"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
2021 - რთული წელი | 2022 - სერიოზული გამომცდელი
პანდემიის ჯერჯერობით უწყვეტი ტალღების, ვირუსის მუტაციისა და სახე(ლ)ცვლილების ფონზე 2021 წელს პროცესები მსოფლიოში რთულად დაიწყო და, სამწუხაროდ, ნადვილად ვერ ვიტყოდი, რომ ზღაპრულად, ბედნიერად და იმედიანად სრულდება.
კაპიტოლიუმზე შტურმმა ყველას დაგვანახვა, რომ ყველაზე ძლიერ დემოკრატიაში ყველაფერი წესრიგში ვერ არის. მართალია, ძალადობრივი პროცესები ერთი შტურმის მიღმა არ წასულა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ წლის ბოლოსთვის აშშ-ის შიდა პოლიტიკაში ყველაფერი დალაგდა, დამშვიდდა და ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. იმ ყველაფრით, რაც ვაშინგტონში იმ დღეებში ხდებოდა, ცხადია, ყველაზე მეტად ისიამოვნეს და „ხელი მოითბეს“ ავტოკრატიულმა რეჟიმებმა. დიდხანს და სიღრმისეულად, ცხადია, „საუკეთესო“ ხარისხის დეზინფორმაციულ შეფუთვაში, ავტოკრატიულ მმართველობებში დაწვრილებით, ფაქტობრივად წუთების მიხედვით, განიხილავდნენ 6 იანვრის მოვლენებს. ავტოკრატებს აქა-იქ მხარს უბამდნენ „ტურა ტაბაკის“ მაგვარნიც. სამწუხაროდ, ჩვენთანაც გავიგონებთ ხოლმე: თქვენს კაპიტოლიუმს მიხედეთ, ჯერ თქვენი შტურმი გამოიძიეთ და ა.შ.
თავად ვაშინგტონში პროცესები მეტ-ნაკლებად დამშვიდდა, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდა და პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ კონსოლიდაციის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. „ამერიკა დაბრუნდა“, ბრძანა პრეზიდენტმა ბაიდენმა და შეუდგა მისი წინამორბედის დროს დაზიანებული ტრანსატლანტიკური კავშირების აღდგენას. ეს ყველაზე კარგად ევროპელი მოკავშირეებიდან გერმანიამ იგრძნო, როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა გააუქმა გადაწყვეტილება გერმანიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის თაობაზე და ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების შემდეგ რუსული გაზსადენის, ნორდსტრიმ 2-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიც მოხსნა. ზაფხულში იყო ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმება აშშ-სა და ევროკავშირს შორის, რომლის შედეგადაც დასრულდა 17-წლიანი ომი ევროპულ „ეარბასთან“ და ამერიკულ „ბოინგთან“ დაკავშირებით; აგრეთვე მოიხსნა ტრამპის დროს დაწესებული ტარიფები ევროპულ პროდუქციაზე და საპასუხოდ, ევროპაში ამერიკულ „ჰარლი დევიდსონზე“ და „ჯეკ დენიელსზე“. გარდა ამისა, რიგი გადაწყვეტილებებით, კერძოდ, პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნებით პრეზიდენტმა ბაიდენმა დონალდ ტრამპის რადიკალური პოლიტიკა კარდინალურად შემოაბრუნა, თუმცა – არა ყველგან და ყველაფერში.
