ბიზნესები მზის ენერგიაზე

ბიზნესები მზის ენერგიაზე

მზის ენერგიის გამოყენება საქართველოში მზარდია. შინამეურნეობების გარდა, სუფთა ენერგიაზე გადასვლას ბიზნესებიც აქტიურად ცდილობენ. მხოლოდ 2021 წელს, „ჰელიოს ენერჯიმ“, რომელიც მზის პანელებს ამონტაჟებს, 4 მეგავატის სიმძლავრის პანელები დააყენა, რაც რვაჯერ მეტია მანამდე ოთხი წლის განმავლობაში მის მიერ დამონტაჟებულ ჯამურ სიმძლავრესთან შედარებით. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ეს ტენდენცია 2022 წელსაც გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარემოსდაცვითი მიმართულებით, არამედ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მხრივაც, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მეტწილად ენერგომატარებლების იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა.

2030 წლის კლიმატის სტრატეგიის მიხედვით, მომდევნო რვა წელიწადში საქართველოში ენერგოსისტემის დადგმულ სიმძლავრეში ქარისა და მზის სადგურების წილი 18.2%-მდე უნდა გაიზარდოს, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მონაცემი 0.5%-ს შეადგენდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში წლიდან წლამდე მზარდია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ 2022 წლის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების 5.8%-ით, 14.5 ტერავატ /საათამდე მატებაა მოსალოდნელი. ჯერჯერობით რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა წილს დაიკავებს საერთო მოხმარებაში მზის ენერგია, თუმცა შესამჩნევია, რომ ბიზნესების მხრიდან სუფთა ენერგიის ათვისებაზე მოთხოვნა იზრდება.

„ჰელიოს ენერჯიში“ ამბობენ, რომ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში მათთან მზის პანელების დამონტაჟების ინტერესი დაახლოებით 50-მა ბიზნესსუბიექტმა გამოხატა. იანვარ-თებერვალში კომპანიამ ორ ბიზნესს ჯამში 850 კილოვატის სიმძლავრის პანელები დაუმონტაჟა. ამჟამად მუშაობა კიდევ ხუთ პროექტზე მიმდინარეობს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1500 კილოვატია.

„2021 წელს მზის პანელების დამონტაჟებაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, ამას 2020 წლის ბოლოს ელექტროენერგიის მნიშვნელოვან გაძვირებას ვუკავშირებთ. ბიზნესებმა ენერგომატარებლებზე გაწეული ხარჯების დაზოგვაზე დაიწყეს ფიქრი. მზის ენერგიის ათვისება კი ამის საშუალებას იძლევა“, – ამბობს Forbes Georgia-სთან ინტერვიუში „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი, თორნიკე დარჯანია. მისივე თქმით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ბიზნესების მხრიდან სუფთა ენერგიაზე მომატებული ინტერესის შედეგად, ბრუნვა 6-ჯერ გაეზარდათ.

2017 წელს კი, როდესაც „ჰელიოს ენერჯი“ შეიქმნა, მზის მიკროსადგურების დამონტაჟებაზე ცოტა ვინმე თუ ფიქრობდა. „2019 წლამდე იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც მომხმარებელს პროდუქტს ვაცნობდით. მზის ელექტროსადგური, ენერგიის დაზოგვის გზები სიახლე იყო საქართველოსთვის. ამიტომაც მისი პოპულარიზაცია დავიწყეთ“, – აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.

იმ პერიოდისთვის ახალი ამოქმედებული იყო ნეტო აღრიცხვის სისტემაც, რომელიც მზის პანელების მქონე შინამეურნეობებს, ამხანაგობებს თუ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ელექტროენერგია თავადვე გამოიმუშაონ და ჭარბი გამომუშავების შემთხვევაში ქსელში ჩაუშვან. თავდაპირველად, ნეტო აღრიცხვის სისტემა მხოლოდ 100 კილოვატამდე სიმძლავრის სადგურების ჩართვის შესაძლებლობას იძლეოდა. თუმცა 2020 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის გამომუშავება 500 კილოვატამდე გაზარდა, რამაც ქსელით სარგებლობის შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესებსაც მისცა.

გარდა ამისა, ახალი რეგულაციით ენერგიის გამომუშავება და მოხმარება სხვადასხვა ტერიტორიაზე გახდა შესაძლებელი. მაგალითად, თუ მზის პანელებს დავამონტაჟებთ ერთ სოფელში, მის მიერ გამომუშავებული ენერგიით სარგებლობა შეგვიძლია მეორე სოფელში, ან ქალაქში. მთავარია, რომ ორივე ტერიტორია ერთ გამანაწილებელ კომპანიაში იყოს ჩართული.

„ჩვენმა მარეგულირებელმა ნორმებმა მზის მეტი ენერგიის გამოყენება და ნეტო აღრიცხვის სისტემაში მეტი სადგურის ჩართვა განაპირობა“, – ამბობს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია Forbes Georgia-სთან საუბრისას.

