ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.

კოკო

კოკო

ეძღვნება ყველა ქართველს, ვისაც სძულს მტერი.

კოკო გერმანული ნაგაზია.

მისი წინაპრები კავკასიაში 100 წლის წინ გადმოსახლდნენ.  მას მერე აქაურები არიან.  ბავშვობიდან სწორედ ასეთი ძაღლი მინდოდა – ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ნათლიაჩემ თენგოსთან მისულ პირველკლასელს მისი უზარმაზარი “ავჩარკა“, რიჩარდი შემახტებოდა ხოლმე.  ნუ გეშინია, უხარია და იმიტომ გახტებაო, მეუბნებოდნენ, მაგრამ ცოტათი მაინც მეშინოდა – ბევრად დიდი იყო ჩემზე და, რა მნიშვნელობა ჰქონდა, სიხარულით დამტორავდა თუ უგუნებობით?

გერმანულ ნაგაზზე კი ვოცნებობდი, მაგრამ ხან საშუალება არ გვქონდა გვყოლოდა, ხანაც კონკრეტული გარემოებები გვიშლიდა ხელს…  ერთხელაც, ბიძაჩემმა ინიციატივის თავის ხელში აღება გადაწყვიტა და ჩემი პირველი ვაჟის, ბექას დაბადების აღსანიშნავად, კარის ზღურბლზე ამ საოცარ არსებასთან ერთად გამოისახა.

სულ ციცქნა იყო კოკო, როცა მომიყვანეს. სიარულისას ბარბაცებდა და ყურები ეკეცებოდა, სირბილისას კი მარცხნივ “მიქონდა“, რაზვალიანივით. ისე, ჯიშიანი ლეკვი ჩანდა, შესაფერისი თვისებებით: ერთგული, გონიერი. როცა საჭირო იყო, ავიც. ამ საჩუქრით, ჩემი პატარა ბურჟუაზიული ოცნებაც შეიკრა…

ძაღლის მოვლის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ეს ჯიში ხომ ჭკუით ფასობს, ხოდა მეც იმის იმედად ვიყავი, რომ ერთმანეთს გავზრდიდით.

მაგრამ იდილიამ დიდხანს არ გასტანა.  ვერ მოვუარე კოკოს… მეტისმეტად მოუსვენარი იყო და გაცილებით დიდი ყურადღება სჭირდებოდა, ვიდრე შვილებს. ბევრად მეტი, ვიდრე შემეძლო მისთვის დამეთმო. მერე აღმოჩნდა, რომ არც მაინცდამაინც დიდი ჭკუა დაემადლებინა მისთვის განგებას: ეზოში ყვავილებსა და ნარგავებს ანადგურებდა, სახლში – ავეჯს.  როცა ია საჭმელს უყრიდა, ახტებოდა და, მოფერების ნიშნად, მაგრამ მაინც კბენდა.  ყველაზე უცნაური ის იყო, რომ საკუთარი ექსკრემენტების ჭამას ვერ გადავაჩვიეთ (რის გამოც ერთმა მეზობელმა “ქოქო“ შეარქვა).

ის-ის იყო ვიფიქრე, ან კოკომ ვერ გაამართლა გენეალოგიური რეპუტაცია ან მე არ ვვარგებულვარ ძაღლის გამზრდელად-თქო, რომ მითხრეს – მაგ ასაკში ყველა ძაღლი ეგრეა, მიაბარე, გაწვრთნიან და დაგიბრუნებენ დაღვინებულსო.

ასე მივაბარე კოკო “ტრენერს”, ვინმე იმერელ რაჟდენას, სადღაც თბილისის ზღვაზე.  კვირაში 2-3-ჯერ ვაკითხავდი და ყოველ ჯერზე მაიმედებდა – კაათაა საქმე, ბატონო ზაზა, ცოტაც და წეიყვანთო.  თვენახევრის თავზე დამირეკა, ყველაფერი ისწავლა და წეიყვანეო.  

წემევიყვანე, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ – ნასწავლის ამას არაფერი ეტყობოდა. ისეთივე შტერი და ქაქიჭამია იყო, როგორც მანამდე.

არჩევანი უკვე მკაცრად იდგა – შვილები, ბაღნარი და ავეჯი თუ… კოკო?

გავტყდი და ჩამოვიშალე, ცხოველთა უკეთ მცნობი მეგობრების შეგონებები ავისხლიტე და გადავწყვიტე, კოკო ძმაკაცის მოხუცი მამისთვის, ვალოდია ბიძიასთვის მიმებარებინა, რომელიც ბოლნისში, ოდესღაც შვაბების მიერ აშენებულ დიდ, ეზოიან სახლში ცხოვრობდა. მთელი ცხოვრება ავჩარკა ჰყავდა, მიხედავს და თვითონაც იხალისებსო, მითხრა ჩემმა ძმაკაცმა და დიდი შებმა არ დამჭირვებია.

ასე დაუბრუნდა კოკო ფესვებს.  მას მერე ბოლნისში ცხოვრობს. გაიზარდა და დამშვენდა ჰაერზე: მაღალი, დაკუნთული, წვეტიანი ყურებითა და შავ-წითური ბალნით – გენეტიკის ზეიმია ეს ძაღლი. როგორც აღმოჩნდა, მისი მოვლის თავი არც ჩემი ძმაკაცის მოხუც მამას ჰქონია – დიდი-დიდი, ეზოს გარეთ გაასეირნოს ათასში ერთხელ.  

საამური საცქერია ასეთ დროს ორივე – ძაღლი ადამიანივით გონიერია, დინჯად და აზრიანად მიყვება პატრონს – სვლას ანელებს, როცა ნაბიჯს უნელებს მოხუცი და მასთან ერთად ჩერდება, როცა მოხუცი ისვენებს. შეუძლია ყურადღებით აცქვეტილი ყურებით, ოდნავ გვერდზე გადახრილი თავით უსასრულოდ იჯდეს ვნებებისგან დაცლილი მოხუცის წინ და გაუნძრევლად, თვალის მოუწყვეტლად ელოდოს მის გატოკებას.

კოკოს, ძირითადად, ვალოდიას მეზობელი, აფხაზეთიდან დევნილი გელა უვლის, რომელიც 1998 წელს შემთხვევით გადაურჩა გალში შემოჭრილ მტერს.

გელას ხელში კოკო ბრძენი, სამენოვანი ძაღლია: ქართული ესმის, მაგრამ დიდად არ იმჩნევს. რუსულად რამდენიმე სიტყვა ახსოვს რაჟდენასგან და ხანდახან იპერტყავს ხოლმე ყურს. აი, მეგრულზე კი მყისიერად რეაგირებს.

კოკოს მხოლოდ ჯიში აქვს გერმანული, თორემ სულით ხორცამდე ამ მიწა-წყლის შვილია. მთელ დღეებს ჩეროში წამოწოლილი ატარებს. ეზოში უცხოს შემოსვლას მხოლოდ თავის აწევით ეგებება, რაც უფრო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ემსახურება და არა იმის შემოწმებას, სახიფათო ხომ არაა სტუმარი. თუმცა, ზედმეტი ცნობისმოყვარეობაც ღლის და მალევე ჩამოადებს ხოლმე დრუნჩს თათებს. თუ პატრონი დაუძახებს, წამოხტება და გადაგდებულ ჯოხს მიუტანს. კოკოს ხომ შექება და მოფერება უყვარს.

კოკო თბილია და უშუალო.

პრინციპში, კოკო უფრო ადამიანია, ვიდრე ძაღლი.

ყველაზე მეტად ძაღლობასთან  მაინც კატებისადმი სიძულვილი აახლოებს.  სიძულვილი, რომელიც ბიოლოგიურადაც მოსდგამს, მაგრამ გელამ კიდევ უფრო გაუმძაფრა.

