"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
ამერიკულ-ჩინური გარჩევები ვირტუალურად
მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი ეკონომიკის ლიდერი – აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და მისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი როგორც იქნა შეხვდნენ… ვირტუალურად! თავად პრეზიდენტმა ბაიდენმაც აღნიშნა, რომ ეს ვირტუალური კომუნიკაცია მაინც განსხვავდება პირისპირ გატარებულ სარეკორდო რაოდენობის საათებთან შედარებით. ჩინეთის ლიდერმა სიმ ასევე „ჩააფინა სითბო“ გამხსნელ სიტყვაში, მიხარია ჩემს დიდი ხნის მეგობართან შეხვედრაო (ვირტუალურად, მაგრამ მაინც). საოცარი დრო დადგა – სამიტები ვირტუალურად! როდესაც არ ხარ მზად, არ გინდა პირისპირ შეხვედრა, გოუმარჯოს პანდემიას! ყველაფერს აგაცილებს – პანაშვიდს, პურმარილს, პაემანს 🙂 და თუ პრეზიდენტი ხარ, თანაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის პირველი პირი, პრინციპულ პაექრობასაც პირისპირ!
ხუმრობა იქით იყოს და ეს შეხვედრა, თუნდაც ვირტუალური, რომელიც სამსაათ-ნახევარს გაგრძელდა, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ აშშ-სა და ჩინეთისთვის, არამედ მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. აშშ და ჩინეთი თუ ვერ მოილაპარაკებენ მთელ რიგ საკითხებზე, დაწყებული ადამიანის უფლებებით, დამთავრებული სავაჭრო ტარიფებით, ვერავინ ვერ იქნება წყნარად და მშვიდად დედამიწის ზურგზე – ვერც ანტრეპრენიორი, ვერც ინვესტორი, ვერც მეზღვაური და ვერც აიტი-დეველოპერი!
შეხვედრის მერე გავრცელებული ინფორმაციებიდან მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სიმშვიდის საფუძველი არავის გასჩენია! გზავნილი – კონფლიქტი – არა, კონკურენცია – კი – ნამდვილად არ იძლევა მშვიდად ამოსუნთქვის საბაბს!
აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე: კომუნისტური ტერორი (ა.პ.) ჰონგ-კონგში, წნეხი ტიბეტში, უიღურები საკონცენტრაციო ბანაკებში (ა.პ.) სიანგანში და, რა თქმა უნდა, მშვიდობა ტაივანში. ცხადია, არც კომერციული შპიონაჟი, არც ჰაკერული თავდასხმები და არც სავაჭრო ურთიერთობებში არსებული ბარიერები/ტარიფები დარჩენილა ყურადღების მიღმა, მაგრამ…
ერთმნიშვნელოვნად კარგია, რომ მხარეებმა გააკეთეს განაცხადი კონფლიქტის თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი კონკურენციის თაობაზე. არა კონფლიქტს, კი – კონკურენციას, მაგრამ…
„მშვიდობის მტრედი“ განცხადებები კი გაკეთდა, მაგრამ არავინ თქვა, ვითარება თუ დაიძაბა, მაგალითად, ტაივანში, რეაქცია არ იქნება. შეგნებულად ვწერ მხოლოდ სიტყვა რეაქციას, იმიტომ რომ სტრატეგიული ორაზროვნება ტაივანთან მიმართებით გამყარდა ბოლო პერიოდში განცხადებებშიც, რომელთაც აშშ-ის პრეზიდენტი აკეთებს და შემდგომ მისი ადმინისტრაცია აზუსტებს. ასე, მაგალითად, ინფრასტრუქტურისთვის 1.2 ტრილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტმა ბაიდენმა ტაივანთან მიმართებით გამოიყენა სიტყვა „დამოუკიდებლობა“. მართალია, მალევე თავად ბაიდენმა ჩააზუსტა 🙂, რომ აშშ რჩება ჩინეთთან დაკავშირებით „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ერთგული, მაგრამ ვგონებ, ტყუილად არ ხდება ასეთი წამოცდენები. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელევიზიო ინტერვიუში ისიც კი დააფიქსირა, რომ აშშ დაიცავს ტაივანს ჩინეთის აგრესიისგან. მართალია, მერე მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა ეს განცხადებაც „ჩააზუსტეს“ 🙂, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საქმე არ გვაქვს (პრეზიდენტ ბაიდენის მთავარი კრიტიკოსისა და კონკურენტის დონალდ ტრამპის შეფასებით, „მძინარა ჯოს“) უნებლიე შეცდომებთან.
