"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
აშშ შემოდის, რუსეთი გადის?!
ისტორიულმა სამარყანდმა ისტორია დაწერა. როგორც თვითმხილველმა, კარგად ვიცი, რას ნიშნავდა ხოლმე რუსეთის პირველი პირების (არამხოლოდ პრეზიდენტის) ვიზიტები შუა აზიაში! ნიკოლაი გოგოლის ცნობილი „ჩვენთან რევიზორი მოდის“ მართლაც რომ არაფერია იმასთან შედარებით, თუ რა განსაკუთრებული სამზადისი და ატმოსფერო სუფევდა, როდესაც რუსები ჩადიოდნენ შუა აზიაში, იქნებოდა ეს ორმხრივი ვიზიტი თუ რაიმე სამიტი! სამარყანდში კი რა ვნახეთ? საპროტოკოლო ხრიკებში, ფოტოებსა თუ უშუალოდ ვლადიმირ პუტინის საჯარო გამოსვლებში ნიშანწყალიც კი აღარ იყო იმ წარსული „დიდებისა“. მავანი იტყვის, რომ ეს შეფასება სუბიექტურია. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ფაქტების სიჯიუტეს ვერავინ გაექცევა. ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან თავად პუტინის მიერ გაკეთებული საჯარო კომენტარებიც კი მხოლოდ ამაზე მეტყველებდა. თავის მართლება, უკან დახევა, ქედის მოხრა – ეს ყველაფერი იყო „დიდებთან“ შეხვედრის წინ. „ჩვენ ვაფასებთ ჩინეთის დაბალანსებულ პოლიტიკას…; ვიცით, რომ გაქვთ გარკვეული შეკითხვები“; ან თუნდაც ინდოეთის პრემიერის საჯარო „დატუქსვა“: „ეს არ არის ომების ეპოქა და მე ამის შესახებ მითქვამს თქვენთვის სატელეფონო საუბრის დროს“! არცთუ შორეულ წარსულში, დიდი ბრიტანეთის აწ უკვე ცხონებული დედოფალი ელისაბედ მეორე და რომის პაპი ელოდებოდნენ 40-40 წუთი ვლადიმირ პუტინს. ახლა კი თავად პუტინი იდგა უხერხულად კამერების წინ და ელოდებოდა ყირგიზეთის პრემიერს თუ თურქეთის პრეზიდენტს! ამ უკანასკნელმა საერთოდ „აღმოსავლური ფინტების“ მასტერკლასი ჩაუტარა პუტინს. პრეზიდენტმა ერდოღანმა ჯერ ლუკაშენკოს და რაჰმონს შორის „მიუჩინა“ ადგილი პუტინს, მერე კი ხელკავითაც ჩამოატარა ტელეკამერების წინ. რა მნიშვნელობა აქვს, რეალურად ამ ყველაფრის უკან რა იდგა და რეალობა რა იყო? სულაც რომ თურქეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით აიხსნებოდეს ორივე ეპიზოდი და არა პუტინის, პიარულად და პოლიტიკურად რუსეთის „Zარისთვის“ ეს პოლიტიკური (ჯერჯერობით!) სიკვდილის ტოლფასი იყო. სწორად აღნიშნა ვაშინგტონში მცხოვრებმა ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ, პუტინი სახლში ხელცარიელი და შეურაცხყოფილი ბრუნდებაო (სხვა სიტყვებიც იხმარა, მაგრამ მის „ფრანგულენოვან“ ექსკლუზივს მასვე დავუტოვებ). ცნობილი რუსი პოლიტოლოგის თქმით, მოსკოვში მის წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის ჩეკისტური მაფია სასწრაფოდ შეიმუშავებს გეგმა ბ-ს, რომლის მიხედვით პუტინი მძიმედ ავად ხდება და უშიშროების საბჭო კოლექტიურად იღებს „დროებით“ პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე! გვესმის, რომ მათთვის ძალიან ტკბილია ხელისუფლებაში ყოფნით მოპოვებული ძალაუფლება და მილიარდები, მაგრამ რამდენადაც ტკბილია, იმდენად უმძიმთ ამის დაკარგვა! არადა მოუწევთ!
რუსეთის უკანა ეზოს/ახალი ფორმით საბჭოთა კავშირის შენარჩუნება-აღდგენა-გაფართოებისთვის დაიწყო პუტინმა ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინაში! გახმიანებული თუ არგაჟღერებული მიზნების ნაცვლად რა მიიღო მან? გაფართოებული და ერთ მუშტად შეკრული ნატო, აქამდე არნახული სანქციები, რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების პროცესის დასაწყისი, უმაღლესი სტანდარტების შეიარაღებით აღჭურვილი და ევროპაში უძლიერესი არმიის მქონე უკრაინა და… გაბანკროტებული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია – კუხო (ხალხურში დამკვიდრებული რუსული აბრევიატურა – ოდეკაბე). აზერბაიჯანი სამხედრო ძალით შევიდა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, სამარყანდის სამიტის მსვლელობისას დაიწყო სამხედრო დაპირისპირება ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის, ვრცელდება ცნობები ყაზახეთის კუხო-დან გასვლის სურვილის შესახებ და ერევანში ანალოგიური მოთხოვნით აქციის დაგეგმვის თაობაზე! ამ დროს, ვლადიმირ პუტინმა და მისმა რუსეთმა რა ჰქმნა? რაც არ შეუძლია, რას იზამდა. უკრაინამ დაამსხვრია რუსეთის მსოფლიოში მეორე არმიის მითი, მაგრამ ვლადიმირ პუტინი, როგორც „მეფე“ (მახსოვს მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ბეჭდური გამოშვების საოცრად გამაღიზიანებელი გარეკანი პუტინის ფოტოთი და წარწერით „Tsar”) ნამდვილად გაშიშვლდა სამარყანდში.
