საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოთა საქმიანობის 2021 წლის მე-3 კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით დგინდება, რომ ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის III კვარტალში 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 38.5%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში ამ პერიოდში ბრუნვის მოცულობამ 40.5 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის კვლევის თანახმად, ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც ზრდის ტენდენციას მიჰყვება. მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში მისმა მოცულობამ კი 15 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 29%-ით მეტია.
ზემოთ აღნიშნულ პერიოდში მთლიანი ბრუნვის 60.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 18% – საშუალოზე, ხოლო 21.5% – მცირე ბიზნესზე. რაც შეეხება პროდუქციის მთლიან გამოშვებას, აქ ოდნავ განსხვავებული სიტუაცია გვხვდება. ამ შემთხვევაში პროდუქციის გამოშვების 42% მსხვილ ბიზნესზე, 27% – საშუალო ბიზნესზე, ხოლო 31% მცირე ბიზნესზე მოდის.
საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 678 ათასი კაცი შეადგინა. ეს კი გასული წლის მონაცემებზე მცირედით, 5%-ით მეტია. რაც შეეხება გენდერულ გადანაწილებას, დასაქმებულთა 42%-ს – ქალები, ხოლო 58%-ს კაცები წარმოადგენენ.
1455.5 ლარით განისაზღვრა ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი იმავე პერიოდში. აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 149 ლარითაა გაზრდილი, რაც ინფლაციის გათვალისწინებით უმნიშვნელო ზრდას წარმოადგენს. ყველაზე დიდი საშუალო თვიური ხელფასი საშუალო ბიზნესში დასაქმებულებს აქვთ და ის 1 703 ლარს შეადგენს.
დატოვე კომენტარი