"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

30 წლის შემდეგ: აღარც ტრაბანტი, არც შტაზილენდი...

30 წლის შემდეგ: აღარც ტრაბანტი

წარმომიდგენია, რა შეგრძნება ექნებოდათ გერმანელებს ბერლინის კედლის ორივე მხარეს 1987 წლის 12 ივნისს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, ბრანდებურგის კარიბჭის ფონზე, ისტორიული სიტყვებით მიმართა საბჭოთა კავშირის ლიდერს: “ბატონო გორბაჩოვ! მოანგრიეთ ეს კედელი”! ძალიან მინდა იგივე განვიცადოთ, რაც მილიონობით გერმანელმა 1989 წლის 9 ნოემბერს, როდესაც 1961 წელს აშენებული 168 კმ-იანი კედლის ნგრევა დაიწყეს და ორივე მხარეს ერთი ერის შვილები აღმოჩნდენ, ერთმანეთს მაგრად ჩაეხუტნენ და ოდნავ მოგვიანებით, 1990 წლის 3 ოქტომბერს ისევ დიდ ოჯახად გაერთიანდნენ.

მაშინ მხოლოდ ბერლინის კედელი არ დაინგრა. მაშინ სოციალისტური ქვეყნების “საკონცენტრაციო” ბანაკის გალავნებიც ჩამოიშალა და ჩამოინგრა. მაშინ საბჭოთა კავშირის მავთულხლართებიც კიდევ უფრო მეტად გაირღვა; კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ 1989 წლის 9 აპრილი უკვე მომხდარი იყო, ჩვენი სისხლი დაღვრილი იყო და სსრკ-ს არსებობის დღეებიც უკვე დათვლილი იყო. მაშინ, უფრო ზუსტად კი 1989 წლის 31 მაისს ქალაქ მაინცში აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს (უფროსს) უკვე წარმოთქმული ჰქონდა ჰქონდა ასევე ისტორიული სიტყვა, რომელშიც ის გამოვიდა კონკრეტული ინიციატივებით “ერთიანი და თავისუფალი ევროპის” იდეის განსახორციელებლად.

თუმცა, მანამდე იყო მესაზღვრეების მიერ გადარბენის მცდელობის დროს დახვრეტილი, ნაღმებზე აფეთქებული, ან მათგან მიღებული ჭრილობების შედეგად დაღუპული თუ მდინარე შპრეეში დამხრჩვალი მშვიდობიანი გერმანელის მიერ გაღებული მსხვერპლი. გავა დრო და ყველა ადამიანი, ვინც უშუალოდ ასრულებდა და, რაც მთვარია, გასცემდა ამ ბრძანებებს, წარსდგება სასამართლოს წინაშე და მიიღებს შესაბამის სასჯელს.

თუმცა, მანამდე იყო შტაზილენდი – ასე ეძახდნენ გდრ-ის ნაწილ ბერლინში მაგდალენშტრასეზე განთავსებულ კვარტალს, სადაც იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამინისტრო, ციხე, უშიშროების საუწყებო შენობები, საკუთარი პოლიკლინიკა და მაღაზიაც კი. მაგდალენშტრასეს პირობითად აღმოსავლეთ ბერლინის ყველაზე გრძელ ქუჩასაც კი უწოდებდნენ, იმიტომ რომ მაგ ქუჩაზე თუ მოხვდებოდი, მის გასავლელად შეიძლება რამდენიმე წელი დაგჭირვებოდა, როგორც ეს დაჭირდა შტაზის ციხეგამოვლილ 250-270 ათას გერმანელს. ახლა ამ შენობაში მუზეუმია განთავსებული, რათა ხალხმა იცოდეს, რა იყო შტაზილენდი და რა სისტემას ემსახურებოდა ის.

თუმცა, მანამდე იყო მახინჯი, უფორმო და უვარგისი, საბჭოთა “ზაპოროჟეც”-ის ძმობილი “ტრაბანტი”. კატასტროფა! წარმოიდგინეთ იმ ერის მდგომარეობა და განცდა, რომელმაც შექმნა ლეგენდარული “მერსედეს ბენცი” და “ბაიერიშე მოტორენ ვერკე – ბმვ” და უცებ… ასანთის კოლოფის მდაგვარი გაუგებარი კონსტრუქცია. ამასთან, მის მფლობელს მაგრად უნდა სცოდნოდა მექანიკა, ვინაიდან ბატონების დაიმლერისა და ბენცისგან გასხვავებით, ტრაბანტის შემქმნელები გაცილებით უარესად ერკვეოდნენ საქმეშიც და კიდევ უფრო ნაკლებად ფიქრობდნენ მომხმარებელზე.

