ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და შრომის ბაზარი

ლაითაძე1

Gambling is a sure way of getting nothing for something.
Wilson Mizner

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული სამედიცინო-კვლევითი ცენტრის, მაიო კლინიკის (Mayo clinic) განმარტებით, პრობლემური თამაში, (სხვანაირად, კომპულსიური თამაში ან თამაშით აშლილობა, ან პათოლოგიური თამაში) არის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის სურვილის გაუკონტროლებელი აკვიატება, მოთამაშის ფსიქოლოგიური და სოციალური ზიანისა და ფინანსური ზარალის მიუხედავად.

აშშ-ის ფსიქიატრთა ასოციაციის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს 2013 წლის მე-5 გამოცემის (Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition, 2013) თანახმად, პათოლოგიური თამაში კვალიფიცირებულია როგორც დამოკიდებულებითი აშლილობა, რადგან აზარტული მოთამაშის საქციელი ნარკოტიკებზე დამოკიდებულის საქციელის მსგავსია.

კომპულსიური მოთამაშის სიმპტომებია:

  • დროის დიდი ნაწილი ეთმობა იმაზე ფიქრს და ზრუნვას, თუ სად იშოვოს თამაშისთვის აუცილებელი ფული;
  • წინა თამაშებში წაგებული ფულის ისევ თამაშით უკან დაბრუნების მცდელობა;
  • ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოტყუება თამაშის მასშტაბის შესახებ;
  • თამაშში მონაწილეობა უიმედობის და/ან განგაშის გრძნობის შესამცირებლად;
  • ოჯახური თუ მეგობრული ურთიერთობების გარისკვა თამაშის გამო;
  • სათამაშო ფულის მიღებისთვის ქურდობა ან ტყუილი;
  • მეგობრისა ან ნათესავისათვის თხოვნით მიმართვა თამაშის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით;
  • თამაშში მონაწილეობის შემცირების ან თავის დანებების მრავალი წარუმატებელი მცდელობა;
  • თამაშში მონაწილეობის ვერმიღებით გამოწვეული მოუსვენრობა და გაღიზიანება;
  • დეპრესიის წარმოშობა ან გაღრმავება, სუიციდური იდეები და ზოგჯერ თვითმკვლელობა.

როგორც ვხედავთ, ფსიქიატრებმა საკმაოდ მკაფიოდ გაავლეს ზღვარი ინდივიდის დონეზე, თუ სად მთავრდება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება გართობის თუ დროსტარების მიზნით და იწყება პრობლემური თამაში.

და რა არის აზარტული თამაშების ეკონომიკური ეფექტი, მისი გავლენა შრომის ბაზარზე და მისი შეპირისპირება ზემოხსენებულ სოციალურ ტრავმებთან? ფაქტია, რომ მსოფლიოს გასართობ ინდუსტრიაში აზარტული თამაშების სექტორი იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და დინამიკურ სფეროდ. აზარტულმა თამაშებმა ტექნოლოგიური განვითარების დახმარებით გზა რეალური კაზინოებიდან და იპოდრომებიდან საკუთარ ბინამდე ძალიან მოკლე დროში განვლეს. მონტე-კარლოს ფეშენებელურად ექსკლუზიური კაზინოების ეპოქა უკვე დიდი ხანია, რაც ისტორიას ჩაჰბარდა. დღეს 14 წლის მოზარდს 5 დოლარად შეუძლია ითამაშოს საკუთარი საძინებლიდან. ონლაინთამაშები ასაკით თუ ფსონით ძალიან მცირე ბარიერს ქმნიან (ან პრაქტიკულად არ ქმნიან).  დაბალფსონიან და/თუ არასრულწლოვან მოთამაშეს აქვს ინტერნეტით მინიჭებული ანონიმურობა, რაც ამ სფეროს მისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. კოვიდპანდემიის თანმხლებმა იზოლაციამ და/ან სამუშაოს დაკარგვამ კიდევ უფრო მეტ ადამიანს უბიძგა ონლაინთამაშებისკენ. მთლიანობაში, ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაოდენობა გადადის ხარისხში – ანუ ბევრი დაბალფსონიანი მოთამაშე ჯამურად ქმნის დიდ ფულად მასას. ეს კი, ბუნებრივია, ძალიან ხელსაყრელია ონლაინკაზინოების ოპერატორებისთვის. ამავე დროს, სახელმწიფოსაც, როგორც წესი (გააჩნია, რა სახის დაბეგვრაა), ეზრდება გადასახადებით მიღებული შემოსავალი. ამავე დროს, ეს შემოსავალი შეიძლება გადაწონოს აზარტული თამაშების, განსაკუთრებით კი ონლაინთამაშების, ოპერატორების მიერ  ქვეყნის ეკონომიკიდან ფულის გადინების ოდენობამ. აგრეთვე, როდესაც არსებობდა მხოლოდ რეალური კაზინოები, იქმნებოდა რეალური სამუშაო ადგილები. ონლაინთამაშები კი ძალიან ცოტა სამუშაო ადგილებს ქმნის. ალუზიით – ელეგანტური კრუპიე ჩაანაცვლა უსულო ალგორითმმა.

