საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.

2020 წლის გასტრონომიული ტრენდები

2020 წლის გასტრონომიული ტრენდები

ახალი წლის დადგომასთან ერთად, მისი თავისებურებებისა და წარუმატებლობების გათვალისწინებით, მიმოვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ, რას ვნახავთ და გავიგებთ კვებასთან დაკავშირებით 2020 წელს და რა იქცევა ტრენდულ მიმართულებებად. 

ონლაინ სამზარეულო

ძვრა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული რესტორნების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე საგრძნობი იყო, სახლში მიტანის სერვისია, რომლის პოტენციალი სულ უფრო და უფრო იზრდება. ამან გაზარდა არარსებული რესტორნების რაოდენობა და გაზარდა შემოსავალიც სახლში მიტანის სერვისის დამსახურებით. 2020 წელს ჩვენ გველის ონლაინ სამზარეულოს მომსახურების ახალი კრეატიული იდეები და კვების მრეწველობასთან შეთანხმებულად გამოძახების ტექნოლოგიის დახვეწა. მსოფლიოში საკვების მიტანის სერვისს 2030 წლისთვის 35$-დან 365$-მილიარდამდე ზრდის პოტენციალი აქვს. 

რა არის ონლაინ სამზარეულო? ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზით, ჩვენ ვიხილავთ სრულიად ახალ სარესტორნო ჯაჭვს, რომელსაც არ გააჩნია სამზარეულოს აღჭურვილობის არც ერთი ელემენტი. არსებობს VC ფონდების მთელი რიგი, რომლებიც უკვე დიდ ფსონებს დებენ ონლაინ სამზარეულოზე, მათ შორისაა Google Alphabet-ისა და Uber-ის დამფუძნელები. რესტორნის გასახსნელად საიჯარო ფართების სიძვირიდან გამომდინარე, უფრო და უფრო პოპულარული ხდება “ონლაინ სამზარეულოს” კონცეფცია, რომლისთვისაც შეიძლება უბრალოდ სარდაფი ან სხვენი იქირაოთ. ონლაინ სამზარეულოს განვითარება შეუქცევადი პროცესია და 2030 წლისთვის ის ფაქტობრივად გაანახევრებს რესტორნებზე მოთხოვნას. ეს გარდაუვალი ამბავია. 

კეტო კვება

კეტოგენური, ანუ “კეტო” დიეტა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ უამრავმა ადამიანმა საკვებად ნაკლები ნახშირწყლების გამოყენებას მიანიჭა უპირატესობა, კეტო დიეტის საკვები ასევე მზარდი პოპულარობით სარგებლობს. “Mordor Intelligence”-ის თანახმად, 2019- 2024 წლებში იგეგმება საერთაშორისო კეტოგენური საკვები პროდუქტების ბაზრის 5.3% ზრდა. რა თქმა უნდა, ასეთი კვების სისტემა საქართველოშიც აქტუალურია და, დარწმუნებული ვარ, ადგილობრივ ბაზარზე მალე ვნახავთ კეტო რესტორანს. 

არაჰიბრიდული ფქვილი

ალბათ, ბევრ ადამიანს შეხვდებით, რომლებიც ისეთ უძველეს არაჰიბრიდულ ჯიშებს ეძებენ, როგორიცაა ჭვავი და ქერი, და ისეთ უძველეს მარცვლეულს, როგორიცაა სპელტა, ხორბალი და პურის მარცვალი. პოპულარული ამერიკული საცხობები უკვე წლებია იყენებენ უძველესი მარცვლეულის ფქვილს; მათ, სავარაუდოდ, სხვადასხვა ხარისხის წებოვანება აქვთ, რაც თანამედროვე ხორბალთან შედარებით, მონელებას აადვილებს. ამავე დროს, პური კვლავ იძენს პოპულარობას ჩვენს საზოგადოებაში, რომელსაც ეშინია ნახშირწყლებისა და გლუტენის. 2018-2019 წელს გამოჩნდნენ ქართველი ფერმერები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ უკეთესი ხარისხის მარცვლეულზე, რაც უძველესი და არაჰიბრიდული ფქვილის მზარდ გამოყენებაზე მიუთითებს. 2020 წელს ბევრი აიტაცებს ამ პრინციპით ცხობას. 