“კოკო, კატუ, კოკო!“ – დასჭყივლებს ხოლმე გელა და კოკო ცისფერსისხლიანი თეიმურაზ ხევისთავიდან დუჟმორეულ ურჩხულად იქცევა.

“კატუ“ მეგრულად კატას ნიშნავს.

სიტყვა “კატუს“ გაგონება კოკოსთვის წითელი ნაჭრის აფრიალებაა: სულ რომ მიძინებული იყოს, შურდულივით წამოენთება, მივარდება ღობის კიდესთან – საიდანაც ნახევარი ბოლნისი მოჩანს – და გამალებით უწყებს ყეფას უხილავ მტერს. ასე გამოწვრთნა გელამ და ასე ასრულებს თავის ბიოლოგიურ ფუნქციას.

ბოლნისში გადმოსახლების დღიდან, კოკო ლულუსთან ერთად ცხოვრობს.

ლულუ საიდანღაც მოსული, უჯიშო და უძირო, მაგრამ ერთობ ჭკვიანი კატაა. უბრალოდ, კოკომ ეს არ იცის. არ ვიცი, ვინ ან რა ჰგონია, მაგრამ კატუ რომაა, ნაღდად ვერ ხვდება. ყოველთვის, როცა გელა კოკოს “კატუთი“ აგიჟებს, ლულუ ჯერ ზარმაცი მზერით ახედავს ხოლმე ძაღლს, მერე ზმორებით წამოდგება, გაიწელება და ნებიერად გვერდზე მიუცუცქდება გავეშებულ ქოფაკს. გულწრფელად აინტერესებს, ვინაა კოკოს ბრაზის ობიექტი.

ყეფისას, კოკოს არასდროს მოსდის აზრად – ვერც კი უშვებს! – რომ ლულუც კატუა.  მაგრამ როცა თავის წარმოსახვით კატუს განაგდებს და დაცხრება, ორივე ვალმოხდილი ბრუნდება კოკოს ხუხულასთან.  ლულუ მოთმინებით ელოდება, როდის მოკალათდება კოკო, რომ ზურგზე ზანტად შეაცოცდეს და განაგრძოს გატეხილი ძილი.

ამ სცენის შემხედვარე, გელა ყოველ ჯერზე ბჟირდება. რა ქნას, მასაც ხომ უნდა გასართობი ამ რუხ, მოსაწყენ ცხოვრებაში, რომელსაც მხოლოდ სასმელი უფერადებს? თან, ალბათ თვლის, რომ რახან კოკო მან გამოზარდა, მისი დაცინვის უფლებაც აქვს.

ეს კოკომ არ იცის, თორემ ძალიან გაბრაზდებოდა. ან, შეიძლება, არც გაბრაზებულიყო – დაეზარებოდა – მაგრამ ერთი-ორს აუცილებლად შეუღრენდა და წამოწვებოდა ისევ ჩეროში. კოკო ხომ კეთილი ძაღლია, მაგრამ ზარმაცი…

ბოლოს კოკო შარშან, ზაოტობაზე ვნახე და მისი თბილისში წამოყვანა გადავწყვიტე. ამასობაში ვალოდია გარდაიცვალა, გელა გალოთდა, ბავშვები გაიზარდნენ, მეც მეტი თავისუფალი დრო გამიჩნდა და ვიფიქრე, აწი აღარ გამიჭირდება მიხედვა-თქო.  

მაგრამ ვეღარ მოვასწარი. რამდენიმე დღეში, ვიდრე თბილისში საკოკოე ადგილს ვაწესრიგებდი, თითქოს საგანგებოდ გალეშილმა გელამ დამირეკა და ლუღლუღით მომახსენა – შეფი, კოკო გაპარულა, უცნობ მეცხვარეებთან უჩხუბია და დაგლეჯილი ვიპოვეთო…

ასე იცხოვრა კოკომ.

ჯიშიანმა ნაგაზმა, რომელსაც ეზიზღებოდა კატები, მაგრამ არ იცოდა, კატა ვინ იყო.

გააზიარე