისა და დახარჯვის “ყულაბას” 30,000 მომხმარებელი მოეზიდა.
ამ დღეს აშშ-ის ფინანსური დანაშაულის სააღსრულებლო ქსელმა (FinCEN) „განმარტებითი უწყება“ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბიტკოინის მსგავსი ვირტუალური ვალუტების მმართველები და გადამცვლელები „ფულის გადამცემებად“ უნდა მიჩნეულიყვნენ. მათ მოუწევდათ, დამორჩილებოდნენ საშტატო ლიცენზირების, ფედერალური რეგისტრაციისა და „ბანკის საიდუმლოების აქტის“ რეგულაციებს, რომელთა მიზანი გახლდათ ფედერალური ჩინოვნიკების დახმარება ფულის გათეთრების, გადასახადებთან დაკავშირებული თაღლითობებისა და სხვა დანაშაულების აღმოჩენის საქმეში.
Coinbase-ის პრეზიდენტმა, ფრედ ერსამმა, მაშინვე კომპანიის იურისტს დაურეკა. „მან თქვა, რომ ‘ეს [მხოლოდ და მხოლოდ] უწყებაა, თქვენ კი პატარა კომპანია ხართ და დამორჩილება დიდი თავის ტკივილი იქნება. ბევრ დროსა და ფულს წაგართმევთ’, იხსენებს ერსამი. – გვირჩია, კარგად დაგვესაბუთებინა, რატომ არ უნდა შეგვხებოდა ჩვენ ეს [რეგისტრაცია], რომ დროებით მაინც აგვერიდებინა ის თავიდან“.
იმ ღამეს ერსამმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა, ისაუბრეს და სიმართლეს თვალი გაუსწორეს. შეთანხმდნენ, რომ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ბრენდისთვის არასწორი იქნებოდა. მართალია, ბიტკოინი ტექნოლოგიების მოყვარული ლიბერტარიანელების რჩეული გახლდათ, მაგრამ ამ ვალუტის რეპუტაცია ჰაკერებს, პონცის სქემებსა და Silk Road-ის ნარკოტიკების კრიპტობაზარს შეელახა. Coinbase-ს კი უნდოდა, თავი კრიპტოვალუტის გამოყენების მარტივ, უსაფრთხო და კანონიერ საშუალებად წარმოეჩინა უფრო ფართო საზოგადოებაში.
პარტნიორებმა იმ კვირაში ძველი იურისტი დაითხოვეს და ახალი დაიქირავეს. ე.წ. ანგელოზი ინვესტორების წყალობით, $600,000-ს უკვე განკარგავდნენ და ახლა Series A რაუნდის დაფინანსების მოზიდვას ცდილობდნენ. დარეგისტრირების გადაწყვეტილება რომ მიეღოთ, Coinbase-ის ხარჯები მილიონობით დოლარით გაიზრდებოდა, მაგრამ ამავე დროს ის მომხმარებლისთვისაც უფრო მიმზიდველი გახდებოდა. იმხანად ყველაზე ცნობილი ვენჩურული კაპიტალისტი, რომელმაც ბიტკოინისადმი ინტერესი საჯაროდ გამოხატა, Union Square Ventures-ის პარტნიორი, ფრედ უილსონი, იყო. როცა ერსამმა და არმსტრონგმა USV-ს თავიანთი კომპანია წარუდგინეს, უილსონმა მათ პრაქტიკულად დაკითხვა მოუწყო – როგორი მიდგომა გაქვთ რეგულაციებთანო. Coinbase-ის დამთმობი მიდგომის წყალობით შეთანხმება შედგა.
2013 წლის მაისში USV Coinbase-ისთვის A რაუნდის $6.1-მილიონიან ფანდრაიზინგს გაუძღვა. ნოემბერში კომპანიამ ჰაკერებისა და ქურდებისგან დასაცავად დაზღვევაც მოიპოვა (შუამავლობა Aon-მა გაუწია). დეკემბერში კი Andreessen Horowitz-ი გაუძღვა B რაუნდის $25-მილიონიან სერიას; იმ დროს ბიტკოინის ფირმას ამხელა ვენჩურული ინვესტიცია არც კი ენახა.
