"ჩემი "ჭია" საზოგადოებრივი ამბების ანალიზში რიცხვების გამოყენება და ლოგიკის არდავიწყებაა. სულ მაინტერესებს მედია, განათლება და პოლიტიკა და რაღაც გამოცდილებაც მაქვს ამ სფეროებში. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიულ (და საკუთარი კვლევების ტაქტიკურ) განვითარებაზე."

პოსტსაბჭოთა ქვეყნების შედარება სამეცნიერო პროდუქტიულობით

პოსტსაბჭოთა ქვეყნების შედარება სამეცნიერო პროდუქტიულობით

რომელ ქვეყანაში “ყვავის” მეცნიერება და რომელში “დაიღუპა”? ამასთან დაკავშირებული სტერეოტიპები და აღქმები შეიძლება ბევრნაირი იყოს. თუმცა, თანამედროვე სამეცნიერო ბაზები გვაძლევს საშუალებას, შევადაროთ ქვეყნები რიცხვებით. შეგვიძლია დათვლა, რამდენი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა აღიარებულ საერთაშორისო ჟურნალებში რომელიმე ქვეყანაში მომუშავე მეცნიერების ავტორობით (ან თანაავტორობით) ან რამდენჯერ დააციტირეს ეს სტატიები – გამოიყენეს სხვა ნაშრომებში.

ცხადია, თუ გვაინტერესებს მოსახლეობის საშუალო სამეცნიერო პროდუქტიულობა, უსამართლო იქნება პირდაპირ შევადაროთ ქვეყნების ჯამური ციტირებების რაოდენობები. ციტირებები უნდა გავყოთ ქვეყნის მოსახლეობაზე: მაგალითად, ბრაზილია ჯამში მეტ სტატიას აქვეყნებს ვიდრე ისლანდია, მაგრამ სულ მოსახლეზე ისლანდიელების წვლილი მეცნიერებაში გაცილებით დიდია. 

იმისთვის, რომ რიცხვები იყოს უფრო გასაგები, მე შევაფარდე თითოეული ქვეყნის მაჩვენებელი მსოფლიო საშუალოსთან. მიღებული ინდიკატორი NCpc (Normalized Citations per capita) გვიჩვენებს, რამდენჯერ უფრო პროდუქტიულია მეცნიერებაში ქვეყნის მოსახლეობა საშუალო ადამიანზე. მაგალითად, ფინეთის NCpc დაახლოებით 10-ს ტოლია – ანუ ფინეთში მცხოვრებს საშუალოდ 10-ჯერ დიდი გავლენა აქვს მსოფლიო მეცნიერებაზე, ვიდრე მთელი დედამიწის საშუალო მაცხოვრებელს. 

ქვევით ამავე მაჩვენებლით ვადარებ ყოფილი საბჭოთა კავშირის 15-ვე ქვეყანას (აღებულია 2015-2017 წლების სამეცნიერო პუბლიკაციები). 

ქვეყანა

სამეცნიერო პროდუქტიულობა

ადგილი მსოფლიოში

ესტონეთი

7.76

14

ლიტვა

2.30

46

ლატვია

1.80

52

საქართველო

1.35

59

სომხეთი

1.08

65

რუსეთი

0.55

82

ბელარუსი

0.40

92

უკრაინა

0.29

101

მოლდოვა

0.23

108

აზერბაიჯანი

0.22

110

ყაზახეთი

0.12

136

ყირგიზეთი

0.079

148

უზბეკეთი

0.013

187

ტაჯიკეთი

0.012

188

თურქმენეთი

0.005

197

ესტონეთი მსოფლიოს 198 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის მე-14-ეა და მისი სამეცნიერო პროდუქტიულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება მსოფლიო საშუალოს. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის გარდა მსოფლიო საშუალოს ასევე უსწრებენ საქართველო და სომხეთი (თუმცა, შედარებით უმნიშვნელოდ). დანარჩენ ქვეყნებს საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ. რუსეთის მაჩვენებელი მსოფლიო საშუალოზე დაახლოებით ორჯერ მცირეა, უკრაინის – სამჯერ, აზერბაიჯანის – ხუთჯერ, ყაზახეთის – რვაჯერ. “შუა აზიის” სამი ქვეყანა – უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი – მსოფლიოს ბოლო 12-ეულშია, ჩრდილო კორეასთან და სომალისთან ერთად. (198-ვე ქვეყნის მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე). 

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ “უყენებს წყალს” სულ ცოტა სამ გავრცელებულ სტერეოტიპს:

  • თითქოს საბჭოთა კავშირმა მნიშვნელოვნად წინ წაწია “შუა აზიის” ქვეყნები: მათი უმრავლესობა მეცნიერების განვითარებით ავღანეთსაც კი ჩამორჩება, არათუ თავისი რეგიონის უფრო სტაბილურ სახელმწიფოებს.

  • თითქოს საბჭოთა სივრცე მეცნიერების განვითარების დონით იყო მსოფლიოში მოწინავე: “ბრეინ-დრეინის” (ტვინების გადინების) ვერავითარი მასშტაბი ვერ “გადაწონის” იმ ფაქტს, რომ დსთ-ს ევროპული ნაწილის ქვეყნები (რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა) ორჯერ ან მეტჯერ ჩამორჩებიან სამეცნიერო წარმადობით მსოფლიო საშუალოს. რუსეთს დიდი ხანია აქვს საშუალოზე მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც მეცნიერების განვითარებაში სისტემური პრობლემების – არასწორი მიდგომების – გადამწყვეტ როლზე მიანიშნებს.

  • თითქოს საქართველოში რეფორმებმა მეცნიერება დაღუპა – სინამდვილეში, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სისტემის შედარებითმა დაახლოებამ დანარჩენი მსოფლიოს მიდგომებთან უკვე საგრძნობად უკეთესი შედეგი მოგვცა, ვიდრე დსთ-ს ქვეყნებში შენარჩუნებულმა საბჭოთა, იზოლაციონისტურმა მიდგომებმა. მნიშვნელოვანია არ მოხდეს ამ ცვლილებების ბოლომდე “შემობრუნება” და წარსულში დაბრუნება.

გააზიარე