სემეკის ბოლო მონაცემებით, ნეტო სისტემაში ჩართულია 379 სადგური, რაც ჯამურად 17.9 მეგავატის სიმძლავრისაა, მაშინ როდესაც 2016 წელს ჯამში 6 სადგური იყო, 2017 წელს – 28, 2018 წელს – 66, 2019 წელს – 155, ხოლო 2020 წელს – 243 სადგური. აღნიშნულ სადგურებში რაოდენობრივად ჭარბობს შინამეურნეობები და 100 კილოვატამდე სიმძლავრის სადგურები, თუმცა დადგმული ჯამური სიმძლავრის მიხედვით, 100-500 კილოვატამდე სიმძლავრის სადგურები ლიდერობს.

თორნიკე დარჯანიას თქმით, არიან დიდი ზომის ბიზნესები, რომელთათვისაც 500 კილოვატის დადგმული სიმძლავრე საკმარისი არაა, ვინაიდან ისინი ენერგომატარებლების მსხვილი მომხმარებლები არიან. მათ შორისაა მეტალურგიული ქარხნები და სხვა მსგავსი საწარმოები, თუმცა არიან ბიზნესები, რომელთაც უღირთ და მზის პანელებს ამონტაჟებენ კიდეც. მონტაჟი იაფი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ ბიზნესი გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს ამ ხარჯს, დაინახავს, რომ ღირს. მზის პანელებისთვის სესხის გაცემა ბანკებმაც დაიწყეს, რაც კიდევ უფრო მძლავრი სტიმული გახდა. უფრო მეტიც, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ეხმარება საქართველოს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაში და ამ კუთხით მხარდაჭერას უცხადებს იმ ინიციატივებს, რომლებიც განახლებადი ენერგიების გამოყენებას გაზრდის.

„ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ 1 კილოვატის დადგმული სიმძლავრე წლის განმავლობაში საშუალოდ 1300 კილოვატ/საათს გამოიმუშავებს. რაც შეეხება ფასს, მზის პანელების დამონტაჟების ფასი კილოვატების პროპორციულად ითვლება. კერძოდ, 1 კილოვატის სიმძლავრის პანელის მონტაჟი $600-800 ჯდება იმის მიხედვით, თუ სად მონტაჟდება ის – სახურავზე, მიწაზე, თბილისში, რეგიონში და ა.შ.

ერთი თვეა, რაც „ჰელიოს ენერჯის“ მიერ დამონტაჟებული მზის სადგური ორხევში, სახისა და სხეულის კორექციის აპტოსის ძაფების მწარმოებელ კომპანია „აპტოსის“ საწარმოშიც ამოქმედდა. კომპანიაში ამბობენ, რომ მზის სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია სრულად ფარავს მათ მოთხოვნას.

„როდესაც 2-3 წლის წინ საწარმოს მშენებლობას ვიწყებდით, ვიცოდით, რომ კომპანიისთვის ელექტროენერგიის ხარჯი დიდი იქნებოდა, ამიტომაც მზის სუფთა ენერგიის გამოყენება პროექტშივე ჩავდეთ“, – აღნიშნა Forbes Georgia-სთან საუბრისას „აპტოსის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი სულამანიძემ. მისი მოლოდინით, დამონტაჟებული მზის პანელები კომპანიისთვის წელიწადში 200 000-ზე მეტი ლარის დანაზოგს უზრუნველყოფს. „ოთხ წელიწადში ამოვიღებთ იმ თანხას, რაც პანელების მონტაჟი დაგვიჯდა, შემდეგ უკვე უფასოდ გვექნება ელექტროენერგია“, – დასძინა მან.

ბიზნესი, მთავრობა და ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალი დიდია, თუმცა მისი ათვისება ფასის გამო გამოწვევაა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მზის რადიაცია საკმაოდ მაღალია. მზის ენერგიის სრული სავარაუდო პოტენციალი საშუალოდ 108 მგვტ-ია წლის განმავლობაში, 1,900-2,200 მზიანი საათის გათვალისწინებით (Invest in georgia, 2020წ.).

საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, იმისათვის, რომ 2030 წლისთვის საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზთან შედარებით სათბური აირები 15%-ით შემცირდეს, მთავრობამ განახლებადი ენერგიების, მათ შორის მზის ენერგიის წარმოებას ხელი უნდა შეუწყოს. შესაბამისი ღონისძიებები მოიცავს ქარისა და მზის ენერგიის ინსტალაციებსაც.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მზის ენერგიის მიმართულებით საქართველოს მთავრობას 135 მეგავატის დადგმული სიმძლავრის მზის სადგურების პროექტები აქვს მოწონებული. მათ შორის არის უდაბნოს, მარნეულის, ხაშურის, გლდანის, ქვახვრელისა და სხვა სადგურები, რომელთა მშენებლობის და ექსპლუატაციაში შესვლის ვადები რამდენიმე წლით არის განსაზღვრული. თუმცა რამდენად განხორციელდება ყველა მათგანი და 2030 წლისთვის ქვეყანა რამდენად მიაღწევს სამიზნე მაჩვენებელს, ამას დრო გამოავლენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *