უკანასკნელ ექვს თვეში, ერთ-ერთი უდიდესი სტეიბლკოინის, UST-ის კოლაფსის შემდეგ, კრიპტოაქტივების ბაზრიდან $2 ტრილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა გაქრა, რამაც ინვესტორები საგონებელში ჩააგდო.
ამ პერიოდს დაემთხვა ისიც, რომ ბიტკოინის ფასი $20 ათასიან ფსიქოლოგიურ ნიშნულს ჩამოსცდა, რამაც კრიპტობაზარზე არსებულ გაურკვევლობას შიშიც შემატა. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასის ამგვარი ვარდნა უკანასკნელად 2017 წლის ბოლოს დაფიქსირდა – მას მერე, მსოფლიოში „დათვის ბაზარმა“ დაისადგურა, ხოლო ბიტკოინის ფასი $3 ათასამდე შემცირდა.
ამ ყველაფრის ფონზე, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის კომერციული მდგრადობის გაზრდაზე ორიენტირებული ბლოკჩეინ-დეველოპერებისგან შემდგარი და ჩინური ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ქსელის, Blockhain-based Service Network-ის ანალიტიკოსებმა „კრიპტოვალუტა ადამიანის მოდგმის ისტორიაში უდიდეს პირამიდულ სქემად“ გამოაცხადეს.
„ამ სტატიის ავტორს სჯერა, რომ ნელნელა, ციფრული ვალუტა ადამიანის მოდგმის ისტორიაში უდიდეს პირამიდულ სქემად იქცევა და ამ თაღლითობის გასახანგრძლივებლად, ვალუტასთან დაახლოებულ პირთა წრე ცდილობს, რომ ის განსხვავებულად შეფუთოს“, – ვკითხულობთ BSN-ის აღმასრულებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ჩინურ გაზეთში, People’s Daily-ში დაიბეჭდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინელი ბლოკჩეინ-ენთუზიასტების ეს განცხადება ზოგიერთი ამერიკელი მილიარდერისა და ინვესტორის პოზიციის პათოსს იმეორებს. სხვებთან ერთად, კრიპტოვალუტებს ბილ გეიტსი და უორენ ბაფეტი ეწინააღმდეგებიან. ორი თვის წინ, უკანასკნელმა, განსაკუთრებით აქტიურად გაილაშქრა ბიტკოინის წინააღმდეგ – მისი თქმით, ის ყველა ბიტკოინში ერთად $25 დოლარსაც კი არ გადაიხდის.
აქვე უნდა ითქვას, რომ Blockhain-based Service Network-ის ამგვარი პოზიცია მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან ის სრულ თანხვედრაშია ჩინეთის კომუნისტური მთავრობის პოზიციასთან. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში აკრძალულია, როგორც კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, ასევე მათი მაინინგი.
დატოვე კომენტარი