"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

სტრატეგიული ავტონომია თუ სტრატეგიული სოლიდარობა

modern world map

თანამედროვე მსოფლიო რის ნაკლებობასაც არ განიცდის, ეს არის გამოწვევები; გლობალური პანდემია მათ რიცხვს მხოლოდ შარშან ამ დროს შეუერთდა, თორემ მანამდე იყო მნიშვნელოვანი სირთულეები უსაფრთხოების, ეკონომიკის, დემოკრატიისა თუ ეკოლოგიის კუთხით. მიზეზთა გამო, წლების განმავლობაში ამ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის მსოფლიო არათუ არ ერთიანდებოდა, არამედ კიდევ უფრო მეტად დაქსაქსული ხდებოდა. პანდემიამ ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. პირველ კვირებსა და თვეებში, სტრატეგიულ მეტოქეებს რომ თავი დავანებოთ, მოკავშირეებს, მეზობლებს, პარტნიორებსა თუ  მეგობარ სახელმწიფოებს შორისაც კი ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ უხერხული დაპირისპირების მომსწრენიც კი გავხდით. ვაქცინების მარაგების მოპოვება პრაქტიკულად ცივი ომის დროინდელ შეიარაღებისთვის სრბოლას დაემსგავსა. უმაღლესი ტრიბუნიდან ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოწოდებების შემცველი განცხადებები, რა თქმა უნდა, ბევრი კეთდებოდა, მაგრამ ახალ ამბებს თუ კარგად დავაკვირდებით, სინამდვილეში „ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო“ პრინციპი ყველაზე მაგრად მუშაობდა.

ერთობისა და მოკავშირეობის აღდგენა/განმტკიცების თვალსაზრისით, ერთგვარი პოზიტიური გამონათება იყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირველივე დღეებში გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები ტრანსატლანტიკური კავშირების აღდგენის მიმართულებით (არ განვიხილავ ამ ბლოგში, დონალდ ტრამპი სად იყო მართალი და სად არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – მისი პრეზიდენტობის დროს ნატო-ს შიგნით ურთიერთობები, ნაცვლად ობამას პრეზიდენტობის დროს შესუსტებული კავშირების განმტკიცებისა, ნამდვილად გაუარესდა). მიუნხენის ვირტუალურ კონფერენციაზე პირველი დადებითი იმპულსები კიდევ უფრო გაძლიერდა. გერმანიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილების გაუქმებამ ხომ საერთოდ კონკრეტული და ხელშესახები გახადა ძველი კარგი დროების დაბრუნება.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ცხადია, ბევრი საუბარი იყო აშშ-სა და ევროკავშირს, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკების სამეულიდან ორს შორის ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობაზე. შესაძლოა და იმედია, ასეც იქნება. მე პირადად, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეს, რომლის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს, რომლის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია და თავის ისტორიულ ადგილს ევროპაში ხედავს, ნამდვილად გულწრფელად მსურს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული კავშირების აღდგენა და განმტკიცება მოხდეს. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები ნამდვილად გაუმჯობესდება.

ორმხრივი ურთიერთობები აშშ-სთან, ცხადია, ევროკავშირისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა 27 ევროპული ქვეყნისგან შემდგარ გაერთიანებაში უკვე წლებია, საუბრობენ საკუთარი როლის გაძლიერებაზე. „სტრატეგიული ავტონომია“ – ეს ტერმინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. ის ყველაზე ხშირად საუბრობს ევროკავშირის თავდაცვის გაძლიერებაზე; ყველას გვახსოვს მისი შეფასებები ნატო-ს მდგომარეობასთან დაკავშირებით და ა.შ. ასევე არახალია იდეა ევროკავშირის არმიის შექმნის შესახებ (რომელიც, ჩემი მოკრძალებული აზრით, სრული უტოპიაა).

განსხვავებულია დამოკიდებულებები გამოწვევების აღქმაშიც. ამერიკის შეერთებული შტატები თუ ჩინეთს მიიჩნევს თავისუფალი სამყაროს საუკუნის ყველაზე მთავარ გამოცდად, ევროკავშირში სულ რაღაც 1 წლის წინ გაჩენილი ტერმინი „სტრატეგიული მეტოქეც“  კი შეიცვალა „სტრატეგიული კონკურენტით“ გასული წლის ბოლოს ჩინეთთან საინვესტიციო შეთანხმების გაფორმების შემდეგ. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ასევე ვერ ხედავს ჩინეთის წინააღმდეგ მთელი დემოკრატიული თანამეგობრობის გაერთიანების აუცილებლობას, მიუხედავად ამ უკანასკნელის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისა.