დღეს 33 წლის არმსტრონგსა და 28 წლის ერსამს 117 თანამშრომელი ჰყავთ და კრიპტოვალუტის ისტებლიშმენტის საყრდენს წარმოადგენენ. ბიტკოინისა და კიდევ უფრო ახალი კრიპტოვალუტის, ეთერის, საყიდლად, შესანახად და დასახარჯად Coinbase-ის ყულაბას 33 ქვეყნის 4.8 მილიონი მომხმარებელი იყენებს. კლიენტები ყულაბას თავიანთი ბანკის ანგარიშთან აკავშირებენ და სახელმწიფო ვალუტიდან/ვალუტაში გადასაყვანად Coinbase-ის საკომისიოს – აშშ-ის ანგარიშთა მფლობელებისთვის 1.49%-ს – იხდიან.
Coinbase-ის ახალი ბიზნესი, Global Digital Asset Exchange-ი (GDAX), ამერიკის 47 შტატის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ევროზონის, სინგაპურისა და ავსტრალიის მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ვალუტები პირდაპირ გადაცვალონ – ან ყიდვისა და გაყიდვის ღილაკებზე ხელის დაჭერით, ან კი ალგორითმული ვაჭრობისთვის ბოტების შექმნის გზით.
Coinbase-ი თავის კომპიუტერებზე მსოფლიოს ბიტკოინების 6%-ს – ანუ დაახლოებით $6 მილიონს – ინახავს. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფულის ასაღებად საჭირო დაშიფვრის ერთადერთი გასაღები ან შეინახონ, ან Coinbase-ს გაუზიარონ – ეს მათ გასაღების დაკარგვისგან იცავს, თუმცა ლიბერტარიანელების გაღიზიანებას იწვევს.
ინვესტორებმა Coinbase-ის ინფრასტრუქტურისა და კონტროლის მექანიზმების შექმნაში $117 მილიონი ჩაღვარეს. 2015 წლის იანვარში Draper Fisher Jurvetson-მა $75-მილიონიან რაუნდს უხელმძღვანელა, რომელშიც ისეთი ინვესტორები მონაწილეობდნენ, როგორიც არიან ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა, დამზღვევი USAA და ესპანური საბანკო ჯგუფი BBVA-ს. Coinbase-ის ბოლო დაფინანსების რაუნდმა ($10.5 მილიონი ივლისში) კომპანია $500 მილიონად შეაფასა და ფული იაპონიის უმსხვილესი ბანკიდან, Bank of Tokyo-Mitsubishi UFJ-დან, მოიზიდა (Coinbase-ი იაპონიაში შესვლას მხოლოდ შემდეგ წელს აპირებდა).
Coinbase-ი ახლა უკვე ისტებლიშმენტის წევრი და „ბანკის საიდუმლოების აქტის“ რეგულაციათა მკაცრი აღმასრულებელია, არადა, ამ ინდუსტრიის მამოძრავებლები ის ხალხია, ვინც ბიტკოინს იმიტომ აფასებს, რომ მას კონფიდენციალურობის დაცვისა და სახელმწიფოსთვის ცხვირის აბზუების საშუალებად აღიქვამს. თუ კომპანია რომელიმე ყულაბაში საეჭვო ტრანზაქციას დაინახავს, მას შეუძლია, მომხმარებელს ახსნა-განმარტება მოსთხოვოს და შეაჩეროს ან დახუროს ანგარიში.
რა გასაკვირია, რომ Reddit-ის მომხმარებლები კომპანიას „დიდი ძმის” მსგავს საქციელში, „აშშ-ის მთავრობის ჯაშუშობასა“ და „გესტაპოს“ ტაქტიკების გამოყენებაში ადანაშაულებენ. Coinbase-ის ერთ-ერთმა უკმაყოფილო კლიენტმა დაწერა: „მგონი, დაავიწყდათ, საერთოდ რატომ დავიწყეთ ბიტკოინის გამოყენება. რომ მნდომებოდა, ვინმეს ყოველი ტრანზაქციის შესახებ დავეკითხე, საგადასახადო სამსახურისგან აუდიტს ვითხოვდი“.
არმსტრონგსა და ერსამს ბიტკოინი თავიდანვე ისეთ ღია სისტემის ბაზად წარმოედგინათ, რომელსაც გადახდები სწრაფი, იაფი და საერთაშორისო უნდა გაეხადა და ამით არა სახელმწიფოებისთვის, არამედ ფინანსური ინდუსტრიისთვის გამოეთხარა ძირი. დროთა განმავლობაში ეს ხედვა უფრო განვითარდა. კრიპტოვალუტა ისეთი სისწრაფით არ გავრცელებულა, როგორც ელოდნენ, მაგრამ მისი გამოყენება გადახდებს უკვე სცდება: მაგალითად, მისი მეშვეობით იმ ე.წ. გაზიარებული ქსელების სახალხო დაფინანსებაა შესაძლებელი, რომლებიც ინახავს ფაილებს ან წინასწარმეტყველებს ისეთი მოვლენების შედეგებს, როგორიც, მაგალითად, ბეისბოლის ჩემპიონატია.
არმსტრონგი სან-ხოსეში (კალიფორნია) გაიზარდა. მამამისი Lawrence Livermore National Lab-ის ეკოლოგიური ინჟინერი იყო, დედა კი ჯერ მათემატიკას ასწავლიდა, ხოლო მერე IBM-ში დაიწყო მუშაობა. არმსტრონგი ოჯახის ანტრეპრენიორი გამოდგა. სკოლის პერიოდში თავის გარაჟში ვებგვერდებს აწყობდა, Rice University-ში ეკონომიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სწავლისას კი რეპეტიტორების მოძიების წარმატებული სერვისი, UniversityTutor.com-ი, შექმნა და სწორედ მაშინ მიხვდა, რამდენად რთული იყო ონლაინგადახდების მიღება და განხორციელება.
კომპიუტერულ მეცნიერებაში მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ არმსტრონგი ჯერ კონსულტანტად მუშაობდა, შემდეგ ცოტა ხანს არგენტინაში იცხოვრა, ბოლოს კი Airbnb-ში (სან-ფრანცისკოში) პროგრამულ ინჟინრად დაიწყო მუშაობა. აქ უკვე კარგად გაეცნო საერთაშორისო ფულად გადარიცხვებთან დაკავშირებულ პრობლემებს: დაგვიანებას, მაღალ (და გაურკვეველ) გადასახადებსა და თაღლითობას. „ვთქვათ, $100-ს ვგზავნიდით ურუგვაიში. წარმოდგენა არ გვქონდა, რამდენს მიიღებდნენ ისინი. ამას ვერც სერვისის მომწოდებელი კომპანია გვეუბნებოდა“, – იხსენებს ის.
ამიტომ, როცა არმსტრონგი ბიტკოინის (ჯერ კიდევ ანონიმური) გამომგონებლის საინფორმაციო ბროშურას გადააწყდა, სადაც ვალუტა და მის საფუძვლად მდებარე ინოვაციური ბლოკთა ჯაჭვი (ბლოკჩეინი) იყო აღწერილი, ის უმალ აღფრთოვანდა. ბლოკჩეინ-ტრანზაქციები ერთ გაერთიანებულ დავთარში ინახება, დავთრის ასლებს კი მთელი მსოფლიოს კომპიუტერები ინახავს – ეს რევოლუციური იდეა ტრანზაქციის შესრულების დროსა და ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს, უსაფრთხოებას კი ზრდის.
ერსამსაც უკვე თავისი თვალით ენახა, რამხელა მოგებას ნახულობდნენ საფინანსო შუამავლები. დიუკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (სადაც მან არმსტრონგივით ორი მთავარი საგანი – ეკონომიკა და კომპიუტერული მეცნიერება – ისწავლა), Goldman Sachs-ისთვის ნიუ-იორკში ვალუტის გაცვლის აგენტად დაიწყო მუშაობა. კონკორდში (მასაჩუსეტსი) რომ იზრდებოდა, ვიდეოთამაშებით იყო გატაცებული. სკოლაში უკვე ნახევრად პროფესიონალ მოთამაშედ ჩამოყალიბებულიყო და America’s Army-ს ჩემპიონატის ორ გუნდში თამაშობდა. მამამისთან, რომელიც ჰარვარდის M.B.A.-დიპლომით, Bain-ის კონსულტანტად მუშაობდა, ბიზნესზე ხშირად ლაპარაკობდა.
ერსამი ბიტკოინით ჯერ კიდევ Goldman-ში ყოფნისას დაინტერესდა. პატარა მოგება ბიტკოინით ღამე ვაჭრობითაც მოიპოვა: მისივე თქმით, ის „სუპერბაზისურ“ ტექნიკებს იყენებდა, ანუ, მაგალითად, ფასიან ქაღალდებს მაშინ ყიდულობდა, როცა სიტყვა „ბიტკოინი“ Google-ზე ტრენდი ხდებოდა. Goldman-იდან ორ წელიწადში წამოვიდა და Duke University-ს მეგობრებთან ერთად ახალ აპლიკაციებზე სამუშაოდ სანივეილში (კალიფორნიაში) გადასახლდა. 2012 წლის ოქტომბერში Reddit-ზე არმსტრონგის პოსტს წააწყდა: ეს უკანასკნელი cloud-ზე დაფუძნებული ბიტკოინის ყულაბის პროტოტიპზე წერდა, რომელიც იმ ადამიანებს მოემსახურებოდა, რომლებიც „უბერ-კომპიუტერულად-ჭკვიანები“ არ იყვნენ ან კი ყველაფრის თავიანთ კომპიუტერზე შენახვა არ უნდოდათ. არმსტრონგს თავისი ყულაბა 2012 წლის ივნისის Y combinator-ის ინკუბატორული კურსის ფარგლებში შეექმნა. ჰოდა, ერსამმაც მისწერა მას. შეხვდნენ და მაშინვე გაუგეს ერთმანეთს. ერსამი მასშტაბურად ხედავდა და აანალიზებდა მთლიან სურათს, არმსტრონგი კი პროგრამისტული ფოკუსით გამოირჩეოდა. მოკლედ, ერთიმეორეს ავსებდნენ. და არმსტრონგმა ერსამს Coinbase-ის თანადამფუძნებლობა შესთავაზა.
გაერთიანების შემდეგ კრიპტოვალუტის სფეროში ბლომად დრამის მომსწრენი შეიქნენ, თუმცა ამ ვალუტის ათვისების პროცესი უფრო ნელა წარიმართა, ვიდრე მათ, როგორც ჭეშმარიტ მორწმუნეებს, ეგონათ. ჯერ იყო და ეპიკურმა სპეკულაციურმა ბუშტმა იჩინა თავი: 2013 წელს ბიტკოინის ფასი ასჯერ და მეტჯერ გაიზარდა – $10-იც არ იყო, რომ უცებ $1,100 გახდა, ხოლო მერე, 2015-ის იანვარში, $200-მდე დაეცა (ამასწინათ, დაახლოებით $750-ად იყიდებოდა, რის გამოც ყველა ბიტკოინს ჯამურად $11.8-მილიარდიანი საბაზრო ღირებულება მიენიჭა). არც ჰაკერული შემოტევები მოჰკლებიათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თავდასხმა კი ტოკიოში დაფუძნებულმა ბიტკოინების გადამცვლელმა Mt. Gox-მა გადაიტანა, რომელიც 2014 წელს, მომხმარებელთა $450 მილიონის დაკარგვის შემდეგ, დაიხურა.
წყვილმა დასაწყისშივე იფიქრა, რომ შესყიდვის ტრანზაქციების გამარტივება ბიტკოინის გავრცელებას დააჩქარებდა. 2013 წლის ნოემბერში თამაშში მათ ადამ უაიტი, ბიტკოინის კიდევ ერთი თავგამოდებული ქომაგი, ჩართეს და ამბიციური დავალება მისცეს: შემდეგ წელს ბიტკოინი ათ ისეთ კომპანიას უნდა მიეღო, რომელთა (თითოეულის) გაყიდვები წელიწადში $1 მილიარდს აღემატებოდა.
