საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და მკვლევარი
6-პუნქტიანი პროტოკოლი | სოფიისა და სკოპიეს მოლაპარაკებების საფუძველი
სოფიასა და სკოპიეს შორის მოლაპარაკებების ახალ რაუნდს საფუძვლად ბულგარეთის მიერ წარდგენილი 6-პუნქტიანი პროტოკოლი დაედება.
აღნიშნულ პროტოკოლზე პირველად ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ევროპის კავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე ისაუბრა.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სვეტლან სტოევის განცხადებით, პროტოკოლი უკვე გადაეცა სკოპიეს და მინისტრი იმედოვნებს, რომ ორი ქვეყანა ევროპის კავშირის გენერალურ საბჭომდე მიაღწევს შეთანხმებას.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბერში ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიასა და ევროპის კავშირს შორის გაწევრების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები იდენტობის, ისტორიისა და ენის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო დაბლოკა.
წლების განმავლობაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში ინტეგრაციას მეზობელ სახელმწიფოსთან – საბერძნეთთან ქვეყნის კონსტიტუციურ სახელწოდებასთან დაკავშირებული დავა აფერხებდა, ამჟამად სკოპიეს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესს ბულგარეთთან არსებული უთანხმოება უშლის ხელს.
სოფიის განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპის კავშირში გაწევრებამდე, ორ ქვეყანას შორის შემდეგი საკითხები უნდა გადაიჭრას:
ჩრდილოეთ მაკედონიის სახელწოდება
2018 წლის პრესპის შეთანხმებით, ქვეყნის სახელწოდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე (Erga Omnes) ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაა.
ბულგარეთისთვის სახელწოდება – „ჩრდილოეთი მაკედონია“ მიუღებელია, რადგან ვრცელი გოგრაფიული რეგიონი მაკედონია, საკუთრივ ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიის გარდა, ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთ ოლქს, ბლაგოევგრადსაც მოიცავს.
ბულგარეთს არ სურს, რომ ევროპის კავშირის დოკუმენტებში სახელწოდება „ჩრდილოეთი მაკედონია“ იქნას გამოყენებული, რადგან მომავალში აღნიშნული ტერმინი შესაძლოა ბულგარეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველი გახდეს.
სოფია სკოპიესგან წერილობით გარანტიებს მოითხოვს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას ბულგარეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არა აქვს.
ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუციაში ეთნიკური ბულგარელების აღნიშვნა
სოფიას სურს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუციაში, სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ერთად, ბულგარელებიც იყვნენ მოხსენიებული.
კონსტიტუციაში აღნიშნული ცვლილების შესატანად პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო.
ჩრდილოეთ მაკედონიის საკანონმდებლო ორგანო 120 წევრისგან შედგება. ამჟამად სამთავრობო კოალიცია მხოლოდ 62 მანდატს ფლობს, რაც საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საკმარისი არ არის.
კონსტიტუციაში ეთნიკური ბულგარელების მოხსენიებას მთავარი ოპოზიციური პარტია – მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის – VMRO-DPMN არ ემხრობა, შესაბამისად, სუსტი საპარლამენტო უმრავლესობის პირობებში ბულგარეთის მიერ წარდგენილი პროტოკოლის ზემონახსენები პუნქტის შესრულება შეუძლებელია.
ბულგარეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობა
2017 წლის „მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებაში“ აღნიშნულია, რომ სოფია და სკოპიე ერთმანეთის საშინაო საქმეებში არ ჩაერევიან და უმცირესობების საკითხებს ევროპის კავშირისა და გაეროს სტანდარტების მიხედვით გადაწყვეტენ.
ბულგარეთი ქვეყანაში მაკედონიური უმცირესობის არსებობას არ აღიარებს. სოფია არც ეთნიკურ მაკედონიურ პოლიტიკურ ან კულტურულ ორგანიზაციებს აძლევს დარეგისტრირების უფლებას.
