"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
2022 - წელი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო
როდესაც 2022 წელი დაიწყო, ვლადიმერ პუტინს უკვე გაჟღერებული ჰქონდა ულტიმატუმი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მისამართით! მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას მოასწავებდა, გულის სიღრმეში მაინც ვიტოვებდი იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა საშუალებას მისცემდა უკრაინას, თავიდან აეცილებინა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მისმა პარტნიორებმა ევროატლანტიკურ სივრცეში მართლაც ბევრი გააკეთეს და კომპრომისული ნაბიჯის გადადგმისთვის მზადყოფნის შესახებ ღიად განაცხადეს (ზოგიერთი მათგანი ჩემთვის სრულიად მიუღებელი), გერმანიის ახლად არჩეულმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა კი პირადად ვლადიმერ პუტინს დაუფიქსირეს, პრაქტიკულად საჯარო ფიცი დადეს, რომ უკრაინას ახლო მომავალში ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა არ ჰქონდა და არავითარი შეიარაღების განთავსებას უკრაინის ტერიტორიაზე ნატო არ აპირებდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე გადადგა ნაბიჯები სიტუაციის განმუხტვის მიმართულებით, მაგრამ ვლადიმერ პუტინს, ნიკოლოზ პატრუშევს და შოიგუს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ.
24 აგვისტოს 6 თვე შესრულდება, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ბავშვი, ქალი და მოხუცი შეეწირა რუსეთის ტერორს! მილიონობით უკრაინელი იძულებული შეიქნა, ქვეყანა დაეტოვებინა; ტერორისტმა რუსეთმა ათასობით საცხოვრებელი სახლი, საავადმყოფო, სკოლა, თეატრი და რელიგიური დაწესებულება დაბომბა, ახალი ტერიტორიების დროებით ოკუპაციაც შეძლო, მაგრამ……
- 2022 წელს დაიბადა ძლიერი, ერთიანი და თავისუფლების მოყვარული უკრაინული ერი;
- 2022 წელს უკრაინა აღიჭურვა ნატო-ს უმაღლესი სტანდარტების შეიარაღებით (მთელ რიგ ნატო-ს წევრ ქვეყნებს დღესაც კი არ აქვთ მსგავსი შეიარაღება);
- 2022 წელს ნატო-ში გაწევრიანდნენ მანამდე ნეიტრალური ფინეთი და შვედეთი (იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი 9 ქვეყანაც გაუკეთებს რატიფიცირებას ფინეთის და შვედეთის გაწევრიანების შეთანხმებას);
- 2022 წელს დაიმსხვრა მითი რუსეთის მსოფლიოში მეორე არმიის შესახებ;
- 2022 წელს რუსეთი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში მისთვის დაწესებული 10 ათასზე მეტი სანქციით. რუსეთმა გადაუსწრო ირანს, ჩრდილოეთ კორეას, სირიას და კუბას;
- 2022 წელს რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. მასთან მჭიდრო ურთიერთობებს ერიდებიან ტრადიციული პარტნიორები ცენტრალური აზიიდან და შორეული აღმოსავლეთიდან. ის ოდენ აფრიკის სუსტი ეკონომიკის ქვეყნების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, თუმცა, ნილოსს ცრემლების არ სჯერა J. არც აფრიკის კონტინენტი გახდება რუსეთის საიმედო საყრდენი.
- 2022 წელს ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს დამოკიდებულება რუსულ ენერგომატარებლებზე და დაასრულოს შანტაჟი, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე ეწეოდა რუსეთი;
- 2022 წელს შეჩერდა ჩრდილოეთის ნაკადი 2 გაზსადენის პროექტი და 75%-ით შემცირდა რუსული გაზის მიწოდება ევროპისთვის;
- 2022 წელს ნატო-მ მადრიდის სამიტზე მიღებულ ახალ კონცეფციაში რუსეთს დაარქვა თავისი სახელი – მთავარი საფრთხე ევროატლანტიკური თანამეგობრობისთვის.