ტაივანის სრუტის მიმდებარედ აგრძელებს ყოფნას/მანევრირებას აშშ-ის სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება; ტაივანისთვის სამხედრო საშუალებებით მხარდაჭერაც გრძელდება და სულ უფრო ინტენსიური ხდება. თავის მხრივ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი პირებიც არ თმობენ პოზიციებს. ჩინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ოქტომბრის დასაწყისში ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონის მრავალჯერადი დარღვევის ინტენსივობა შემცირდა, მაგრამ ტაივანთან მიმართებით ოფიციალური პეკინის პოზიცია უცვლელია – ტაივანი ჩინეთია და კომუნისტური პარტია ყველაფერს გააკეთებს საკუთარ ტერიტორიებზე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის დასამყარებლად. ზუსტად ეს პოზიცია დააფიქსირა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ უმაღლესი დონის ვირტუალურ სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე თავის ამერიკელ კოლეგასთან, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან საუბრისას.
ამერიკული მხარის პოზიციის თანახმად, მთლად ცუდადაც არ არის საქმე. მაგალითად, კლიმატურ საფრთხეებთან გამკლავებაში შეიძლება თანამშრომლობა; მაგალითად, საჭიროა ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა. ჩინური მხარე კლიმატურ ცვლილებებზე საკითხებში თანამშრომლობის ფორმალურად წინააღმდეგი არ არის, თუმცა რეალობა სერიოზულად განსხვავდება ნაკისრი ვალდებულებებისგან.
მოკლედ, ამ ვირტუალური გარჩევებით არც არაფერი გადაწყვეტილა. მსოფლიოს ნომერ პირველი და ჯერჯერობით ნომერ მეორე ეკონომიკების მმართველებმა თავიანთი სათქმელი თქვეს, პოზიციები დააფიქსირეს და ყველაფერი ძველებურად განაგრძეს. ორ ქვეყანას შორის ფაქტობრივად ცივი ომის რეჟიმი შენარჩუნდება და, ჩემი აზრით, გაღრმავდება კიდეც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა სატარიფო ომის არათუ დასრულების, არამედ განელების მიმართულებითაც კი; თუ გავითვალისწინებთ, რომ ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობა არათუ „მოდუნდა“, არამედ პირიქით, ღია, დეკლარირებული დაპირისპირების ხასიათი მიიღო; თუ გავითვალისწინებთ, რომ მხარეები ურყევად განაგრძობენ ერთმანეთის მოწინააღმდეგე ბანაკების შექმნასა დ გაძლიერებას; თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ც და ჩინეთიც წლიდან წლამდე აქტიურად ზრდიან თავდაცვის ბიუჯეტს; თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთი გამალებით ზრდის საკუთარ ბირთვულ არსენალს და დაჩქარებულად აშენებს ავიამზიდებს, ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის პირი ნამდვილად არ უჩანს მათ შორის ურთიერთობას.
შესაბამისად, მუდმივ შეშფოთება/აღშფოთების რეჟიმში იქნება დანარჩენი მსოფლიოც, განსაკუთრებით ევროპა, რომელსაც ძალიან სჭირდება აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, მაგრამ უჭირს ჩინეთის ბაზარზე და ჩინეთთან საინვესტიციო თანამშრომლობაზე უარის თქმა. თუ ორაზროვნება არის აშშ-ის მიერ ტაივანისთვის დახმარების საკითხში, კიდევ უფრო მეტ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე ტაივანთან მიმართებით, თუ არ ჩავთვლით ლიეტუვას და „ახალი ევროპის“ ზოგიერთ ქვეყანას.
ამერიკა-ჩინეთის ვირტუალურ გარჩევებს, ცხადია, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს რუსეთში. რუსეთი ჩინეთის სიტუაციური მოკავშირეა (მიუხედავად თანამშრომლობის მასშტაბებისა და უმაღლესი დონიდან გაკეთებული დეკლარაციებისა, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებს, ჩემი აზრით, სტრატეგიული მოკავშირეობა ნამდვილად ვერ დაერქმევა – რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ჩინური ექსპანსია ამის ყველაზე კარგი დასტურია). ამ სამიტის შემდეგ არც რუსეთისთვის შეცვლილა რაიმე არსებითად. ვაშინგტონთან ურთიერთობის დონე და ხარისხი შენარჩუნებულია პეკინში და, შესაბამისად, მოსკოვშიც (დაე, მუდამ იყოს ცა, დაე მუდამ იყოს მზე 🙂! ჩვენთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან არის დიდ გულზე, თორემ ყველა მონას თავისი მასტერი ჰყავს)! პოზიტიურ ნოტზე რომ დავასრულო, მაინც იმედი მაქვს, რომ „პარა ბელუმი“ არ დაგვჭირდება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023