კოლექტიური დასავლეთი ჩამოყალიბებულია – პუტინი დასრულებულია. დასავლეთისთვის და ცალკეული ევროპელი ლიდერებისთვის კი არა, ჩინეთისთვისაც კი რუსეთი უკვე ისეთი ვასალია, რომლის გამოც სხვებთან „ჭიდილი“ უხერხულია. ილუზიები არავის აქვს – თუკი ჩინეთი რუსეთის ბუნებრივ სიმდიდრეებს და მის ტერიტორიებს „კაპეიკებში“ იგდებს ხელთ, უხერხულობაზე საუბარი ღიმილის მომგვრელი იქნება. ეს რაც შეეხება დიდ მოთამაშეებს, მაგრამ რას იზამენ რეგიონული ლიდერები?
ყაზახეთი ნაბიჯ-ნაბიჯ სულ უფრო მკაფიოს ხდის მის დამოკიდებულებას, უფრო სწორად დამოუკიდებლობას რუსეთისგან. ამ უკანასკნელთან ვაჭრობას რომ მთლიანად აშშ-სთან კოორდინირების რეჟიმში წარმართავს, ეს უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.
აზერბაიჯანს ჰყავს ძალიან ძლიერი (მიუხედავად მძიმე ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობისა) პარტნიორი თურქეთის სახით. პრეზიდენტი ალიევი მზად შეხვდა გლობალური მნიშვნელობის კატაკლიზმების მოახლოებას და თავისი ერისთვის ისტორიული მისიის გამოჭედვას წარმატებით განაგრძობს. ვიმედოვნებ, რომ აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ერთგული დარჩება და სომხეთის ტერიტორიას მალე დატოვებს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც მისთვის სასურველ შეთანხმებას მიაღწევს სომხეთის პრემიერთან.
გულწრფელი გულისტკივილით ვამბობ, რომ ჩვენი მეზობელი სომხეთი და მისი ხელმძღვანელობა ყველაზე რთულ მდგომარეობაშია ამჟამად. ფაქტობრივად, ნიკოლ ფაშინიანი გამოუვალ მდგომარეობაშია. ჯერ კიდევ რთული სათქმელია, რას მოუტანს მას აშშ-ის კონგრესის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტი ერევანში. ვადასტურებ, რომ მისი მხრიდან ძალიან სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერის აქტი იყო მხოლოდ ერევანში ჩასვლა. მთავარია, რა ტიპის გზავნილებით იყო აღჭურვილი აშშ-ის კონგრესის სპიკერი. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ იყო უპირატესად შუალედური არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის ინტერესებით განპირობებული ვიზიტი და მას ძალიან კონკრეტული საგარეო პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ვიზიტი იყო აშშ-ის ადმინისტრაციის განაცხადი „America is Back“-სტილში, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმამდე სომხეთის ხელისუფლებას ძალიან სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება მოუწევს. გასაგებია, რომ სომხეთის საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს მოსკოვისთვის ხელსაყრელი ე.წ. „ყარაბაღული“ კლანის დაბრუნება ხელისუფლებაში და, შესაძლოა, ისწრაფვის დემოკრატიულ თანამეგობრობაში ინტეგრირებისკენ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთში ჯერ კიდევ არსებობს თუნდაც დასუსტებული, მაგრამ მაინც კლასიკური გაგებით რუსული ბაზა გიუმრიში. გარდა ამისა, რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია, რომ თუ მოისურვებს, ქვეყანაში უბრალოდ შუქს ჩააქრობს, „გაზს გაუშვებს“, ასანთს მოუკიდებს და კარებს გამოიხურავს. სამწუხაროდ, ამ სცენარისგან დამცავი მექანიზმები სომხეთს არ გააჩნია.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მაგრამ განსაკუთრებით უკრაინის წარმატებული ბრძოლების მომენტიდან მოყოლებული, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირებით გაგრძელებული, საქართველოსთვის გაიზარდა როგორც რისკები, ისე შესაძლებლობები. ახალი გეოპოლიტიკური რეალიების საბოლოო გაფორმებამდე ჯერ კიდევ დროა და მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ ჯერ კიდევ ადრეა მკვირცხლი მოძრაობების გაკეთება. ჩემი აზრით კი დაგვიანებულიც არის. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდის გზით შესაძლო ეკონომიკური სარგებლის მიღების თვალსაზრისით, საქართველო ხელიდან უშვებს იდეალურ მომენტს. დამერწმუნეთ, ამას სულაც არ სჭირდება რაიმე სამხედრო მოქმედებების დაწყება. პირიქით, დამაზიანებელიც კი იქნება. არამედ საჭიროა 24/7 რეჟიმში დიპლომატიური და პოლიტიკური აქტივობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში, რაც, სამწუხაროდ, არ შეინიშნება. ბუნებრივია, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც, ლონდონშიც და ბერლინშიც კი ახალ გლობალურ თუ რეგიონულ სურათში საქართველოს თავისი ადგილი განკუთვნილი აქვს, მაგრამ მხოლოდ იმის იმედად ყოფნა, რომ სადღაც ჩვენ მაგივრად ყველა ჩვენს პრობლემაზე ჩვენ გარეშე იფიქრებს, რბილად რომ ვთქვათ, უმეცრებაა.
დაგვიანებულია, მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება აღმოფხვრა – სწორი გაგებით აგრესიული დიპლომატიის დროა!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023