უკრაინა ბრძოლას აგრძელებს, დემოკრატიული თანამეგობრობა კი მის მხარდაჭერას. არსებული გლობალური ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით, ის ფინანსური დახმარება, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნები უკრაინას აწვდიან, ნამდვილად ძალიან სერიოზულია და უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ცივი ომის დასრულების შემდეგ, ათწლეულების მანძილზე თავდაცვის ბიუჯეტების შემცირების შედეგად საგრძნობლად შესუსტებული სამხედრო აღჭურვის ფონზე ევროპის ქვეყნებმა მაინც შეძლეს, რომ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება მიეწოდებინათ უკრაინისთვის. რა თქმა, უნდა განმსაზღვრელი როლი მაინც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეასრულა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოეწერე ხელი ლენდ ლიზის პროგრამას, რომელიც სექტემბრიდან ამუშავდება. აგრეთვე, ისტორიული მისია იკისრა თავის თავზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან ერთად, სწორედ ბორის ჯონსონი იყო, რომელიც ჩაუდგა სათავეში უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომის მობილიზების პროცესს.
წინ კიდევ არასრული 5 თვეა 2022 წლის დასრულებამდე, მაგრამ ის ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც წელი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. თუ მანამდე დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის იყო დაძაბული, მაგრამ მაინც ბიზნესის და ეკონომიკის წესებით ნაკარნახები ურთიერთობები, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ პრაქტიკულად გაუქმდა დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთსა და დემოკრატიულ სამყაროს შორის; ისტორიულ მინიმუმზე დავიდა ურთიერთობები ჩინეთთან და სრულიად სამყარო ალაპარაკდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე.
პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში რომ ეს ვითარება არ შეიცვლება, ეს ცალსახაა, ისევე როგორც მისი სხვა, მასზე უფრო უარესი კაგებეს კადრით (მაგ. ნიკოლაი პატრუშევით) ჩანაცვლების შემთხვევაში. პუტინს და მის თანამზრახველებს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგომის საფრთხე ემუქრებათ, მაგრამ მანამდე ისინი იმედოვნებენ, რომ ენერგომატარებლების მიწოდებაზე შანტაჟით, ცივი შემოდგომის და ზამთრის პირობებში, ევროპაში მმართველი ელიტები ჩამოიშლება, წნეხი კი უკრაინაზე გაიზრდება (რუსეთთან დაზავების მიზნით მოლაპარაკებების დაწყებაზე). პუტინის დათვლა აქაც მცდარია – ევროკავშირი დარაზმულია, აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეუმსუბუქოს სუსხიანი ზამთარი ევროკავშირს. შეიძლება სადღაც, ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში კიდეც გაისმას რუსეთთან უკრაინის ომით გადაღლის წუხილები, მაგრამ……
დემოკრატიულმა თანამეგობრობამ, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ რუსეთი თუ ახლა გაიმარჯვებს, ან ამოისუნთქებს და დროს მოიგებს, პუტინს აღარაფერი გააჩერებს და მისი შემდეგი სამიზნე არათუ მხოლოდ საქართველო და მოლდოვა იქნება, არამედ თავად ნატო-ს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გახდებიან.
წინ შემოდგომაა. გაერო-ს გენერალური ასამბლეაც იქნება სექტემბერში და დიდი ოცეულის სამიტიც – ნოემბერში. ვიმედოვნებ, რომ მაგ დროისთვის უკრაინა მიიღებს დამატებით აუცილებელ შეიარაღებას და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს ოკუპანტ და ტერორისტ რუსეთთან ომში. აგრეთვე, გავლენიანი საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, რუსეთს, მის რიგით მოქალაქეს რეალურად შემოდგომაზე დაეტყობა დაწესებული საერთაშორისო სანქციების ეფექტი. რუსეთი ფრონტზეც გამოიფიტება და სახლშიც. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი ან იარაღს დაყრის ან მას ოქტომბრის მორიგ რევოლუციას მოუწყობენ, მაგრამ რუსეთის მოსახლეობა რეალურად იგრძნობს, რომ პუტინის რეჟიმი მათ უფსკრულისკენ მიაქანებს.
