"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

2022 — რას გვერჩოდა?!

ალექსი2

სტატია თავდაპირველად დაიბეჭდა Forbes Georgia-ს იანვრის ნომერში.

2022 რომ რთული წელიწადი იქნებოდა, 2021-ის ბოლოში უკვე ცხადი იყო. რუსეთის მიერ აშშ-სა და ნატო-სთვის წაყენებული ულტიმატუმის შესრულების შანსი ნულის ტოლფასი იყო, რაც ულტიმატუმის ფორმამაც განაპირობა: მოსკოვმა ვაშინგტონს საჯაროდ მოსთხოვა მოლაპარაკება საკითხებზე, რომლებზეც წინასწარ იცოდნენ, რომ უარი მოვიდოდა. პუტინის მოლოდინს, რომ ნატო-ში ნაპრალი გაღრმავდებოდა, 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილება გაუქმდებოდა და 1997 წლის ნატო-რუსეთის ქარტიის ხელმოწერის შემდეგ გაწევრიანებული ქვეყნებიდან იქ განლაგებული შეიარაღება და ცოცხალი ძალა გავიდოდა, განხორციელება არ ეწერა. ამავე დროს, უკრაინის ირგვლივ კონცენტრირებული იყო 190 ათასამდე რუსი სამხედრო, ასეულობით ტანკი და მძიმე ტექნიკა. ასე რომ, 2021-ის ბოლო 2022-ში მსოფლიოს კარგს ნამდვილად არაფერს უქადდა.

როგორც ირკვევა, რუსეთში მხოლოდ პუტინმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ იცოდა დაზუსტებით, რომ უკრაინაში შეიჭრებოდნენ (ექსპერტების მტკიცებით, ეს იყო პუტინის უახლოესი პირი, მისი მთავარი პარტნიორი და თანამოაზრე, მილიარდერი კოვალჩუკი, უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი და თავდაცვის მინისტრი შოიგუ), ყველა დანარჩენს ალბათ მაინც სადღაც გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა, რომ დაიწყებოდა მოლაპარაკება აშშ-თან და, სხვა თუ არაფერი, უკრაინაზე მაინც მოხდებოდა ზეწოლა პუტინის მოთხოვნებიდან ერთ-ერთის დასაკმაყოფილებლად. ამასობაში, ვაშინგტონშიც, ლონდონშიც და ევროპის კიდევ რამდენიმე დედაქალაქში ასევე ზედმიწევნით ზუსტად იცოდნენ, თუ რას აპირებდა პუტინი.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაც არ უნდა ჰქონოდა გეგმაში პუტინს, 2022 წელს ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ნატო ფართოვდება – შვედეთი და ფინეთი სადაცაა გაწევრიანდებიან; უკრაინა ევროკავშირსაც და ნატო-საც კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა და ნატო-ს ყველაზე სერიოზული უსაფრთხოების ფარი ხდება ევროპაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმიით და უკვე ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებით; ნატო ერთიანი აღმოჩნდა, როგორც არასდროს; ნატო-ს წევრ ცენტრალური ევროპის ქვეყნებში კიდევ უფრო მეტი შეიარაღება და ცოცხალი ძალა განთავსდა, ხოლო პუტინის მთავარი არასამხედრო იარაღი – ფასები ენერგომატარებლებზე/ევროპის დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე, აგრეთვე შემდგომში მსოფლიოს სასურსათო უზრუნველყოფის საფრთხის ქვეშ დაყენება, რბილად რომ ვთქვათ, არაეფექტური აღმოჩნდა.

ასეა თუ ისე, დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინელი ხალხი და მათი ლიდერი, პრეზიდენტი ზელენსკი თავის გუნდთან ერთად გმირულად იბრძვის, წარმატებებს აღწევს ბრძოლის ველზეც და საერთაშორისო არენაზეც, პუტინი მყარად იმკვიდრებს ნომერ პირველი ტერორისტის სტატუსს, ხოლო მისი ქვეყანა და ხალხი სულ უფრო მეტად ხდება „კეთროვანი“ ცივილიზებული სამყაროსთვის.

როგორც ცნობილია, ბევრი არ ელოდა უკრაინის მხრიდან ასეთ გმირულ წინააღმდეგობას. 72 საათში კიევის დაცემას პროგნოზირებდნენ მავანნი და პრეზიდენტ ზელენსკის ქვეყნიდან გაყვანასაც სთავაზობდნენ, მაგრამ პირადად ჩემთვის სასიამოვნოდ მოულოდნელი იყო შემდგომ კვირებში დასავლეთის საოცრად ერთიანი და ხისტი რეაქცია. სანქციები, რომლებიც თავს დაატყდა პუტინს, რუსეთს, ოლიგარქებს, ბიზნესებს, სახელმწიფო და კერძო საწარმოებს, რიხტერის სკალით 7-ბალიანი სიმძლავრის მიწისძვრა იყო. არადა, ამ დროს, პანდემიის შოკიდან მსოფლიო ეკონომიკამ თითქოს გამოსვლა დაიწყო და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც წავიდა ზემოთ ბევრგან, მათ შორის – რუსეთშიც.

ყველა თანხმდება, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელი ომი შუაგულ ევროპაში არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, აგრეთვე არ არის ომი მხოლოდ ორი ქვეყნის არმიებს შორის, არამედ ეს არის რეალური ჯახი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის (ჰანტინგტონის „ცივილიზაციათა ჯახის“ თეორიის მოდიფიცირება რუსეთ-უკრაინის ომში მივიღეთ, თუ შეიძლება ასე ითქვას).

ომის შედეგებს ექნება გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე, მაგრად კიდევ უფრო მასშტაბურ გავლენას მოახდენს გლობალურ წესრიგზე. მაგალითად, ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დასრულდება ეს ომი. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის კონტექსტში სულ უფრო აქტუალური ხდებოდა წლის განმავლობაში ტაივანის უსაფრთხოების საკითხი. მართალია, პანდემიის პრობლემა ჩინეთს ბუმერანგივით დაუბრუნდა და მისი ეკონომიკური ზრდა ბოლო წლების ყველაზე ცუდ მაჩვენებელზე დაეცა (3.2%), პრობლემები ასევე გაღრმავდა კერძო საკუთრებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომის ჭრილში ტაივანის უსაფრთხოების საკითხმა მისი გლობალური ავტორიტეტის მდგრადობაც სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. პრობლემის სიმწვავემ კულმინაციას აშშ-ის კონგრესის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის დროს მიაღწია. ამასთან, დღის წესრიგში იდგა პრეზიდენტ სი ძინპინის მესამე ვადით არჩევის საკითხი. შესაბამისად, რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაზე აქტუალურ კითხვად იქცა, დაარტყამს თუ არა ჩინეთი ტაივანს? პუტინისგან განსხვავებით ყოველთვის თავშეკავებულმა სი ძინპინმა მოთმინების პოლიტიკა აირჩია. ცხადია, მას კარგად ესმოდა, თუ რას გამოიწვევდა ჩინეთის სამხედრო აგრესია ტაივანში. მან ეს ნათლად დაინახა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და უკრაინისთვის გაწეული სამხედრო და ფინანსური დახმარების ფონზე. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე ეკონომიკური პრობლემების გარდა, ჩინეთის ეკონომიკა ძალიან სერიოზულ ურთიერთდამოკიდებულებაშია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აგრეთვე ევროკავშირთან, იაპონიასთან და თავად ტაივანთან. ამდენად, ამ ეტაპზე „გადაგორება“ გადაწყდა. მესამე ვადით არჩეულ სი ძინპინს ჯერ პანდემიით გამოწვეულ პროტესტებთან გამკლავება და ეკონომიკური პრობლემების მოგვარება უდგას დღის წესრიგში.