მიუხედავად მოლოდინისა, რომ ჯოზეფ ბაიდენი შეარბილებდა პოლიტიკას მისი დიდი ხნის ნაცნობის (ერთ დროს მეგობრებადაც კი მოიხსენიებდნენ ერთმანეთს), ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ავტოკრატიული მმართველობის მიმართ, აშშ-ის პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებით არათუ კომპრომისული, არამედ კიდევ უფრო ხისტი გახდა. სულ რამდენიმე დღის წინ აშშ-მ მორიგი სანქციები დააწესა მუსლიმი უიღურების უფლებების უხეში დარღვევების გამო. აშშ-ის ადმინისტრაცია ასევე კატეგორიული იყო ჰონგ-კონგის, ტიბეტის პრობლემებთან, ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევებთან, კიბერთავდასხმებთან, ინტელექტუალური საკუთრების მოპარვასა და ეკონომიკურ შპიონაჟთან დაკავშირებით, მაგრამ… ვითარება განსაკუთრებით ტაივანის ირგვლივ დაიძაბა. ჩინეთის მზარდი წნეხი ტაივანზე და მისი ხელმძღვანელობის განცხადებები ჩინეთის შემადგენლობაში ტაივანის დაბრუნების გარდაუვალობის შესახებ, ჩინური სამხედრო თვითმფრინავების მიერ ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონის მრავალრიცხოვანი დარღვევის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა იმდენად ხისტი განცხადებები გააკეთა ტაივანის დამოუკიდებლობის შესახებ, რომ ისედაც რთული ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. მართალია, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოგვიანებით გარკვეული სიცხადე შეიტანა პრეზიდენტის განცხადებებში და დააფიქსირა, რომ ტაივანთან მიმართებით ათწლეულების მანძილზე არსებული „ორაზროვნების პოლიტიკა“ უცვლელი რჩება, მაგრამ ამან ვითარება ნამდვილად ვერ განმუხტა. შემდეგ იყო სი ძინპინის უარი შოტლანდიაში კლიმატური ცვლილებების სამიტზე მონაწილეობასთან დაკავშირებით, აშშ-ის მხრიდან კი ჩინეთის არმოწვევა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე და დიპლომატიური ბოიკოტი ჩინეთში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიადასთან მიმართებით. მოკლედ, თუ სადმე იქნება დემოკრატიის ტესტი და გამოცდა, ეს იქნება ტაივანი.
სხვათა შორის, როდესაც დემოკრატიის ტესტზე ვსაუბრობთ, ეს არ ეხება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს. მასთან ერთად მოუწევს პასუხისმგებლობის გაზიარება და ტვირთის ზიდვა ევროკავშირს. 27 ქვეყნისგან შემდგარ გაერთიანებაში დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან არაერთგვაროვანია. თუ ლიეტუვა უკიდურეს გამწვავებაზე წავიდა ჩინეთთან ურთიერთობაში და ტაივანთან ფაქტობრივად დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებს, გერმანიის ახალი ხელისუფლება მაინც არ ჩქარობს ანგელა მერკელის მემკვიდრეობის – ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ხელმოწერილი საინვესტიციო შეთანხმების კითხვის ქვეშ დაყენებას. უფრო ზოგადად, ევროკავშირი ნამდვილად არ არის ჯერ ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, თუ რას იზამს ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში და, შესაბამისად, არც აშშ-სთან ჩინეთის წინააღმდეგ „ცივ ომში“ ჩართვის მზადყოფნის რაიმე ნიშნებს ავლენს. ევროკავშირისგან განსხვავებით, უფრო მკაფიოდ პოზიციონირებენ ჩინეთთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია. სწორედ ბრიტანელ მოკავშირეებთან ერთად გააფორმა ისტორიული „AUKUS“-ის შეთანხმება აშშ-მ ავსტრალიასთან, რომლის თანახმად მოკავშირეები ავსტრალიას ბირთვული ტექნოლოგიებით აღჭურვილ წყალქვეშა ნავებს აუშენებენ.