შეიძლება თუ არა ჰქონდეს პუტინს ჩინეთის და მისი პრეზიდენტის სი ძინ პინის იმედი? არასდროს J. ჩინეთს რუსეთთან მიმართებით სწორი სტრატეგია აქვს არჩეული, რომელიც გარკვეულწილად მდინარის პირას მჯდომის შესახებ ჩინურ სიბრძნეზეა დაფუძნებული. ჩინეთი ელოდება, როდის დასუსტდება კიდევ უფრო მეტად რუსეთი და დადგება მომენტი, როდესაც მისი „გადაყლაპვა“ მეათედი ფასი დაუჯდება ცისქვეშეთის კანცელარიას.
თუმცა, საქმე მხოლოდ რუსეთში არაა. ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში დემოკრატიამ, როგორც იქნა, ძალის დემონსტრირება მოახდინა. ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში იყო ღია სიგნალი ავტოკრატიებისთვის – აშშ და მასთან ერთად დემოკრატიული თანამეგობრობა უკან არ დაიხევს და სერიოზულად არის განწყობილი ბრძოლისა და გამარჯვებისთვის.
ჩინეთის რეაქცია, ჩემი აზრით, დამაზიანებელი იყო თავად ჩინეთისთვის და, მით უმეტეს, პრეზიდენტ სი ძინ პინისთვის, რომელსაც წინ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ძალიან მნიშვნელოვანი ყრილობა ელოდება. 1.4-მილიარდიანი ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა, უჰანის პროვინციიდან წამოსული და მასთანვე ბუმერანგივით მიბრუნებული კოვიდ-19 პანდემიის ნეგატიური ზემოქმედების შედეგად, აგრეთვე, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გამო, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე დიდ სირთულეებს განიცდის (რა თქმა უნდა, ეს არ დარჩებათ ჩინეთის კომუნისტ პარტიულ ბოსებს). ჩინეთმა მკაფიოდ დაინახა, რომ ჰონგ კონგის მსგავსად, ტაივანის გადაყლაპვა უმტკივნეულოდ მას არ გამოუვა და საკმაოდ დიდი ფასის გადახდა მოუწევს. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით არ უყურებს ტაივანზე სამხედრო თავდასხმას. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ძალიან შორს არის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისგან, მდგომარეობა მაინც განსხვავებული რუსეთში არსებული დიქტატურული მმართველობის სისტემისგან. შესაბამისად, არც ჩინეთის ხელისუფლება იჩქარებს გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც გამოიწვევს მის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების დაწესებას, აშშ-თან და ევროკავშირთან, აგრეთვე, ინდოეთ-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან ურთიერთობების უფრო მეტად დაძაბვას და ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას.
მიუხედავად ბოლო პერიოდში საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისა (ალ ქაიდას ლიდერის ალ ზავაჰირის ლიკვიდაცია, ნენსი პელოსის ვიზიტი, ამერიკული ჰაიმარსების ომში ჩართვით მიღწეული თვალსაჩინო შედეგები და სხვა), დემოკრატების ადმინისტრაციას ასევე ელის დიდი გამოცდა ნოემბერში შუალედურ კონგრესის და სენატის არჩევნებზე. პროგნოზები არცთუ ისე სახარბიელოა დემოკრატიული პარტიისთვის. თუმცა, რესპუბლიკელების მიერ კონგრესზე და სენატზე კონტროლის დაბრუნება ნამდვილად არ იქონიებს უარყოფით გავლენას უკრაინელების ბრძოლაზე ოკუპანტი და ტერორისტი რუსეთის წინააღმდეგ. სხვა ვითარება დადგება, თუ დონალდ ტრამპი გადაწყვეტს კენჭი იყაროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და შეძლებს გამარჯვების მიღწევას, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ შორია.
2022 წლის ბოლომდე დედამიწა ისევ უკრაინის გარშემო იტრიალებს და ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში განვითარებული პროცესები იმდენად სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს მთელ დანარჩენ მსოფლიოზე, რომ არც 2023-ში და მითუმეტეს, არც 2024-ში მსოფლიო ისეთი აღარ/ვეღარ იქნება, როგორიც იყო 2022 წლის 24 თებერვლამდე.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023