აქტივების უმსხვილესი მმართველის, BlackRock-ის პორტფელის ღირებულებამ რეკორდულ $10.5 ტრილიონს გადააჭარბა. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პირველ კვარტალში მისი მოგება 36%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად საინვესტიციო ბაზრებზე ადმინისტრაციული და საკონსულტაციო გადასახადების ზრდითაა განპირობებული. გარდა ამისა, BlackRock-ის მთლიანი შემოსავალი პირველ კვარტალში 11%-ით, $4.37 მილიარდამდე გაიზარდა.
აქტივების გლობალურ ბაზრებზე კომპანიათა პოზიციები პირველ კვარტალში საგრძნობლად გაიზარდა, რაც ძირითადად ინვესტორთა დადებითი მოლოდინის დამსახურება იყო. პოზიტიური მოლოდინი კი მსოფლიოს ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებმა განაპირობა მონეტარული პოლიტიკების გამკაცრებისაგან თავის შეკავებასა და რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით.
BlackRock-ის აქციების ღირებულება პარასკევს საფონდო ბირჟის გახსნამდე პრემარკეტზე 2.6%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი მისი აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 3.2%-ით არის შემცირებული.
მიუხედავად აქტივების მოცულობის რეკორდული ზრდისა, BlackRock-ის წმინდა სავალუტო შემოდინება გასული წლის $110 მილიარდიდან $57 მილიარდამდე შემცირდა. წმინდა შემოდინების შემცირება ინვესტორთა სიფრთხილითაა განპირობებული. მომხმარებლები ცენტრალური ბანკებისაგან საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ელოდებიან, რათა რისკიან აქტივებში ინვესტირება განაახლონ.
ფინანსური ანალიტიკოსები აქტივების მართვის ინდუსტრიის გაზრდას სწორედ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შემდეგ პროგნოზირებენ.
ცნობისთვის, BlackRock-ი აქტივების მართვის მომსახურებას ისეთი ტიპის ორგანიზაციებს უწევს, როგორიცაა დამოუკიდებელი სიმდიდრის ფონდები, სადაზღვევო კომპანიები, ჰოლდინგები და დიდი კორპორაციები.