შეთანხმებამ, ცხადია, შეაშფოთა ჩინეთიც და რუსეთიც, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც საფრანგეთი განარისხა. მისი მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გაუქმდა და აბა, რა იქნებოდა?! სხვათა შორის, ამ შეთანხმების შემდეგ გააქტიურდა საუბრები ექსპერტთა წრეებში, რომ ჯოზეფ ბაიდენის პოლიტიკა შეიცვალა, მაგრამ – არამნიშვნელოვნად; ანუ, ის ბევრით არ დაშორებულა დონალდ ტრამპის ცნობილ დევიზს „Make America Great Again“! ეს დამოკიდებულება ევროპის დედაქალაქებში ჯერ კიდევ ავღანეთიდან ქაოსური, არაკოორდინირებული და, თამამად შეიძლება ითქვას, კატასტროფული გასვლის პროცესში გაჩნდა. 20-წლიანი ძალისხმევის შემდეგ ავღანეთი ისევ თალიბანს ჩაჰბარდა. მზითევში თალიბებს აურაცხელი შეიარაღება და ტექნიკაც დახვდათ. ცხადია, არავინ ჩქარობს მათ აღიარებას, იმიტომ რომ თალიბი ისევ იმ თალიბად დარჩა – ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯა, ქალებისთვის და გოგოებისთვის მამაკაცებთან ერთ სივრცეში მუშაობა და სწავლა ისევ შეუძლებელი გახადა, საარჩევნო კომისიაც გააუქმა და სულ ბოლოს მანქანაში მუსიკის მოსმენაც კი აკრძალა. სამწუხაროდ, ჰუმანიტარული კატასტროფა ღრმავდება ავღანეთში, ტერაქტებიც გრძელდება (ჯერჯერობით ქვეყნის შიგნით), ნარკოტიკის წარმოება და ექსპორტიც საგრძნობლად იზრდება. მოკლედ, დემოკრატია ავღანეთში „ჩაფლავდა“.
დემოკრატია ვერც ყველაზე მრავალრიცხოვან დემოკრატიაში – ინდოეთშია საუკეთესო ფორმაში. პაკისტანზე ხომ საუბარიც ზედმეტია, მაგრამ ეს ქვეყნები მომავალ წელს თავიანთ მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ავღანეთთან მიმართებითაც, ცენტრალურ აზიაში გავლენების თვალსაზრისითაც და ჩინეთთან ურთიერთობის სხვადასხვა ხარისხის გათვალისწინებითაც.
როდესაც ახლო აღმოსავლეთზეა საუბარი, როდესაც უსაფრთხოებაზე და განსაკუთრებით ბირთვულ უსაფრთხოებაზე მსჯელობს მსოფლიო, ცხადია, პირველ რიგში ირანის ბირთვული პროგრამა განიხილება. კიდევ ერთი გამოცდა დასავლეთისთვის სწორედ ამ რეგიონში და ამ საკითხში იქნება. ახალი პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ხელმძღვანელობით ირანის პოზიცია ბირთვულ მოლაპარაკებებზე კიდევ უფრო ხისტი გახდა. სხვათა შორის, ეს არის კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა მისი წინამორბედის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ არ გააუქმა. ჯერჯერობით მუშაობს მაქსიმალური წნეხის პოლიტიკა და უმკაცრესი სანქციების რეჟიმი ირანთან მიმართებით, რომლის დაუყოვნებლივ მოხსნაც არის ირანის მხარის აუცილებელი პირობა ურანის გამდიდრების ტემპების შესამცირებლად და, აქედან გამომდინარე, ბირთვული იარაღის შექმნის გადასავადებლად. ისრაელში გამალებით ემზადებიან იმ მომენტისთვის, როდესაც ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა და, შესაბამისად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება გარდაუვალი გახდება. ეს პრობლემა კიდევ ერთი სერიოზული ტესტი/გამოცდა/გამოწვევა იქნება მსოფლიოსთვის და შესაძლოა უკვე მომავალ, 2022 წელს.
