"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

გენერალ სოლეიმანის აღარავინ ეძებს

გენერალ სოლეიმანის აღარავინ ეძებს

ყველაფერი ახალ, 2020 წლამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. ერაყში განთავსებულ ამერიკელ ინსტრუქტორთა 5000-კაციან ბაზას რაკეტები დაუშინეს პრო-ირანულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, რის შედეგადაც ერთი ამერიკელი, კონტრაქტით დაქირავებული სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

იყვნენ დაშავებულებიც, მაგრამ მეტი მსხვერპლი არ ყოფილა. ამერიკულმა მხარემ სულ რამდენიმე დღეში დადასტურებულად გამოაცხადა, რომ ამ შეტევის უკან იდგა ირანი, უფრო კონკრეტულად კი ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველა ასეთი ტიპის თავდასხმის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის “ალ ქუდს”-ის უცვლელი მეთაური, გენერალი ქასემ სოლეიმანი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გენერალი სოლეიმანი სულიერი ლიდერის ალი ხამენეისა და პრეიზდენტ ჰასან რუჰანის შემდეგ ყველაზე გავლენიან პირად ითვლებოდა ირანშიც და მის ფარგლებს გარეთაც. შესაბამისად, ყველაზე აქტიურად ის იძებნებოდა, განსაკუთრებულად ირანს ფარგლებს გარეთ. აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გენერალი სოლეიმანი გამოცხადებული იყო ნომერ პირველ ტერორისტად მსოფლიოში, მისსა და მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ დაწესებული იყო სანქციები და მათთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე – ფულადი ჯილდო. დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია პირდაპირ ადანაშეულებდნენ გენერალ სოლეიმანის ასობით ამერიკელის და ასეულ ათასობით სხვა ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში.   

ვიდრე ქასემ სოლეიმანის კარიერის დრამატულ დასასრულზე გიამბობდეთ, შეგახსენებთ, რომ ამერიკული ძალების მიერ განხორციელებულ ზემოხსენებულ საპასუხო იერიშებს მოყვა მსხვერპლი 25 სამხედროს ოდენობით. მათ შორის იყვნენ როგორც ადგილობრივი შიიტი მებრძოლები, ისე ირანის რეგულარული არმიის ოფიცრები.

შესაძლოა, სწორედ ამ მსხვერპლმა განაპირობა, რომ გასული წლის ბოლო დღეს ბაღდადში აშშ-ს საელჩოზე განხორციელდა მასირებული შეტევა ადგილობრივი მეამბოხე მებრძოლებისა და მათი ირანელი კურატორების მონაწილეობით. აშშ-ს ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია მანამდე განხორციელდა ვერტმფრენებით, ვიდრე პირველ ბლოგ პოსტს აიღებდნენ მებრძოლები და მიადგებოდნენ ცენტრალურ შესასვლელს. ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა საპასუხოდ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი დაუშინეს, ხოლო ვაშინგტონიდან ერაყის მთავრობას და მის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდეს, იმოქმედონ საელჩოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ერაყში, ისედაც უკვე რამდენიმე თვეა, უაღრესად არასტაბილური ვითარებაა. სხვათა შორის, დემონსტრანტების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას ირანის გავლენის შემცირება წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი თან ომახიან განცხადებებს ავრცელებდა, რა თქმა უნდა, ტრადიციულად ტვიტერის მეშვეობით და თან, თითქოს მაინცდამაინც არც იმჩნევდა არსებულ დაძაბულ ვითარებას. ყოველდღიური აქტივობა ჰქონდა ფლორიდაში მის კუთვნილ მარ-ა-ლაგო-ს გოლფის კურორტზე და ისე ატარებდა დღეებს, როგორც საახალწლო შვებულებაში მყოფ პრეზიდენტს შეეფერება.

ამასობაში კი, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, სერიოზული ოპერაცია მზადდებოდა, რომელიც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ადგილზე და გასაიდუმლოების ძალიან მაღალ ხარისხს მსოფლიოს და თავად ვაშინგტონის მასშტაბითაც; იმდენად მაღალს, რომ გენერალ სოლეიმანის ლიკვიდაციის შესახებ პოსტ ფაქტუმ შეიტყვეს მსოფლიოს ლიდერებმა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა და აშშ-ს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კი. საქმის კურსში იყვნენ მხოლოდ თავდაცვის და სახელმწიფო მდივნები, პრეიზდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. სენატორებიდან კი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ფლობდა სათანადო ინფორმაციას.

შესაძლოა, ასეთი ხარისხის სიფრთხილემაც განაპირობა, რომ ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე ამერიკული უპილოტო თვითმფრინავებიდან წარმატებით განხორციელდა შეტევა, რომლის შედეგადაც ადგილზე განადგურებული იქნა გენერალი ქასემ სოლეიმანი, შიიტური გასამხედროებული ორგანიზაციის მეთაურის მოადგილე აბუ მახდი ალ მუხანდისი და 10 თანმხლები პირი, უმეტესწილად პირადი დაცვის წევრები. როგორც წყაროები იტყობინებიან, კონკრეტულად გენერალს იმ პერიოდში არავინ ეძებდა, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ გენერალი სოლეიმანი ხშირად ჩადიოდა თავად ბეირუთშიც, ერაყულ ქურდისტანშიც და ბაღდადშიც, ცხადია, რომ მისი გადაადგილება უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩებოდა ამერიკულ და სხვა ქვეყნების დაზვერვებს.

ასეა თუ ისე, 2020 წლის 3 იანვრის შემდეგ გენერალ სოლეიმანს აღარავინ ეძებს. მისი შემცვლელიც მალევე მოიძებნა. ეს გახლავთ გენერალი ისმაილ ხაანი (უბრალო დამთხვევაა, თორემ ავღანეთში ელჩად მუშაობის დროს არაერთხელ შევხვედრილვარ იმჟამად ავღანეთის ენერგეტიკის მინისტრს, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საველე მეთაურს ისმაილ ხანს. აი მაგას ჰქონდა კიდევ „ბექგრაუნდი“, თუ ჰქონდა!), მაგრამ რაც მთავარია, ახლა ყველა ეძებს იმ ადგილს, სად განხორციელდება შურისმაძიებელი აქტი. ეს რომ მოხდება, ამაზე არავინ დავობს არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, არც ირანში და არც დანარჩენ სამყაროში. უბრალოდ, ახლა ყველა იმაზე ფიქრობს, თუ რა მასშტაბის იქნება რეაქცია ირანის მხრიდან. უკვე გაისმა ოფიციალური თეირანის განცხადებები, რომ უახლოეს მომავალში (საუბარია რამდენიმე კვირაზე) აშშ მიიღებს ძალიან ძლიერ საპასუხო დარტყმას.  

თავად გენერლის განადგურების ოპერაციასთან დაკავშირებით რეაქციები მთელ მსოფლიოში იყო არაერთგვაროვანი. უშუალოდ ერაყში, იმ ფონზეც კი, როდესაც ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი სკანდირებდა “სიკვდილი ამერიკას”, “გაეთრიეთ ერაყიდან”, ასევე გამოსულები იყვნენ პრო-ამერიკულად განწყობილი ერაყელები, რომლებიც ზეიმობდნენ მომხდარს და სიმღერით და ცეკვით აღნიშნავდნენ წარმატებით განხორციელებულ ოპერაციას. ევროპელი ლიდერები შედარებით მოზომილი განცხადებებით შეხვდნენ ამ ინფორმაციას, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებზე, ისევე როგორც აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ლიდერებზე. ასევე გაიმართა სატელეფონო საუბრები საფრანგეთისა და რუსეთის, საფრანგეთისა და ირანის ლიდერებს შორის. ერაყის გარდამავალი მთავრობის მეთაურმაც მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ს მიერ ამ ოპერაციის ჩატრება და ყველას მოუწოდა თავშეკავებისკენ და რადიკალურ ქმედებათა განხორციელებაზე უარის თქმისკენ.

როგორც მოგახსენეთ, გენერალი სოლეიმანი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ყველაზე აქტიურად ძებნადი პიროვნება იყო აშშ-სა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებისთვის და უშუალო მეთაურობისთვის. შესაბამისად, საპასუხო რეაქციის თაობაზეც აშშ-მ თადარიგი დაიჭირა და დამატებითი, 750-დან 4000-კაცამდე კონტინგენტის გადატყორცნის თაობაზე უკვე მიიღო გადაწყვეტილება.

სად და როდის შეიძლება ირანმა განახორციელოს შურისმაძიებელი აქტი?

  1. პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც გადის მთელი მსოფლიოს მოხმარებული ნავთობის მესამედზე მეტი და სადაც შარშან უკვე გვქონდა  საერთაშორისო გადამზიდავებზე ირანის მხრიდან იერიშის მიტანისა და მათი დატყვევების პირველი შემთხვევები.
  2. შუა აღმოსვლეთის რეგიონში, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებული, აგრეთვე მუშაობს ათასობით ამერიკელი კონტრაქტორი და სტუმრად ჩადის მილიონობით ამერიკელი სტუმარი. განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში იქნება ისრაესლი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი, ომანი და ქუვეითი.
  3. უშუალოდ აშშ-ს მიმდებარედ ან სულაც აშშ-ს ტერიტორიაზე.

საქმე იმაშია, რომ ადგილის და დროის გამოცნობა ძალიან რთული იქნება, ვინაიდან თავად ამერიკელებიც უწყვეტად გადაადგილდებიან მთელ მსოფლიოში და ირანელებსაც თითქმის ყველგან ჰყავთ მომზადებული ხალხი და შექმნილი აქვთ სპეციალური უჯრედები. ასე რომ, ეს არც 1 და არც 10-მილიონ დოლარიანი შეკითხვა არ არის. მის გამოცნობას დასჭირდება მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო მზვერავების მობილიზება, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი მსხვერპლი.

არის კიდევ ერთი, ძალზედ მნიშვნელოვანი გარემოებაც: გასულ წელს ირანს უკვე დაწყებული ჰქონდა ბირთვული შეთანხმების გარკვეული ნაწილების დარღვევა და ურანის გამდიდრებაზე მუშაობა. არ არის გამორიცხული, რომ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანმა საბოლოოდ უარი თქვას არსებულ შეთანხმებაში დარჩენაზე და კვლავ განაახლოს ურანის გამდიდრებაზე და ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა. სწორედ ეს იქნება ევროპელი, რუსი და ჩინელი ლიდერების მთავარი თავსატეხი.

გულხელდაკრეფილი არც დონალდ ტრამპი ზის. მას ხომ თან წინ საარჩევნო წელი აქვს. ასე რომ, აშშ-ს პრეზიდენტმა არ უნდა დაუშვას ოდნავი სისუსტის გამოვლინებაც კი მისი ამომრჩევლის თვალში. მან უკვე განაცხადა, რომ შერჩეული აქვს 52 ირანული ობიექტი, რომელზეც დაუყოვნებლივ განხორციელდება თავდასხმა, თუკი ირანი რაიმე შურისძიების მაგვარს მოიმოქმედებს (52 გაიგივებულია 1979 წელს თეირანში ამერიკული საელჩოს შტურმის შედეგად დაკავებული თანამშრომლების რაოდენობასთან). ამიერიდან ცხადია, რომ თავად დონალდ ტრამპიც და მისი გადაადგილებაც გაათმაგებული და გაასმაგებული ყურადღების ცენტრში იქნება.

ასე რომ, 3 იანვრიდან მოყოლებული ეს გენერალ სოლეიმანის აღარ ეძებენ, თორემ საერთაშორისო ტერორისტებს ყველგან და კვლავინდებურად 24/7 რეჟიმში ეძებენ, პოულობენ და ანადგურებენ!

მშვიდობა მოგცეთ!

გააზიარე