რაც შეეხება მის სტრატეგიულ კავშირს აგრესორ რუსეთთან, ჩინეთის სტრატეგია აქაც „მდინარის ნაპირას ჯდომით“ განისაზღვრება. ჩინეთი ყიდულობს რუსულ ნავთობს და გაზს, ოღონდ განსაკუთრებული ფასდაკლებით; ჩინეთმა მხარი დაუჭირა რუსეთს ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგ გამოხატულ დამოკიდებულებაში, მაგრამ ჩინეთი რჩება ერთგული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის; ჩინეთი არ უერთდება სანქციებს, არ უჭერს მხარს გაერო-ს რეზოლუციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ არ აწვდის რუსეთს არათუ შეიარაღებას, არამედ სხვა სამხედრო აღჭურვილობასაც კი; ჩინეთი საუბრობს რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე, მაგრამ დახურულ კარს მიღმა მკაცრად აფრთხილებს რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე. ყველასთვის ცხადია, რომ თუ რუსეთი სწრაფად შეძლებდა უკრაინის დაპყრობას და დემოკრატიული ხელისუფლების ჩამოგდებას, ხოლო კოლექტიური დასავლეთის პოზიცია იქნებოდა არასაკმარისად ხისტი და პრინციპული (როგორც არაერთხელ ყოფილა უახლეს ისტორიაში), ჩინეთი გაცილებით უფრო „თამამი“ იქნებოდა ტაივანის ყველა შესაძლო გზებით „შემოერთების“ საკითხში. ახლა კი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ცისქვეშეთის კანცელარია ნელ-ნელა გადადის „სით ენდ უეით“ „მოუდში“, ანუ რუსეთის კატასტროფული მარცხის შემთხვევაში, სულ მცირე, მისი გავლენა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გახდება განუზომელი, ხოლო ცალკეული სცენარების განვითარების, მაგალითად, რუსეთის დეზინტეგრაციის პროცესის დაწყების შემთხვევაში ამ უკანასკნელის გარკვეული ტერიტორია აუცილებლად აღმოჩნდება ჩინეთის იურისდიქციის ქვეშ.

ჩინეთისგან განსხვავებით, რუსეთის მხარდაჭერის, მასთან სამხედრო მოკავშირეობის თვალსაზრისით გაცილებით უფრო მკაფიოდ პოზიციონირებს ირანი. აიათოლების რეჟიმი წლების მანძილზე ახერხებდა სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების გამო მილიონობით ირანელში გაზრდილი პროტესტის და უკმაყოფილების ძალისმიერი გზით ჩახშობასა და დროებით განეიტრალებას, მაგრამ წელს ირანელი ქალების პროტესტმა რეჟიმი საფუძვლიანად შეაჯანჯღარა. პროტესტი ახლაც გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა დაიწყო, პროტესტი მთელ ქვეყანაშია მოდებული და რთული სათქმელია, რა შედეგით დასრულდება. ამ ფონზე კიდევ უფრო თვალში საცემი გახდა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურება. ირანული დრონები და ბალისტიკური რაკეტები რუსული მოიერიშე და ბომბდამშენი თვითმფრინავების სანაცვლოდ – ასე გამოიყურება დღეს რუსეთ-ირანის სამოკავშირეო ურთიერთობები. როგორც იტყვიან, წილი ნაყარია – ირანი რეალურად რუსეთ-უკრაინის ომში გამოკვეთილი მხარეა, ირანთან ბირთვულმა შეთანხმებამ კი შესაძლოა, „ჩაილურის წყალიც დალია“.

ირანის კონტექსტში, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რა ხდება ისრაელში. რა მოხდებოდა სხვა, თუ არა ისევ არჩევნები და… ისევ ნეთანიაჰუ. რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას არც ისრაელი ჩქარობს, თუმცა, თუ ირანი ბალისტიკური რაკეტების გადაცემას დაიწყებს, სანაცვლოდ საკუთარ შეიარაღებას განიმტკიცებს და, რაც მთავარია, რუსეთის დახმარებით ბირთვული იარაღის შექმნის საკითხში წინ წაიწევს, ისრაელი ასევე დაიჭერს მხარეს, რა თქმა უნდა, რუსეთისა და ირანის საწინაღმდეგო მხარეს!

ვფიქრობ, რომ მომავალი წელი მართლაც გადამწყვეტი და განმსაზღვრელი იქნება გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურისა და მსოფლიო წესრიგის თვალსაზრისით. უკრაინამ უკვე აჩვენა, რომ შეუძლია გამარჯვების მოპოვება. თუ მას ექნება სრულფასოვანი და დროული მხარდაჭერა, უკრაინა შეძლებს რუსეთის დამარცხებას! იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების დაპირება, იდგნენ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება, გამარჯვებისთვის საჭირო შეიარაღების მიწოდებასა და ფინანსურ მხარდაჭერაში გადაითარგმნება, რითაც, თავის მხრივ, დემოკრატიის ავტოკრატიასთან ბრძოლაში გამარჯვების დაჩქარებას დაეხმარება.

გააზიარე