"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."
ადამიანი უპირველეს ყოვლისა!
სახელმწიფო სოციალური პროგრამების უმეტესობა ორიენტირებულია ოჯახებსა და შინამეურნეობებზე, რადგან სოციალური დახმარების დათვლა ასე უფრო მარტივია, განსაკუთრებით, თუ საქმე საგადასახადო შეღავათებს ეხება. თუ, მაგალითად, ოჯახში ერთი დამპურებელია, სახელმწიფოს მიმართ მისი საგადასახადო ვალდებულება შემცირდება. მრავალი მარჩენლის შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათი გამოაკლდება საერთო დეკლარაციას.
შეიძლება ოჯახებზე ორიენტირებული სოციალური პროგრამები ვინმეს პანაცეად მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში საქმე პარადოქსთან გვაქვს: ასეთი სოციალური პოლიტიკა, რომლის აღსრულება ხშირად პირად სივრცეში უხეშ ჩარევას საჭიროებს, უარყოფითად მოქმედებს ოჯახის შიდა დინამიკაზე და ადამიანებს სიმარტოვის ხაფანგში ამყოფებს. მოდი, ეს საკითხები საფუძვლიანად მიმოვიხილოთ და გავცეთ პასუხი შეკითხვას: „რატომ გვჭირდება ინდივიდზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა?“
დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ ოჯახზე ორიენტირებული სოციალური დახმარება ოჯახის ყველა წევრის საჭიროებებზე თანაბრად ნაწილდება, რაც ოჯახის შიგნით ძალაუფლების გადანაწილებაზე უარყოფითად მოქმედებს.[1] [2] [3] ამას გარდა, სამწუხაროდ, შინამეურნეობა ხშირად განხეთქილების, ჩაგვრისა და ძალადობის ბუდედ გვევლინება. მოდი, სტატისტიკას გავეცნოთ. ევროკავშირში, მაგალითად, ინტიმური პარტნიორისგან ჩაგვრის მსხვერპლთა 90% – ქალია.[4] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები საგრძნობლად უფრო მიდრეკილნი არიან აბორტის, ალკოჰოლიზმის, დეპრესიისა და სუიციდისკენ, ვიდრე ისინი, რომელთაც ოჯახური ძალადობა არ გადაუტანიათ.[5] 2007 წლის მონაცემებით, ევროკავშირში, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, ყოველწლიურად 3500 ადამიანი კვდება.[6] ევროსაბჭოს ორმოცდაშვიდ ქვეყანაში კი ქალების მიმართ ძალადობა და მასთან ასოცირებული ყველანაირი ხარჯი, ყოველწლიურად, სულ მცირე, 33 მილიარდ ევროს აღწევს.[7] მსგავსი დინამიკა შეინიშნება საქართველოშიც, სადაც 2019 წელს ოჯახური ძალადობის ცხრა ათასი შემთხვევა დაფიქსირდა (ცნობისთვის, 2008 წელს ორასი შემთხვევა იყო), ხოლო შემთხვევათა 83%-ში მსხვერპლი ქალი გახლდათ.[8]
იმედის მომცემია ემპირიულ ცოდნაზე დაფუძნებული სხვადასხვა სამეცნიერო კვლევა, რომელთა თანახმად, ნაღდი ფულის სახით გაცემული სოციალური დახმარების მიმღებები ინტიმური პარტნიორებისგან ნაკლებ ძალადობას განიცდიან.[9] [10] ეს კი, თავისთავად, ნიშნავს იმას, რომ საყოველთაო საბაზისო შემოსავალს იმ ადამიანების გაძლიერება შეუძლია, რომლებიც ტრადიციულმა, შინამეურნეობაზე ორიენტირებულმა სოციალურმა პოლიტიკამ თავი არახელსაყრელ მდგომარეობაში ამოაყოფინა – საუბარია ქალებზე, ბავშვებზე, ახალგაზრდებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. სხვათა შორის, სამუშაო ანაზღაურების ალტერნატიულ შემოსავალზე 1970-იანი წლების ფემინისტური მოძრაობებიც ფიქრობდნენ, რომელთაც ამგვარად მარჩენალი მამაკაცის კულტის ჩანაცვლება სურდათ.[11][12]
თუმცა ადამიანების გარიყვა ერთადერთი პრობლემა არ არის. საქმე ისაა, რომ შინამეურნეობებზე ორიენტირებული სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული ფულადი დახმარება დამოკიდებულია ოჯახის სულადობაზე: მათ, ვინც მარტო ცხოვრობს, როგორც წესი, სახელმწიფო მეტად ეხმარება.[13] ამას მასშტაბის ეკონომიკა განაპირობებს – რაც მეტი ადამიანია ოჯახში, მით ნაკლებია ხარჯი ოჯახის ერთ სულ წევრზე.