სოფიას გარანტიის მიღება სურს, რომ სკოპიე ბულგარეთში მცხოვრები ეთნიკურად მაკედონიელების დაცვის საკითხს არ წამოჭრის და მის საშინაო საქმეებში არ ჩაერევა.
ისტორიის ერთობლივ კომისიაში მეტი ჩართულობა
2017 წლის აგვისტოში ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის შედეგადაც, ისტორიის ერთობლივი კომისია შეიქმნა.
კომისიამ, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული სადავო საკითხები უნდა განეხილა, ხელშეკრულების ხელმოწერიდან პირველივე წელს გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ, რაც ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიასა და ევროპის კავშირს შორის გაწევრების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები იდენტობის, ისტორიისა და ენის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო დაბლოკა, კომისიის მუშაობა შეფერხდა.
ორ ქვეყანას შორის ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობს, რომელიც, ბულგარეთის აზრით, ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპის კავშირში გაწევრებამდე უნდა გადაიჭრას.
მაგალითისთვის, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ორი სახელმწიფო ვერ თანხმდება „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაციის“ ბუნებაზე, ასევე მისი ლიდერის, გოცე დელჩევის წარმომავლობასა და იდენტობაზე.
1893 წელს თესალონიკში შეიქმნა „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია – VMRO“, რომელიც მაკედონიის ოსმალეთის იმპერიისგან გამოყოფას და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას უჭერდა მხარს. 1903 წელს ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ სწორედ ამ ორგანიზაციამ დაიწყო შეიარაღებული ამბოხი, რომელიც ილინდენის აჯანყების სახელითაა ცნობილი. ამბოხებულებმა კრუშევოს რესპუბლიკა დააარსეს, რომელმაც მხოლოდ ათი დღე იარსება. ოსმალეთის იმპერიის მიერ ილინდენის აჯანყების ჩახშობის შემდეგ „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია“ ორად გაიყო – ერთი ნაწილი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მაკედონიის მიერ ავტონომიის მოპოვებისთვის იბრძოდა, ხოლო მეორე ნაწილი ბულგარეთის შემადგენლობაში შესვლას უჭერდა მხარს.
კომუნიზმის მსხვერპლთა რეაბილიტაცია
სოფია მსხვერპლში იმ ეთნიკურ ბულგარელებს მოიაზრებს, რომლებიც დღევანდელი ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომში და ომის შემდგომ საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ იდევნებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ საიდუმლო პოლიციის მიერ წარსულში ჩადენილი უსამართლობის გამოვლენის მიზნით, 2008 წელს ლუსტრაციის კანონი მიიღო, თუმცა აღნიშნული კანონი არასდროს შეხებია კომუნიზმის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საკითხს. ლუსტრაციის საკამათო კანონის კრიტიკის გამო, პროცესი 2015 წელს შეჩერდა.
კომუნიზმის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საკითხის სირთულიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, გაურკვეველია, სოფია სკოპიესგან რა ქმედების განხორციელებას მოითხოვს.
საკითხს კიდევ უფრო მეტად ართულებს ის ფაქტი, რომ საიდუმლო პოლიციის თითქმის მთელი არქივი სერბეთში ინახება.
სიძულვილის ენის პრევენცია
სოფია სკოპიეს ბულგარეთისა და ბულგარელების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში მუდმივად ადანაშაულებს.
მაგალითისთვის, ბულგარეთი მოითხოვს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ „ბულგარული ფაშისტური საოკუპაციო ძალის“ ნაცვლად „ბულგარული ადმინისტრაცია“ გამოიყენოს.
სოფია ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპის კავშირში ინტეგრაციას მანამდე არ დაუჭერს მხარს, ვიდრე სკოპიე უარს არ იტყვის ანტიბულგარულ იდეოლოგიაზე და უთანხმოება საბოლოოდ არ აღმოიფხვრება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 22, 2023
- on თებერვალი 27, 2023
- on იანვარი 20, 2023
- on ივლისი 11, 2022
- on აპრილი 6, 2022
- on იანვარი 21, 2022
- on ნოემბერი 27, 2021