რამდენად რეალისტურია ევროკავშირის მხრიდან საკუთარ უსაფრთხოებაზე დამოუკიდებლად უზრუნველყოფის აუცილებლობაზე არსებული მსჯელობები? საფრანგეთის პრეზიდენტმა თავადაც შეარბილა ბოლო პერიოდში ნატო-ს მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებების ტონი (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დააკორექტირა – ნატო ნამდვილად 6 წლით ადრე შეიქმნა ვარშავის ბლოკის დაარსებამდე) და განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომია მხოლოდ წაადგება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას და მისი ყველა მცდელობა ამ მიმართულებით ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ევროკავშირი ამ კუთხით უფრო ღირსეულ, თანასწორ პარტნიორად გამოჩნდეს. თუმცა, ამ თემასთან დაკავშირებით მაინც უფრო კონკრეტული და, ცხადია, ხისტი პოზიცია აქვს ნატო-ს გენერალურ მდივანს.

იენს სტოლტენბერგი, რა თქმა უნდა, მიესალმება ევროკავშირის მზადყოფნას, გაზარდოს საკუთარი ძალისხმევა თავდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით, თუმცა მას არ სჯერა როგორც ცალკე მდგარი ევროპის, ისე განცალკევებული ჩრდილოეთ ამერიკის. მას მხოლოდ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სტრატეგიული სოლიდარობის სწამს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა  4 მარტს ევროპის კოლეჯში გამოსვლისას ისაუბრა. მან ძალიან კონკრეტულად და ნათლად განმარტა, რატომ სჭირდება ევროკავშირს ძლიერი ჩრდილოატლანტიკური გაერთიანება; იმიტომ რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, უზრუნველყოფენ ამ უკანასკნელის უსაფრთხოებას სხვადასხვა გეოგრაფიული მიმართულებით. „ევროკავშირი ვერ დაიცავს თავს დამოუკიდებლად რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის შემთხვევაში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. დიახაც, სწორედ აშშ-ის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო შენაერთები უზრუნველყოფენ დღეს ნატო-ს წევრი ევროკავშირის სახელმწიფოების უსაფრთხოებას რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის შეკავების თვალსაზრისით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ევროკავშირის არაწევრი თურქეთი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში სირიასა და ერაყში. სტოლტენბერგმა ასევე გაამახვილა ყურადღება დაფინანსების საკითხზე. „ევროკავშირის მოსახლეობის 90 პროცენტი წარმოადგენს ასევე ნატო-ს მოქალაქეებს, მაგრამ ნატო-ს ხარჯების მხოლოდ 20% მოდის ნატო-ს ევროკავშირელი წევრი ქვეყნებიდან“.

სრულიად ვიზიარებ, რომ ევროკავშირი უფრო მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდეს გლობალური პრობლემების გადაჭრაში (და ძალიანაც არ გამიხარდა, რომ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში მთავარი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ ბორელი ასე წარუმატებელი აღმოჩნდა მოსკოვში ვიზიტის შედეგად); მიმაჩნია, რომ ინდივიდუალურმა, განსაკუთრებით გავლენიანმა სახელმწიფოებმა (გვარს და სახელს არ დავასახელებ გასული წლის ბოლო 6 თვის თავმჯდომარისას J) მეტი დატვირთვა და მოქმედების თავისუფლება უნდა მისცენ ევროკომისიის აღმასრულებელ ინსტიტუტს; ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირი აშშ-ის თანასწორ პოზიციებზე დადგება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის საქმეში (ამ შემთხვევაში კონკურენციასაც გულწრფელად მივესალმები), მაგრამ…

არ მგონია, რომ ნატო-ს ალტერნატიული და, რაც მთავარია, წარმატებული კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმი შექმნას ევროკავშირმა. ჩემი მოკრძალებული პოზიცია, დარწმუნებული ვარ, სრულ თანხვდენაშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უმრავლესობისა და მსოფლიოს ე.წ. გავლენიანი აზრის შემქმნელების პოზიციასთან.

გააზიარე