დღეს უკვე 33 წლის უაიტი ზარმაცი ნამდვილად არ გახლდათ. University of California-ში (დევისში) ოპტიკური ინჟინერიის სწავლის შემდეგ, სამი წელი აშშ-ის საჰაერო ძალებში იმსახურა, მერე კი ჰარვარდში M.B.A.-ის დიპლომი აიღო.
უაიტი სწრაფად მოქმედებდა. Overstock.com-თან ორ თვეში გააფორმა ხელშეკრულება. ათი დღის შემდეგ, 2014 წლის 9 იანვარს, Overstock-ზე ბიტკოინით უკვე პირველი ნივთიც იყიდეს – ეზოს ავეჯის $2,700-იანი ნაკრები. „ამან კარი გაგვიხსნა“, – ამბობს უაიტი. Overstock-ს მალე Expedia-სა და Dell-ის მსგავსი დიდი კომპანიებიც დაემატნენ და ბიტკოინსა და Coinbase-ს სარწმუნოობა შემატეს. დღეს ბიტკოინს 45,000, მეტწილად წვრილი, მოვაჭრე იყენებს. და არცაა გასაკვირი, მათი რიცხვი რომ იზრდება: მათ ხომ პირველი $1 მილიონის ოდენობის ტრანზაქცია უფასოდ უმუშავდებათ. მაგრამ ნივთების ყიდვა კრიპტოვალუტის კოზირი მაინც არ არის. „ეს ქსელში 100 მილიონი მომხმარებლის ჩასართავად ნამდვილად არაა საკმარისი“, – აღიარებს ერსამი.
მართლაც, ბიტკოინიც ფასის ავარდნის შემდეგ, Coinbase-მა შეამჩნია, რომ მისი მომხმარებლის უფრო და უფრო დიდი ნაწილი, ეზოს ავეჯის ყიდვის მაგივრად, ბიტკოინს სპეკულაციური ინვესტიციის სახით ინახავდა. რამდენადაც კლიენტები ფულს არ ხარჯავდნენ, Coinbase-ს მოუწია, მეტი ბიტკოინი თავად ეყიდა. არმსტრონგი ანერვიულდა. „მივხვდით, რომ ვალუტის გაცვლა, როგორც ეს ხდებოდა, საეჭვო იყო და თან არაერთი თვალსაზრისით – უსაფრთხოების, გუნდის ხარისხის, გადახდისუნარიანობის თვალსაზრისით… უამრავი კითხვის ნიშანი გაგვიჩნდა“, – ამბობს ის.
ამიტომ, 2015 წლის იანვარში, Coinbase-მა ვალუტის გადაცვლის საკუთარი სერვისი გახსნა, რომელსაც ახლა GDAX-ი ჰქვია და რომელიც მოვაჭრეებს თითოეული ტრანზაქციისთვის 0.25%-ს სთხოვს. პირველ წელს მზარდმა ბაზრობამ ვაჭრობით $1 მილიარდი მოიტანა და იმის ფონზე, რომ მათმა იმდროინდელმა მეტოქემ, ჰონკონგის Bitfinex-მა, ჰაკერული თავდასხმის შედეგად, $72 დაკარგა, ერსამისა და არმსტრონგის „პატიოსანმა“ პლატფორმამ ბაზარზე მშვენიერი პოზიცია დაიკავა.
GDAX-ის თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, Coinbase-ის აზრით, ვაჭრობა ბიტკოინის ფართო გავრცელების გასაღები არ არის. ერსამი 2015 წლის ჩავარდნის შესახებ გვიყვება, როცა ბიტკოინის თითქოსდა ყველაზე პერსპექტიულმა აპლიკაციებმა – ისეთებმა, რომლებმაც საერთაშორისო გადახდები დააჩქარეს ან მკითხველებს საშუალება მისცეს, ყოველ წაკითხულ სტატიაში გამომცემლებისთვის მიკროსაფასურები გადაეხადათ – ვერ გაამართლეს. ამ პერიოდში ზოგიერთმა სხვა ბლოკჩეინ-სტარტაპმა ყურადღება ფინანსური ფირმების დამხმარე ოფისების არაეფექტიანობაზე გადაიტანა. მაგალითად, Chain-ი (Coinbase-ის მსგავსად Forbes-ის 2016 წლის Finetech 50-ეულის – ყველაზე ინოვაციური ფინანსური სტარტაპების – რეიტინგის წევრი) Nasdaq-თან ბლოკჩეინზე დაფუძნებული ისეთი სისტემის ასაგებად გაერთიანდა, რომელზეც კერძო კომპანიების აქციებით ვაჭრობა შეიძლება. Chain-ი, Visa-სთან ერთად, საერთაშორისო მესაკუთრეობრივი ბიზნესგადახდების სისტემის შექმნაზეც მუშაობს.
Coinbase-ის ინვესტორებმა არმსტრონგსა და ერსამს ჰკითხეს, შემდეგი ნაბიჯი ფინანსური ფირმებისთვის კერძო ბლოკჩეინების აგება ხომ არ უნდა ყოფილიყო. სტარტაპმა შემოვლით გზაზე უარი თქვა. მათი აზრით, საჯარო ბლოკჩეინები და კრიპტოვალუტები თავის დროზე უფრო მეტ ინოვაციას მოიტანდა, ზუსტად ისე, როგორც ღია ინტერნეტმა უფრო შეცვალა საზოგადოება, ვიდრე კერძო ინტრანეტებმა. „ვფიქრობთ, რომ ბოლოს ისევ ღია ქსელი გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩაკეტილ ბლოკჩეინებში ბევრი ფული და რეკლამა ტრიალებს“, – ამბობს ერსამი.
კრიპტოვალუტაში ყველაზე ამაღელვებელი ცვლილება, ალბათ, ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული ბლოკჩეინების შემოღებაა, რომელთა გამოყენება უფრო მეტი რამისთვის შეიძლება, ვიდრე მარტივი შესყიდვებისა და ფულადი გზავნილებისთვის. ამ ბლოკჩეინებს შორის ყველაზე იმედის მომცემი Ethereum-ია. ის ისეთ აპლიკაციებში მუშაობს, რომლებიც „ჭკვიან კონტრაქტებს“ იყენებს – როცა ტრანზაქციას ახორციელებთ, თანხმდებით გარკვეულ გასაჯაროებულ საკონტრაქტო პირობებს, რომლებიც პროგრამაშია ჩაშენებული. ამგვარად, დეველოპერებს შეუძლიათ, შექმნან ბაზრები, სადაც ვალების ან დაპირებების ნუსხა ინახება, და შეუძლიათ, პროგრამაში/პლატფორმაში ჩაწერილი კონკრეტული და ხანდახან რთული ინსტრუქციების მიხედვით ღირებულებები პოტენციურად გადააადგილონ. ამის მაგალითებს ანდერძის ან ე.წ. მომავლის კონტრაქტის აქტივები განეკუთვნება. მთავარი, ცხადია, საკომისიოებს დახარბებული შუამავლებისა და კონტრაგენტების რისკის აღმოფხვრაა.
მაისში Coinbase-მა მომხმარებელს GDAX-ზე ეთერით (Ethereum-ის მონეტით) ვაჭრობის უფლება მისცა. ერსამმა ამ ცვლილების პოტენციალი ბლოგზე ასე დაახასიათა: „Ethereum-მა ბიტკოინის პროგრამული ენის ოთხმოქმედებიანი კალკულატორი აიღო და სრულფასოვან კომპიუტერად გადააქცია“.
Ethereum-ის ბლოკჩეინმა „აპლიკაციის მონეტების“, ანუ, „ჟეტონების“ განვითარებას შეუწყო ხელი. მათი მეშვეობით ახალი ბიზნესების სახალხო დაფინანსება და ე.წ. გაზიარებული ქსელების ამუშავებაა შესაძლებელი. ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს Augur-ი წარმოადგენს – მან 2015 წელს Ethereum-ზე დაფუძნებული Reputation-ის $5.3 მილიონის ტოლფასი მონეტები გაყიდა, რომლებიც მფლობელებს საშუალებას აძლევს, საიტის საკომისიოებიდან წილი აიღონ. Augur-ი „ხალხის სიბრძნის“ პრინციპს ემყარება და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მომავლის მოვლენებთან დაკავშირებით ფსონის ბაზრები შექმნან. მონაწილეები Rep-ის მონეტებს მაშინ იღებენ, როცა მოვლენის შედეგს სწორად იუწყებიან, არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი მონეტებს კარგავენ.
მონეტების კიდევ ერთი აპლიკაცია, Filecoin-ი, მზადების პროცესშია. მისი მიზანია, დააფინანსოს და აამუშაოს ფაილების შენახვისა და გაზიარების დეცენტრალიზებული, ე.წ. გაზიარებული სერვისი, რომელიც Amazon Web Services-ს კონკურენციას გაუწევს. Filecoin-ებს ის მიიღებს, ვინც მეხსიერების სივრცეს შექმნის, ქსელში ფაილების გამგზავნ მომხმარებელს კი Filecoin-ების გადახდა მოუწევს. აპლიკაციის მონეტების დახმარებით, ანტრეპრენიორებსა და დეველოპერებს ახალი ქსელების შექმნა და მომხმარებლების მოზიდვა შეუძლიათ. თუ ქსელები გაიზრდება და მათი ფასი (მონეტებში) მოიმატებს, ქსელის შემქმნელები, რომლებიც თავდაპირველი მონეტების ღირებულების ნაწილს თავად იტოვებენ, დიდ მოგებას ნახავენ.
მაისში The DAO-მ (რაც „დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის“ აბრევიატურაა) განაცხადა, რომ ვენჩურული კაპიტალის ფონდისთვის 10,000 ადამიანისგან $150 მილიონის ტოლფასი ეთერი შეეგროვებინა; მონაწილეები ხმას მისცემდნენ ინვესტიციებს, მათ ხმათა წონას კი მათ მიერ შეძენილი DAO-ს (ეთერზე დაფუძნებული) მონეტების რაოდენობა ასახავდა. მაგრამ ჩაშვებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ The Dao-ს კოდში უცნობმა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა ხარვეზი აღმოაჩინა და ინვესტორთა ანგარიშებიდან $50 მილიონის ტოლფასი ეთერი გადაამისამართა.
მართალია, ასეთი ჩავარდნები, დიდი ალბათობით, კრიპტოფინანსების განვითარებას შეაფერხებს, მაგრამ Coinbase-ის კონკრეტული უპირატესობისთვის კარგ როლსაც ითამაშებს. ამ უპირატესობაში მის კონტროლის მექანიზმებსა და ფრთხილ, მოთმინებით აღსავსე კულტურას ვგულისხმობთ, რომელიც მისი მძიმეწონიანი ინვესტორების მიერ არის განმტკიცებული. გადაცვლის სხვა სერვისებისგან განსხვავებით, GDAX-მა The DAO-მონეტებით ვაჭრობაზე უარი განაცხადა.
საბოლოო ჯამში, Coinbase-ის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა კომპანია, ერთი მხრივ, ბლოკჩეინის განმათავისუფლებელი და ინოვაციური ასპექტების ქომაგად იქნას აღქმული, მეორე მხრივ კი კანონის „სწორ მხარეზე“ დარჩეს. ეს მარტივი საქმე როდია.
ნოემბერში აშშ-ის საგადასახადო სამსახურმა (IRS) ფედერალურ მოსამართლეს მრავალგვარი „ჯონ დოს“ სასამართლო უწყებათა სანქციონირება სთხოვა. ეს უწყებები Coinbase-ისგან აშშ-ის ინტერნეტით შემოსული ყველა იმ მომხმარებლის ვინაობისა და ტრანზაქციების გადაცემას ითხოვს, ვინც კი 2013-დან 2015 წლის ჩათვლით აქტიური იყო. Coinbase-ის იურისტის, ხუან სუარესის თქმით, მართალია, კომპანია „კანონაღმასრულებლებთან თანამშრომლობას, ზოგადად, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება“, მაგრამ ამჯერად თავს გრძნობს „ვალდებულად, წინააღმდეგობა გაუწიოს“ ამგვარ ბუნდოვან, „დაუსაბუთებელ საგამოძიებო მცდელობებს“. ვნახოთ, რა მოხდება.
დატოვე კომენტარი