ბლინკენი, ოლიგარქების აქტივების ჩათვლით, უკრაინას $1 მილიარდს დაჰპირდა

ბლინკენი, ოლიგარქების აქტივების ჩათვლით, უკრაინას $1 მილიარდს დაჰპირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების სახით, დამატებით $1 მილიარდს დაჰპირდა. დახმარების ახალი რაუნდი მოიცავს მილიონებს სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივებიდან.

როგორც ბლინკენმა უკრაინის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, დაეხმაროს უკრაინას, რომელიც, თავის მხრივ, აგრძელებს კონტრშეტევებს რუსული ძალების წინააღმდეგ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ომის დაწყებიდან მეოთხედ ესტუმრა, კიევიდან კი ინდოეთში G20-ის სამიტზე გაემგზავრება, სადაც მთავარი თემა სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.

„ამერიკის შეერთებული შტატების მიზანია, გააძლიეროს უკრაინა, რათა მან თავადვე შეძლოს საკუთარი მომავლის დაწერა. შტატები გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს უკრაინას ახალი ძალის შექმნაში, რომელიც დაიცავს მას სამომავლო აგრესიისგან“, – განაცხადა ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $43 მილიარდზე მეტი გამოუყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, დახმარების საწყის ეტაპზე ომში მყოფი ქვეყანა სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ $5.4 მილიონის აქტივებს მიიღებს. სახსრები უკრაინელი ვეტერანებისთვის განკუთვნილი პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება.

გარდა ამისა, პირველად შეერთებული შტატები უკრაინას „აბრამსის“ ტანკებისთვის განკუთვნილ, ურანის შემცველ საბრძოლო მასალასაც გადასცემს. მასალას ქვეყანა პენტაგონის მარაგებიდან გამოყოფილი $175-მილიონიანი სამხედრო დახმარების ფარგლებში მიიღებს. ურანის საბრძოლო მასალა რუსული ჯავშანტექნიკის დასაზიანებლად გამოსადეგია, თუმცა შეიარაღების კონტროლის ზოგიერთი ჯგუფი, ჯანმრთელობისთვის პოტენციური საფრთხის გამო, მის გამოყენებას არ ემხრობა.