ბოლოსთვის მოვიტოვეთ ყველაზე მძიმე, ყველაზე სახიფათო და ჩვენთვის ყველაზე აქტუალური გამოცდა თავისუფალი სამყაროსთვის. გაზაფხულზეც იყო რუსული ჯარების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან, მაგრამ მაშინ ესკალაციას არ მოჰყოლია რუსეთის ულტიმატუმები. ამჯერად, ვლადიმირ პუტინი შორს გასცდა მხოლოდ უკრაინაში შეჭრას. მან აშშ-ის პრეზიდენტს და ნატო-ს წევრ-ქვეყნებს პირდაპირ, წერილობით ჩამოუყალიბა რამდენიმეპუნქტიანი ულტიმატუმი. კერძოდ, თუ აშშ და ნატო არ დადებს ხელშეკრულებას რუსეთთან, რომ აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთით; თუ არ დადებს პირობას, რომ გაიტანს შეიარაღებას და ტექნიკას ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებიდან აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და აღარ განათავსებს ახალ სარაკეტო სისტემებს პოლონეთში, რუმინეთსა და ბალტიის ქვეყნებში, მაშინ რუსეთი სამხედრო-ტექნიკურ ზომებს მიიღებს. აშშ და ნატო მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ არა ამ მოთხოვნების უპირობო შესრულებისთვის. დროში გაწელილი დიალოგი კი რუსეთს არ აწყობს. თუ მივიღებთ მხედველობაში პირადად ვლადიმირ პუტინის მიერ წარმოებულ უწყვეტ პროპაგანდისტულ „საარტილერიო“ იერიშს უკრაინაზე; აგრეთვე, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ისედაც იმყოფებიან რუსი სამხედროები და ბოლო მონაცემებით იქ თავს იყრიან რუსი დაქირავებული მებრძოლები მთელი მსოფლიოდან, ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გაუძლოს უკრაინაში შეჭრის ცდუნებას. თავის მხრივ, უკრაინა ემზადება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო დონეზე. თუ საქმე პარტიზანულ ომებამდე მივიდა, არსებული ინფორმაციით, დამატებით 500 ათასი კაცი მიიღებს ამ ომში უკრაინის მხრიდან მონაწილეობას. უკრაინა ასევე იღებს სამხედრო დახმარებას აშშ-ისა და ცალკეული ევროპული სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ… არასაკმარისს. რატომ? იმიტომ, რომ ზამთარია. მერე რა, რომ ზამთარია? მერე ის, რომ ცივა, გაზის მოწოდება რუსეთიდან მაინცდამაინც ზამთარში მცირდება (ჩვენ ვერ გაგვაკვირვებენ). ერთი სიტყვით, ევროპელს, პოლიტიკოსს თუ მაღაზიის მფლობელს, ისევ მოუმზადებელს და საფრთხის ბოლომდე გაუცნობიერებელს, ჰგონია, რომ არ ღირს რუსეთის ბოლომდე გადარევა და უმჯობესია მასთან მოლაპარაკება. არა, ყველა ასე არ ფიქრობს. მაგალითად, შვედები, ბრიტანელები, ბალტიელები და პოლონელები მზად არიან, ღიად ჩაერთონ უკრაინის მხარეს, მაგრამ გერმანიის ახალ კანცლერს, ოლაფ შოლცსაც ნორდსტრიმ 2-ის გაზსადენი – წმინდა ეკონომიკურ პროექტად, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს კი რუსეთთან დიალოგი აუცილებლად მიაჩნიათ.
რომ შევაჯამო, უკრაინაში ყველასთვის დიდი გამოცდა იქნება. აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას 2022-ში შუალედური არჩევნები ელოდება. პროგნოზები მათ სასიკეთოს არაფერს გვეუბნება. ასე რომ, პირადად ჯოზეფ ბაიდენს და მის პარტიას, აგრეთვე, გერმანიის ახალ კანცლერს და მის „შუქნიშან“ კოალიციას, პრეზიდენტ მაკრონს მომავალი წლის არჩევნებით, ზოგადად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თავისი ახალი სტრატეგიული კონცეფციით, გეოპოლიტიკურ ევროკომისიას და ევროკავშირს თავისი მომავალი „სტრატეგიული კომპასით“ შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოცდა ელოდება.
უყურადღებოდ არც მეზობელი თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი დაგვრჩება. ჩვენს მეზობლებს ერთმანეთს შორის უაღრესად კომპლექსურ ურთიერთობებში, ისევე როგორც მათ წინაშე ინდივიდუალურად არსებული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით (განსაკუთრებით თურქეთს) თავიანთი გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, ხოლო ჩვენ, საქართველოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში, აგრეთვე, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან მიმართებით მკაფიო პოზიციების დაფიქსირების და საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტებისადმი ერთგულების დამტკიცების წელი დაგვიდგება.
მშვიდობას, ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ მომავალ 2022 წელს!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023