2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობების გეგმა 100.2%-ით შესრულდა. მათ შორის, გადასახადების გეგმა 102.2%-ით შესრულდა. გეგმის გადაჭარბებით შესრულებას ლარის გაუფასურებამ და ინფლაციის დონის ამაღლებამ შეუწყო ხელი. ლარის გაუფასურებამ ინფლაციის ტემპი აამაღლა. საქსტატის ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოსთვის წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა. ვინაიდან ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალური მშპ-ის ზრდის (ნომინალური ზრდა ნიშნავს რეალური ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლის ჯამს) მიხედვით არის დაგეგმილი, საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მატება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს ზრდის.
მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტების მოზიდვაში, რომლის გეგმაც 79 %-ით შესრულდა.
ბიუჯეტის 9 თვის გადასახდელების (ხარჯებს დამატებული ვალის მომსახურება) გეგმა 96%-ით შესრულდა. ყველაზე მეტი ჩამორჩენა არაფინანსური აქტივების ზრდაშია (კაპიტალურ ხარჯებში), რომლის გეგმაც 76.1%-ით შესრულდა.
ბიუჯეტის მუხლები (მლნ ლარებში) | 9 თვის გეგმა | 9 თვის შესრულება | შესრულება გეგმის მიმართ |
შემოსულობები | 7243 | 7261 | 100.2% |
შემოსავლები | 5847 | 6026 | 103.1% |
გადასახადები | 5485 | 5603 | 102.2% |
გრანტები | 159 | 197 | 123.5% |
სხვა შემოსავლები | 203 | 226 | 111.3% |
არაფინანსური აქტივების კლება | 177 | 213 | 120.3% |
ფინანსური აქტივების კლება | 51 | 49 | 95.8% |
ვალდებულებებისზრდა | 1169 | 974 | 83.3% |
საშინაო ვალდებულებების ზრდა | 400 | 330 | 82.6% |
საგარეო ვალდებულებების ზრდა | 769 | 644 | 83.7% |
საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტები | 443 | 350 | 79.0% |
ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები | 326 | 294 | 90.1% |
გადასახდელები | 7208 | 6912 | 95.9% |
არაფინანსური აქტივების ზრდა | 548 | 417 | 76,1% |