უალკოჰოლო კოქტეილები

უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს ალკოჰოლზე და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნატურალურ სასმელებს ირჩევს. თუ ატყობთ, რესტორნების მენიუში გაიზარდა ცინცხალი წვენების, ლიმონათების რაოდენობა. 2020 წელს ტრენდული იქნება გემრილი კოქტეილების დალევა, არა თრობის, არამედ სიამოვნებისა და ახალი გემოების დაგემოვნების თვალსაზრისით. 

“ფუდ ვეისთი”

ამჟამად ყველამ ვიცით სასურსათო უსაფრთხოების გლობალური საფრთხის შესახებ, რომელიც 2050 წელსა და 9,8 მილიარდ გამოსაკვებ ადამიანს უკავშირდება. საკვების გლობალური ნარჩენების სიმწვავე სრულიად შოკისმომგვრელია: მსოფლიოში წარმოებული საკვების ერთი-მესამედი ყოველწლიურად იკარგება ან იხარჯება, რაც 1.3 მილიარდ ტონას შეადგენს და რომლის ღირებულებაც 750$ მილიარდი ამერიკული დოლარით განისაზღვრება. 

საქართველოშიც უნდა დავფიქრდეთ ამ საკითხზებზე. ბოლო დროს ჩამოსული ჩემი სტუმრები, განსაკუთრებულად გაკვირვებულები რჩებიან “ქართული სუფრის” შემდეგ ამდენი საკვების დარჩენით, რომელიც ხშირად იყრება, იმის ფონზე, რომ საქართველოში 150 000 ბავშვზე მეტი შიმშილობს.

ეს პრობლემა მალე ვერ მოგვარდება, თუმცა პროგრესი მთავრობისა და მაღალპროფესიონალი შეფ- მზარეულების ხელშია. ასეთია მასიმო ბოტურა, რომელიც საკუთრ ხმას კამპანიების წამოსაწყებად იყენებს: დაწყებული აწყობილი სუპერმარკეტების შესყიდვის პოლიტიკიდან, დამთავრებული კარტოფილის ნაფცქვენების გამოყენებით. ხოლო საკვების გლობალური კრიზისი, თავის მხრივ, არის მოძრაობა, რომელსაც მნიშნელოვანი ძვრების გამოწვევა შეუძლია. საკვების ნარჩენები – ეს არის ჩვენი სასურსათო სისტემების რეალობა და, საერთაშორისო პროგნოზით, მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება და გლობალურ მასშტაბებს შეიძენს. 

კომბუჩა

ნატურალური ფერმენტირებული სასმელი უკვე გახდა მეინსტრიმ პროდუქტი აშშ-ში და საქართველოს დაპყრობასაც იწყებს. კომბუჩას პოვნა უკვე შესაძლებელია რესტორნებში და აბაშიძეზე კაფეში მისგან ყავასაც კი ამზადებენ.

“სლოუ ფუდი”

“სლოუ ფუდი” სავალდებულო პირობაა შეფ-მზარეულებისთვის, რომლებიც ადგლობრვად წარმოებულ, გამორჩეულ ინგრედიენტებზე ნადირობენ. კლიმატის ცვლილების სტატისტიკის შედეგად, გონიერ მომხმარებლებს დასჭირდებათ სოფლის მეურნეობის ჯანსაღი ინგრედიენტები, რომელიც ქმნის და აძლიერებს მიწოდების ჯაჭვს ნიადაგიდან რესტორნის წერტილამდე. „მოძრავი სასოფლო სამეურნეო ეკომონიკა“ და შეფ მზარეულების, ფერმერის მეგობრობა განუყოფელ როლს თამაშობენ “სლოუ ფუდის” განვითარებაში და ეს ტენდენცია ფეხს მოკიდებს. 

დაბოლოს, უმნიშვნელოვანესია ის, რომ სიტყვა “გასტრონომია” გახდა ტრენდული და ის უფრო და უფრო მეტ ძალას იძენს საზოგადოებაში. ჩვენ რეალურად ვხდებით იმის მომსწრენი, როგორ ხდება “ქართული სამზარეულო” პოპულარული და რამხელა ბიზნეს პოტენციალის მქონეა ეს სფერო. ასე რომ, წინ!

შევეგებოთ 2020 წელდ და ვნახოთ, რა მოხდება! 

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა