ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

1300

Vatican (1)

Tu es Petrus

Matthaeus 16:18

მოდი, ერთი წუთით შევხედოთ ვატიკანს არა როგორც რელიგიურ ცენტრს ან პოლიტიკურ თუ ლეგალურ ერთეულს, არამედ როგორც კორპორაციას. ასეთ შემთხვევაში, ძალიან ბევრი კრიტერიუმით, ვატიკანი არის გლობალურად ყველაზე წარმატებული კომპანია: მისი უწყვეტელი (!) საქმიანობა თითქმის 1300 წელს ითვლის; ის არის მულტინაციონალი, რომელიც მოქმედებს მსოფლიოს არა მარტო ყველა კონტინენტზე, არამედ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში; ვატიკანს ჰყავს 1.3 მილიარდზე მეტი მიმდევარი (ბიზნესის ენით – კლიენტი); მას აქვს სავარაუდოდ 10 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების წმინდა  აქტივები (ცხადია, აქ არ ითვლება მის მუზეუმებში გამოფენილი ხელოვნების ფასდაუდებელი ექსპონატები და  მფლობელობაში არსებული პრაქტიკულად შეუფასებელი შენობები); ჰყავს რამდენიმე ათეული ათასი თანამშრომელი და კიდევ უფრო მეტი მოხალისე; მართავს ათასობით სკოლას და ათობით უნივერსიტეტს (მათ შორის არის უმაღლესი საერთაშორისო რეიტინგის მქონე უნივერსიტეტებიც); განაგებს ათასობით საქველმოქმედო ორგანიზაციას, უსახლკაროთა და ობოლთა თავშესაფარს; ვატიკანი არის ე.წ. „რბილი ძალის“ ერთ-ერთი უდიდესი გლობალური ცენტრი; იგი იმართება შეურყეველი ვერტიკალური იერარქიით; მისთვის ღიაა მსოფლიოს ყველა უმაღლესი პოლიტიკური კარი; მას აქვს ლობირების უდიდესი ძალა და ვატიკანის სახელმწიფო გერბის (კვლავ ბიზნესის ენით – ლოგოს) მყისიერი ცნობა ასეულობით მილიონ ადამიანს შეუძლია.

თუმცა, რა თქმა უნდა, ვატიკანის დაყვანა არ შეიძლება კომპანიის დონეზე. ეს მე მხოლოდ იმ მიზნით გავაკეთე, რომ წარმოგვედგინა, თუ რა მასშტაბის ძალაუფლებისა და გავლენის მქონე ფინანსურ-მატერიალურ სისტემასთან გვაქვს საქმე. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ვატიკანს გაუვლია უამრავი გლობალური ცვლილება, ომი და ქარტეხილი. ყოველი ეპოქა თავის პრობლემებს ქმნიდა. მაგრამ გადიოდა საუკუნეები, ეს გამოწვევები ან საერთოდ მთავრდებოდა, ან ტრანსფორმირდებოდა, ხოლო ვატიკანი ისევ დგას. დღეს შევეხები არსებული პრობლემების მხოლოდ ერთ, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს: მსოფლიოში არსებულ მზარდ სოციალურ უთანასწორობას და ვატიკანის პასუხს ამ მტკივნეულ საკითხზე.

მზარდი ქონებრივი უთანასწორობა არღვევს საზოგადოების სოციალურ ქსოვილს, საშუალოვადიან პერსპექტივაში აზიანებს ეკონომიკურ სისტემას და გრძელვადიან პერსპექტივაში არ გამორიცხავს სამოქალაქო გამოსვლებს და აჯანყებებს. ეკონომისტების უმრავლესობის აზრით, თუ დროის ერთ პერიოდში ორი ადამიანის (ან, ვთქვათ, ორი ჯგუფის) მატერიალური და ფინანსური კეთილდღეობა გაიზრდება, ამით ორივე მხარე კმაყოფილი უნდა იყოს. მაგრამ ხშირად ასე არ ხდება. ადამიანი სოციალური არსებაა, ის სხვას ედრება, განსაკუთრებით კი თანამოქალაქეს ანუ იმას, ვინც მისთვის გეოგრაფიულად და/ან სოციალურად ახლოსაა. მიუხედავად იმისა, თუ ადამიანის კეთილდღეობა გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესია, მაგრამ ამავე დროს გაიზარდა ფინანსური სხვაობა მას და მეორე თანამოქალაქეს შორის, ამ ადამიანს კმაყოფილების ნაცვლად, უსიამოვნების გრძნობა და შური ეუფლება.

სამართლიანობისა და მშვიდობის პაპის საბჭომ 2004 წელს გამოსცა “ეკლესიის სოციალური მოძღვრების კომპენდიუმი” ანუ კათოლიკური სოციალური დოქტრინა. ამ დოკუმენტის ყოვლისმომცველი ხასიათის აღქმისათვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის პრინციპები და თემები, რომლებიც შეადგენს ზემოხსენებული დოქტრინის ხერხემალს, ყალიბდებოდა გასული თითქმის საუკუნე-ნახევრის განმავლობაში პაპების ენციკლიკებში (ცირკულარულ მიმართვებში). მართალია, ყოველი ენციკლიკა პასუხობდა კონკრეტული ისტორიული დროის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, მაგრამ ამავდროულად ყოველ ენციკლიკას ჰქონდა ის უნივერსალური საძირკველი, რომელიც სცილდებოდა განსაზღვრულ ისტორიულ ეპოქას.

სოციალური მოძღვრების კომპენდიუმი ეყრდნობა შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებს: 1) საერთო სიკეთეს (ისეთი სოციალური კეთილდღეობის შექმნას, რომელიც ადამიანის მატერიალურ და სულიერ განვითარებას ხელს შეუწყობს),  2) უნივერსალურ დანიშნულებას (ბუნებრივი რესურსები არ შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ ერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს), 3) სუბსიდიარობას (ის, რაც შეუძლია გააკეთოს სტრუქტურულად უმცროსმა რგოლმა, არ უნდა გააკეთოს უფრო მაღლა მყოფმა სისტემამ – ანუ ეს არის პატერნალიზმის თავიდან აცილება), 4) სოლიდარობას (თანაგრძნობა) და 5) მონაწილეობას (თანასაქმიანობას  საჯარო დოვლათის შექმნაში). დოქტრინა ეფუძნება იმ აღქმას, რომ ადამიანის ცხოვრების აუცილებელია ნაწილია დინამიკური ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც სასიკეთოდ გარდაქმნის მის ირგვლივ არსებულ გარემოს და ზოგადად, მსოფლიოს. ამავე დროს, კომპენდიუმი არ არის უტოპიური დოკუმენტი, რადგან იგი არა მხოლოდ რწმენას, არამედ რაციონალიზმსაც ეყრდნობა.  სოციალური დოქტრინა მიმართავს ადამიანის გონებას და სწორედ ამიტომ მას აქვს უნივერსალური გზავნილის ხასიათი. ეკლესიის  საიდუმლოებებზე დაყრდნობა არ ასუსტებს ან არ გამორიცხავს გონების როლს და, შესაბამისად, არ ტოვებს ეკლესიის კომპენდიუმს რაციონალიზმის გარეშე და აქედან გამომდინარე, უნივერსალური გამოყენების გარეშეც. კათოლიკური სოციალური დოქტრინის უმთავრესი საფუძველი ადამიანი და მისი ღირსებაა. ადამიანი არ შეიძლება იყოს სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური სისტემის ჭანჭიკი, რაც არ უნდა პროგრესულ მიზნებს ისახავდეს ეს სისტემა. პირიქით, ცალკე აღებული ინდივიდი, მისი სულიერი და მატერიალური კეთილდღეობა სისტემის ავკარგიანობის უმთავრესი განმსაზღვრელი კრიტერიუმია. კათოლიკური სოციალური დოქტრინის მიხედვით, ერთი ინდივიდიც კი არ შეიძლება იყოს როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა ნებისმიერი ჯგუფის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პროექტების განხორციელების საშუალება, თუნდაც ეს ხდებოდეს მთლიანი სამოქალაქო საზოგადოების პროგრესის სახელით. კომპენდიუმის თანახმად, საზოგადოებამ არ უნდა შექმნას ისეთი სტრუქტურები, რომლებიც ინდივიდის განვითარებას შეაფერხებს ან ჩაახშობს. პირიქით, საზოგადოება უნდა დაეხმაროს ადამიანის განვითარებას სამართლიანი სოციალური სტრუქტურების შექმნით, არსებობით, განვითარებით და განმტკიცებით.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ზღვარგადასულ სიმდიდრესთან ბრძოლა ვატიკანმა საკუთარ თავსაც გამოუცხადა. სოციალური დოქტრინის სულისკვეთების გათვალისწინებით (რადგან „[…] რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე.“ იაკ. 2:26), ა.წ. 29 აპრილს, რომის პაპის განკარგულებით, კარდინალებს და სხვა სასულიერო პირებს აეკრძალათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომლის ღირებულებაც 40 ევროს აღემატება. განკარგულება აგრეთვე ებრძვის ნებისმიერი რანგის სასულიერო პირების შესაძლო მონაწილეობას ფულის გათეთრებაში, გადასახადების თავიდან არიდებასა თუ გადამალვაში. მაგალითად,  აიკრძალა ვატიკანის თანამშრომლების მონაწილეობა შეღავათიან საგადასახადო ზონებში (Tax heavens). აგრეთვე აიკრძალა წილობრივი მონაწილეობა ისეთ კომპანიებში, რომელთა საქმიანობაც ეწინააღმდეგება კათოლიკე ეკლესიის სოციალურ დოქტრინას. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ფარმაცევტული კორპორაციები და ის კომპანიები, რომელთა საქმიანობაც ძალიან აზიანებს გარემოს. გარდა ამისა, 2020 წლის მაისში, პაპისვე განკარგულებით, გამკაცრდა მომარაგებისა და სხვა სახის ტენდერების ჩატარების კრიტერიუმებიც. ხოლო ყველა ზემოხსენებული პირობის დამრღვევებისთვის საკმაოდ მძიმე სანქციებია გათვალისწინებული.

ვატიკანი აგრძელებს ბრძოლას სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ და მიუხედავად გაუთავებელი, სხვადასხვა სახის პრობლემებისა, რომლებიც არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ, მსოფლიოს უამრავ ადგილას, მრავალი საუკუნეა დღემდე იმედიანად გაისმის: Tu es Petrus!

გააზიარე