ასეთი მიდგომა ორ პრობლემას წარმოშობს: ერთი მხრივ, უაღრესად რთულდება ოჯახური ბმების დადგენა, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანები სიმარტოვის ხაფანგში ებმებიან. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური დახმარება მიმართულია ოჯახებზე, ამ დახმარების გამცემმა ორგანომ, ანუ სახელმწიფომ, ზედმიწევნით უნდა იცოდეს ოჯახებისა თუ შინამეურნეობების შემადგენლობა და მუდმივად ასახოს ცვლილებები, თუკი ასეთი იქნება. ამგვარი კონტროლი შედარებით მარტივია იმ ქვეყნებში, სადაც ცოლქმრობის ინსტიტუტი საზოგადოების დასაყრდენია, თუმცა რადიკალურად რთულდება და, რაც მთავარია, ძვირდება იქ, სადაც სამოქალაქო ქორწინებამ პოპულარობა დაკარგა. გარდა ხარჯიანობისა, ასეთი ინფორმაციის მოპოვება რთულია ადამიანთა პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევის გარეშე. აი, მაგალითად: 2015 წელს ბელგიის მთავრობამ მოსახლეობის გაზისა და წყლის ხარჯების მონიტორინგი გადაწყვიტა, რათა გამოერკვია, ვინმე ხომ არ თაღლითობდა.[14] ზოგადად თუ მივუდგებით, ერთ მხარეს თვითნებობა და უსამართლობაა, ხოლო მეორე მხარეს – პირად ცხოვრებაში ჩარევა და მონიტორინგის დიდი ხარჯი, რაც საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ინდივიდუალურობას და მის საჭიროებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ჰო, და კიდევ ერთი: რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ოჯახებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა ადამიანებს სიმარტოვის ხაფანგში ამყოფებს, რადგან სხვასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება შემცირებულ დახმარებას უდრის. ამ პრობლემას განიხილავდნენ როგორც მემარცხენეები, ასევე მემარჯვენეებიც. აი, მაგალითად, რას წერდა ამერიკელი ეკონომისტი ჯეიმს ტობინი მეოცე საუკუნის სამოციან წლებში: „ძალიან ხშირად, ერთადერთი, რისი გაკეთება მამას მისი ბავშვების გადასარჩენად შეუძლია – მათი და ბავშვების დედის მიტოვებაა“.[15] მსგავსი იდეა განავითარა მილტონ ფრიდმანმა 1973 წელს: „დღევანდელი მოცემულობა უბიძგებს მამებს, პასუხისმგებლობიან მამებსაც კი, საკუთარი ოჯახი მიატოვონ. ეს ხომ სტიმულის ამბავია. თუ მამაკაცი მუშაობს და მინიმალურ ხელფასზე მეტსაც შოულობს, სახელმწიფო დახმარებას ვერ მიიღებს. და თუ ის ოჯახს მიატოვებს, სახელმწიფო მათ დაეხმარება“.[16] საპირწონედ ამისა გვაქვს წმინდად ინდივიდუალური საყოველთაო საბაზისო შემოსავალი, რომელსაც შეუძლია, ადამიანები სიმარტოვის ხაფანგიდან გაათავისუფლოს და საზოგადოებრივი ცხოვრება განავითაროს.
ამ და სხვა ამგვარ ნათლად გასაგებ და ნაკლებად სადავო საკითხებს და ინდივიდზე ორიენტირებულ სოციალურ პოლიტიკას საზოგადოების გაერთიანება შეუძლია. ოჯახებისა და საზოგადოების გარიყული წევრების გაძლიერება და საზოგადოებაში ოჯახური ცხოვრების განვითარება ეხმარება არა მხოლოდ გარიყულებს ან მარტოსულებს, არამედ მთელ საზოგადოებას და, რაც მთავარია, აჯანსაღებს ქვეყნის ეკონომიკას.
წყაროები:
[1] van Parijs, P., & Vanderborght, Y. (2019). Basic Income: A Radical Proposal for a Free Society and a Sane Economy. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press, pg. 14.
[2] Bidadanure, J. U. (2019, March 5). The Political Theory of Universal Basic Income. The Annual Review of Political Science, 22, 481-501. doi: https://doi.org/10.1146/annurev-polisci-050317-070954, pg. 484.
[3] Gentilini, U., Grosh, M., Rigolini, J., & Yemtsov, R. (2020). Exploring Universal Basic Income. In U. Gentilini, M. Grosh, J. Rigolini, & R. Yemtsov, Exploring Universal Basic Income: A Guide to Navigating Concepts, Evidence and Practices. Washington, DC: World Bank. doi:10.1596/978-1-4648-1458-7, pg. 42.
[4] European Institute for Gender Inequality. (2012). Women victims of violence receive insufficient support in the EU. EIGE. Retrieved from https://eige.europa.eu/node/5666
[5] World Health Organization. (2013). Global and regional estimates of violence against women. Sexual and Reproductive Health and Research. World Health Organization. Retrieved from https://www.who.int/publications/i/item/9789241564625
[6] DAPHNE EU. (2007). Estimated mortality by “Intimate Partner” Violence (marital violence) in Europe. European Commission. Retrieved from https://ec.europa.eu/justice/grants/results/daphne-toolkit/content/estimated-mortality-intimate-partner-violence-marital-violence-europe_en
[7] Hagemman-White, C. (2006). Combating violence: Stocktaking study on the measures and actions taken in Council of. Strasbourgh: Council of Europe. Retrieved from https://rm.coe.int/168059aa52
[8] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2020). ქალი და კაცი საქართველოში. თბილისი: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
[9] Buller, A. M., Peterman, A., Ranganathan, M., Bleile, A. H., & Heise, L. (2018). A Mixed-Method Review of Cash Transfers and Intimate Partner Violence in Low- and Middle-Income Countries. World Bank Research Observer, 33(2), 218-258. Retrieved from https://elibrary.worldbank.org/doi/abs/10.1093/wbro/lky002
[10] Peterman, A., Neijhoft, A., Cook, S., & Palermo, T. (2017). Understanding the Linkaged between Social Safety Nets and Childhood Violence: A Review of Evidence from Low- and Middle-Income Countries. Health Policy and Planning, 32(7), 1049-1071.
[11] Costa, M. D., & James, S. (1975). The Power of Women and the Subversion of the Community. Falling Wall Press.
[12] Cox, N., & Federici, S. (1976). Counter-Planning for the Kitchen: Wages for Housework, a Perspective on Capital and the Left. New York: New York Wages for Housework Comm.
[13] იხ. პირველი წყარო (გვ. 14-15).
[14] Soenens, D. (2015, April 9). Te lage energiefactuur verraadt fraude. De Morgen. Retrieved from https://www.demorgen.be/nieuws/te-lage-energiefactuur-verraadt-fraude~b6598796/?referrer=https%3A%2F%2Fwww.google.com%2F
[15] Tobin, J. (1966, Summer). The Case for an Income Guarantee. National Affairs. Retrieved from https://www.nationalaffairs.com/public_interest/detail/the-case-for-an-income-guarantee
[16] Friedman, M. (1973/1975). Playboy Interview. In M. Friedman, There’s No Such Thing as a Free Lunch. Lasalle, Illinois: Open Court Publishing Company, pg. 28.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on დეკემბერი 2, 2022
- on აპრილი 21, 2022
- on აგვისტო 3, 2021
- on ივლისი 23, 2021
- on ივლისი 16, 2021
- on ივლისი 9, 2021
- on ივლისი 2, 2021
- on ივნისი 25, 2021