ზოგადად, აზარტული მოთამაშეების, მით უმეტეს პრობლემური მოთამაშეების, რაოდენობა ქვეყანაში თუ რეგიონში ძნელი განსასაზღვრია. ეს დამოკიდებულია იმაზე, აღიარებს თუ არა ადამიანი, რომ ის რეალურად ავად არის, აღრიცხვის რა მეთოდოლოგია გამოიყენება, დროის რა ჭრილში, რა სტატისტიკური მოდელებით ხდება ექსტრაპოლაცია და ა.შ. შედარებით ზუსტი, თუმცა აბსოლუტური მაჩვენებლით საკმაოდ არაზუსტი, გამოთვლა არსებობს ევროკავშირსა და აშშ-ში. ევროკავშირში პრობლემური მოთამაშეების რაოდენობა არის მოსახლეობის სრული მაჩვენებლის 1%-დან 2%-მდე, რაც ნიშნავს დაახლოებით 4.5 მლნ-დან 9 მლნ-მდე ადამიანს, ხოლო აშშ-ში იგივე მაჩვენებელი არის 1%-დან 2,5%-მდეა ანუ 3.3 მლნ-დან 8.2 მლნ-მდე ადამიანი. ვიცით, რომ ევროკავშირი და აშშ მსოფლიოს მაღალშემოსავლიანი რეგიონებია: ევროკავშირში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი არის საშუალოდ 36,000 აშშ დოლარი, ხოლო აშშ-ში იგივე მაჩვენებელი 61,000 აშშ დოლარს უტოლდება. ამავე დროს, ჯინის კოეფიციენტი (ქვეყანაში შემოსავლის გადანაწილების ხარისხის მაჩვენებელი) ევროპის ქვეყნებში მიუთითებს შემოსავლის უფრო თანაბარ გადანაწილებას, ვიდრე აშშ-ში. ზემოხსენებულის ფონზე, პრობლემური მოთამაშეების პროცენტული რაოდენობა უფრო მეტია განვითარებად ქვეყნებში, სადაც ჯინის კოეფიციენტი უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ განვითარებად ქვეყნებში ადამიანები ბევრად უფრო ხშირად თამაშობენ აზარტულ თამაშებს თავის შესანახი ფულის შოვნისთვის და მათ შორის გართობის მიზნით მოთამაშე ადამიანების  რაოდენობა უკიდურესად მცირეა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ა.წ. 22 ნოემბრის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკიდან ყოველწლიურად გაედინება 1 მლრდ 500 მლნ ლარი და ამ რაოდენობის უდიდესი ნაწილის შემქმნელი არის გაჭირვებული მოსახლეობა. პრემიერის წინადადებით, პირველ ეტაპზე აიკრძალება ონლაინთამაშების რეკლამა, გაიზრდება მოთამაშეთა ასაკობრივი ცენზი და დაინერგება მთლიანი სათამაშო შემოსავლის (Gross Gaming Revenue, GGR) დაბეგვრა, რაც ოპერატორებს გაუზრდის საგადასახადო ტვირთს და სათამაშო სფეროს მათთვის ნაკლებად მიმზიდველს გახდის. პრემიერ-მინისტრის თქმით, მეორე ეტაპი იქნება ონლაინკაზინოების გაუქმება. მე მივესალმები საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული რეგულაციების ცვლილებისა და გამკაცრების პირველ ეტაპს, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმეა ის სოციალური და პირადი ფსიქოლოგიური საფასური, რასაც პრობლემური მოთამაშეები იხდიან ონლაინკაზინოებში. ამავე დროს, საკმაოდ საფრთხილოა მეორე ეტაპი – ანუ ონლაინკაზინოების საერთოდ აკრძალვა. ასეთ დროს არსებობს იმის რისკი, რომ აზარტულმა თამაშებმა გადაინაცვლონ ჩრდილოვან ეკონომიკაში. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ორი რამ: სავარაუდოდ, სახელმწიფო დაკარგავს აზარტული ონლაინთამაშებით პოტენციურად მისაღებ დაბეგვრას და დიდი ალბათობით, შეიქმნება/გაიზრდება კრიმინალური სამყაროს მონაწილეობა ამ სფეროში.

წინამდებარე ბლოგით ვასრულებთ კლინიკური დეპრესიის, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების  მოკლე ციკლს.

გააზიარე