„კერნელის“ თანადამფუძნებელი და მარკეტინგის დირექტორი
აქციზისა და იმპორტის გადასახადი
ეს ორი გადასახადი უმეტეს შემთხვევაში გვერდიგვერდ დგას, ამიტომ ერთდროულად მიმოვიხილოთ.
აქციზით დავიწყოთ. იმპორტის გადასახადი ძალიან მარტივია და სტატიის ბოლოშიც მოვასწრებთ მასზე საუბარს.
კონცეფციურ დონეზე, შეიძლება ითქვას, რომ აქციზის გადასახადი საზოგადოებისთვის „მომატებული საფრთხის” შემცველ პროდუქტებს ეხება, როგორიც არის, მაგალითად, თამბაქო, ალკოჰოლი, ნავთობპროდუქტები, აზარტული თამაშები და ა.შ. ცხოვრებისეულ მაგალითზე რომ ვთქვათ, სიგარეტის ფასი რომ იწევს, ეს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი აქციზური სტანდარტების დაცვის, ანუ აქციზის გადასახადის გაზრდის შედეგია.
დაბეგვრის ობიექტები
მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი.
მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის დამკვეთისთვის გადაცემის მომენტი.
საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის არააქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენების დაწყების მომენტი.
ბუნებრივი აირის/ნავთობპროდუქტების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მიწოდების მომენტი.
გადასახადის გადამხდელია ყველა, ვინც ასეთ საქონელს აწარმოებს საქართველოში, ამ საქონელს აიმპორტებს ან აექსპორტებს. ეს მარტივია, თუმცა საქმე რთულდება, როდესაც უშუალოდ დაბეგვრის პროცესს მივადგებით. აქციზის გადასახადი სხვა გადასახადებს არ ჰგავს იმ მხრივ, რომ თუ წინ კოდექსი არ გიდევს, ისე ამ დაბეგვრას ვერ განახორციელებ. ეს იმიტომ, რომ ყოველ აქციზურ საქონელს თავისი დაბეგვრის წესი და განაკვეთი აქვს. კოდექსში ეს ყველაფერი ცხრილების სახითაა მოცემული და საკმაოდ მარტივად მოსაძებნია.
დაბეგვრის წესები
ჯერ თითოეული აქციზური საქონლის დაბეგვრის წესებს შევხედოთ, ანუ რომელი რის მიხედვით იბეგრება.
ალკოჰოლიანი სასმლისთვის – ალკოჰოლიანი სასმლის მოცულობით და ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.
თამბაქოს ნაწარმისთვის – თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით.
ნავთობპროდუქტისთვის – ნავთობპროდუქტის წონით (მოცულობით).
მსუბუქი ავტომობილისთვის და მოტოციკლისთვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით.
ბუნებრივი აიროვანი კონდენსატისთვის ან/და ბუნებრივი აირისთვის – აირის მოცულობით.
ელექტრონული სიგარეტის სითხისთვის − სითხის მოცულობით.
ალკოჰოლური სასმელების მაგალითი
ახლა ალკოჰოლური სასმელების მაგალითის მეშვეობით ვნახოთ, ჩამოთვლილი საზომი ერთეულების მიხედვით როგორ დაიბეგრება ეს პროდუქტი. ამისათვის საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის ცხრილებს უნდა მივაკითხოთ. სიმარტივისთვის ალკოჰოლური სასმელების ცხრილს აქვე გადმოვიტანთ, სხვების ნახვა თავად მოგიწევთ, რადგან ძალიან დიდებია:
შპს „ალფამ“ 2018 წლის აგვისტოში აწარმოვა 400 ბოთლი (0,5-ლიტრიანი), 50% ალკოჰოლის შემცველობის არაყი (ცხრილის მე-5 გრაფაში შედის) და იმავე თვეში სრულად მიაწოდა „გამას“ 8 000 ლარად აქციზის გარეშე.
აგვისტოშივე, „გამამ“ აღნიშნული პროდუქცია სრულად გააექსპორტა და უკრაინულ კომპანიას მიჰყიდა, რის სანაცვლოდაც მიიღო 20 000 ლარი.
უპირველესად, ვიხსენებთ ალკოჰოლური სასმელების დაბეგვრის წესს – ალკოჰოლიანი სასმელი იბეგრება მთლიანი მოცულობით და ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.
ჩვენს შემთხვევაში მთლიანი მოცულობა შემდეგია – 400 ბოთლი გვაქვს, თითო 0.5-ლიტრიანი, ანუ 200 ლიტრის მოცულობის სასმელი გვაქვს.
სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობა შემდეგი გვექნება – 200 ლიტრი გვაქვს სულ და თან ვიცით, რომ 1 ლიტრ სასმელში მხოლოდ 50%-ია სუფთა ალკოჰოლი, ანუ სუფთა ალკოჰოლის მოცულობა 100 ლიტრი იქნება.
ახლა ვუყურებთ ცხრილს და ვნახულობთ, რომ არაყი მეხუთე გრაფაში შედის, ანუ მისი ყოველი 1 ლიტრი სუფთა ალკოჰოლი (სუფთა სპირტი) 22.5 ლარით იბეგრება. ჩვენ კი 100 ლიტრი სუფთა სპირტი გვაქვს, ანუ აქციზის გადასახადი იქნება:
100*22.5=2250
თამბაქოს ნაწარმის მაგალითი
სხვა აქციზური საქონლის დაბეგვრაც მსგავს პრინციპს ექვემდებარება, უბრალოდ განსხვავებული დაბეგვრის წესები, ზომის ერთეულები და განაკვეთები აქვთ.
კიდევ ერთი მაგალით განვიხილოთ, ამჯერად თამბაქოს ნაწარმზე. ამის ცხრილის შემოკლებულ ვარიანტს აქვე ჩავსვამთ:
ახლა მაგალითი.
შპს „ალფამ“ 2018 წლის აგვისტოში 5 კგ თამბაქოსგან 200 კოლოფი ფილტრიანი და 400 კოლოფი უფილტრო სიგარეტი აწარმოვა და იმავე თვეში სრულად გაყიდა. რა იქნება ამ ორ პროდუქტზე აქციზის გადასახადი?
ისევ, ჯერ ვიხსენებთ თამბაქოს პროდუქციის დაბეგვრის წესს. თამბაქოს პროდუქცია იბეგრება ნაწარმის რაოდენობით, წონით და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით. თუმცა თამბაქოს პროდუქცია განსაკუთრებით რეგულირებულია და ამიტომ დამატებითი ელემენტებიც აქვს. კერძოდ, ყოველ წელს ეკონომიკის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, რომელშიც თითოეული თამბაქოს ნაწარმის საბაზრო ღირებულებაა განსაზღვრული, და გვეუბნება, რომ აქციზის გადასახადში ამ თანხის 30%-იც უნდა დავიმატოთ.
ესე იგი, 200 ცალი ფილტრიანი სიგარეტის კოლოფის შემთხვევაში ასე იქნება: რაოდენობას გავამრავლებთ დადგენილი განაკვეთისა (ცხრილში რაც არის მოცემული) და მინისტრის ბრძანებით დადგენილი საბაზრო ფასის 30%-ის ჯამზე. ჩავთვალოთ, რომ ეს საბაზრო ფასი 4-ის ტოლია. აქციზის გადასახადი ეს იქნება:
200*(1.7+4*30%)=580
ახლა უფილტროებს შევხედოთ. მათი საბაზრო ფასი 2 ლარი იყოს. ამ შემთხვევაში გამოთვლის ტიპი იგივე იქნება, მხოლოდ რიცხვებს შევცვლით:
400*(0.6+2*30%)=480
იმპორტის გადასახადი
ახლა იმპორტის გადასახადზე ვისაუბროთ ორი სიტყვით. იმპორტის გადამხდელია ყველა, ვინც საქართველოს საბაჟოზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტის მიზნისა. დაბეგვრის ობიექტი კი ამ საქონლის მთლიანი ღირებულებაა, ანუ არა მხოლოდ თვითღირებულება, არამედ გადაზიდვის და ყველა სხვა ქმედების ღირებულებაც, რომელიც ამ საქონლის ერთი ადგილიდან მეორემდე მიტანას ემსახურებოდა.
აქ ორი ცხრილი გვაქვს. ერთ ცხრილში ჩამოთვლილი საქონლის სრული ღირებულება 12%-ით იბეგრება, მეორე ცხრილში ჩამოთვლილი კი 5%-ით. ეს გადასახადი ძალიან მარტივია და მხოლოდ ორ ქმედებას საჭიროებს: მოძებნო, რომელ ცხრილში მდებარეობს ესა თუ ის საქონელი და შესაბამისი პროცენტით დაბეგრო.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on იანვარი 8, 2024
- on დეკემბერი 28, 2023
- on დეკემბერი 20, 2023
- on დეკემბერი 13, 2023
- on დეკემბერი 4, 2023
- on ნოემბერი 21, 2023
- on ნოემბერი 13, 2023
- on ნოემბერი 6, 2023