2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. შესაბამისი დოკუმენტი პარლამენტს უკვე წარედგინა. ცვლილებების პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 223.1 მლნ ლარით და განისაზღვრება 13 313,1 მლნ ლარით.
მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგი ცვლილებები:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 131.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 639.5 მლნ ლარით, მათ შორის: – სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამით გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 95.0 მლნ ლარით და შეადგენს 845.5 მლნ ლარს. ზრდა გამოწვეულია განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კომპენსაციის სახით ერთჯერადი ჯილდოს გაცემით. 6500-მდე საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგმა უკვე გააკეთა განაცხადი სისტემის დატოვების თაობაზე და შესაბამისად თითოეული მათგანი მიიღებს ჯილდოს მათი 2 წლის საშუალო შრომის ანაზღაურების ოდენობით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება ჯამში არ შეცვლილა და განისაზღვრა 2 000.0 მლნ ლარით. თუმცა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის ოთხივე კომპონენტზე მიმდინარე წლის თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო 315.9 მლნ ლარის დახარჯვა, თუმცა პროექტის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი რიგი სირთულეებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ათვისებული იქნება ჯამში 130.0 მლნ ლარამდე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება მცირდება 116.5 მლნ ლარით (მათ შორის 89.5 მლნ ლარი დონორით დაფინანსებული გრანტის და კრედიტის ნაწილში) და განისაზღვრება 253.1 მლნ ლარით. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა რესურსი რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების ტარიფის სუბსიდირების მიზნით, რომელსაც წლებია საქართველოს რკინიგზა სატვირთო გადაზიდვების ხარჯზე ასუბსიდირებს. თუმცა, აღნიშნულის განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ არ განხორციელებულა, შესაბამისად ამ ეტაპზე აღნიშნული სახსრების გამოყენება ზემოაღნიშნული მიზნობრიობით ვერ განხორციელდება და შესაძლებელია 13 მლნ ლარის გამოთავისუფლება. ასევე, სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ქსელების და ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტების ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, ხდება რესურსების გამოთავისუფლება. გასათვალისწინებელია, რომ ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციისათვის საჭიროა მათი დროებით გაჩერება, რაც მიმდინარე წელს ვერ განხორციელდებოდა ენერგორესურსებზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 340.1 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1.2 მლნ ლარით მეტია გრანტების ნაწილში.
შეღავათიანი აგროკრედიტებისთვის გათვალისწინებული ასიგნება გაიზარდა 7.8 მლნ ლარით და შეადგენს 56.8 მლნ ლარს. ზრდის აუცილებლობა გამოწვეულია კომერციული ბანკების მიერ დაფინანსებული აგრო სესხების მზარდი დინამიკით.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 25.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 766.6 მლნ ლარით. დამატებითი გამოყოფილი ასიგნებებიდან 20 მლნ ლარი მიიმართება სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, ასევე სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დამტკიცებული ასიგნება იზრდება 10.0 მლნ ლარით და შეადგენს 191.1 მლნ ლარს. თანხის გამოყოფა ხორციელდება საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნება იზრდება 7.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 143.5 მლნ ლარით. დამატებითი თანხის გამოყოფა გამოწვეულია საელჩოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, კრედიტის ნაწილში მცირდება 40.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 835.0 მლნ ლარით.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამტკიცებული ასიგნებები გაიზარდა 2.2 მლნ ლარით და შეადგენს 8.2 მლნ ლარს. აღნიშნული ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით.
დატოვე კომენტარი