1990 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაფერი უკან დარჩა. ისტორიას ჩაბარდა. გერმანელების ცხოვრების დონის გათანაბრებას ათწლეულები დაჭირდა. 1997 წლიდან მოყოლებული, გერმანიის მთავრობას აქვს გაერთიანების ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ასახავს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიაში მცხოვრები გერმანელების ყოფას, იძლევა მონაცემებს მათ ხელფასებისა და შემოსავლების შესახებ და წარმოადგენს ერთგვარ შედარებით ანალიზს. გერმანელებს უყვართ ციფრები. ყველაფერს ითვლიან, ყველაფერს აანალიზებენ. ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც აშენებენ ქვეყანას ძალიან მაგრად. იმიტომაც უმჯობესდება ეს მონაცემები წლიდან წლამდე. მაგალითად, გასული წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ გერმანელის შემოსავალი დღეის მდგომარეობით შეადგენს მისი დასავლელი თანამოქალაქის 85%-ს, აღმოსავლეთ ნაწილის მთლიანი შიგა პროდუქტი შეადგენს დასავლეთის 74.7%-ს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 2010 წელს ეს მაჩვენებელი უტოლდებოდა 71.6%, რომ არაფერი ვთქვათ 1990 წლეზე, როცა ის იყო 43%. გასულ წელს აღმოსავლეთ ნაწილში ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე დასავლეთში, შესაბამისად 1.6% ვს. 1.4%. ათბალიანი შეფასების სისტემით, 10-დან 7 ადამიანი თვლის, რომ გაერთიანების შემდეგ ცხოვრება გახდა უკეთესი. პროცენტებში თუ ავიღებთ, ასე ფიქრობს 64% დასავლეთ გერმანიაში და 59% – აღმოსავლეთში. ხელფასებიც შევადაროთ და გვეყოს ციფრები. დასავლეთ ნაწილში საშუალო ხელფასი 2018 წელს შეადგენდა 3434 ევროს, აღმოსავლეთში – 2707.

ანუ სტატისტიკასაც თუ დავაკვირდებით და გერმანელებსაც თუ მოვუსმენთ, სრულფასოვანი გაერთიანების პროცესი დასრულებული არ არის. სწორედ ამის თაობაზე საუბრობდა 3 ოქტომბერს ერთიანობის 29-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჰამბურგში დაბადებული და აღმოსავლეთ გერმანიაში გაზრდილი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. გერმანიაშიც არის “ოსტ-ალგია”, ანუ აღმოსავლეთ გერმანიისადმი ნოსტალგია (აი მაგათ თავებშიჩამახედა, თორემ 37 მანეთიანების ფანებო – გიხაროდენ!) , ისევე როგორც არის ალტრაიტის, ანუ ულტრა მემარჯვენე აფდ-ს აღზევების სახიფათო ტენდენციაც. ასე რომ, 30 წლის შემდეგაც კი, როდესაც აღარც ტრაბანტია და არც შტაზილენდი, ერთიანი გერმანიის საქმე, დაწყებული 1989 წელს, ბოლომდე მიყვანილი ნამდვილად არ არის. არა მხოლოდ გერმანიაში…

საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ დარჩა მისი მემკვიდრე. გერმანელებმა შტაზილენდი თუ მუზეუმად აქციეს, რუსული ლუბიანკა ისევ მოქმედია და ისევ “რულავს”. ისევ აშენებს კედლებს, აგებს მავთულხლართებს, კლავს და აწამებს ადამიანებს, რომლებიც მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოში საქართველოში საკუთარ მიწა-წყალზე მშვიოდბიანად გადაადგილებას ცდილობენ. ჩვენთან არ არის სამწუხაროდ “ჩექ ფოინთ ჩარლი”, რომელიც შეიძლება მომავალში სელფების გადაღების ყველაზე პოპულარულ ადგილად იქცეს. ჩვენთან არის გადასასვლელები, რომლებსაც აკონტროლებენ რუსები და საკუთარი ხასიათის მიხედვით ხან ხურავენ და ხან ხსნიან. თუ “მოეპრიანებათ” დაშავებულ ადამიანს, რომელსაც გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ესაჭიროება, საქართველოში გადმოუშვებენ, თუ არა, სასიკვდილოდაც თავისუფლად გაწირავენ.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ევროპულმა ერმა დააღწია თავი რუსულ მავთულხლართს და ცხოვრობს თავისუფლად და გაცილებით უკეთესად, იდეა ერთიანი და თავისუფალი ევროპის შესახებ ბოლომდე განხორციელებული ნამდვილად არ არის. სამწუხაროა,რომ დღეს მსოფლიოს აღარ ყავს რონალდ რეიგანი, მარგარეტ ტეტჩერი, ჰელმუტ კოლი და ფრანსუა მიტერანი, მაგრამ მთავარია, ჩვენი მეგობრები ხედავენ და ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლის იუბილეზე ხმამაღლა აცხადებენ, რომ “რუსეთი, რომელსაც მართავს უშიშროების ყოფილი (არ არსებობენ მანდ ყოფილები) საშუალო რანგის ოფიცერი, რომელიც კლავს მეზობლებს და იპყრობს მათ ტერიტორიებს, არ არის და ვერ იქნება მათი პარტნიორი….. ამიტომაც საჭიროა, რომ ნატო გაფართოვდეს”. ეს სიტყვები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ეკუთვნის.

გნებავთ, გამოუსწორებელ ოპტიმისტად ჩამთვალეთ, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველა მოვესწრებით მომენტს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, სხვა ლიდერებთან ერთად იდგება ანაკლიის პორტის ფონზე და მიმართავს რუსეთის ლიდერს: “ბატონო პრეზიდენტო! მოანგრიეთ მავთულხლართები”!   

გააზიარე