"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

“ბიბი”-ს დაისი?!

“ბიბი”-ს დაისი?!

მეომარი, მესაჭე, “ქინგ ბიბი” – ნამდვილად ყველა ტიტული ესადაგება ისრაელის ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.

ის თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი და ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსია. დამერწმუნებით, არ არის მარტივი ისეთი ქვეყნის რეკორდული დროით პრემიერმინისტრობა, როგორიც ისრაელია. თან მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, თან ქვეყნის აღმშენებლობა, თან ყველა მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება და შენარჩუნება ნამდვილად ბევრს ვერ გამოსვლია ისრაელში.

მეხის გავარდნასავით არ იყო, მაგრამ მსოფლიო მედიის სათაურები მაინც “გადაყლაპა” ისრაელის გენერალური პროკურორის ავიჰაი მანდელბლიტის მიერ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის 3 მუხლით ბრალდების წაყენებამ. კორუფცია, თაღლითობა, ნდობის ბოროტად გამოყენება – ეს არის ის, რაშიც ედავება, სხვათა შორის “ბიბის” პარტია “ლიქუდ”-ის მიერ დანიშნული გენერალური პროკურორი. თავად როგორც ა. მანდელბლიტმა ბრალდების წარდგენისას აღნიშნა, მისთვის “სამწუხარო და ცუდი დღეა”. თუმცა, კანონი კანონია. რა მაგარია, როდესაც ქვეყანაში გაქვს კანონის უზენაესობა!

“ომია ომი” – “მეფე ბიბიმ” არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის მეომარი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ არის. თავად ბ. ნეთანიაჰუმ უკვე განაცხადა, რომ ეს არის “ჩვეულებრივი ალქაჯებზე ნადირობა” და არავითარი საფუძველი არ არსებობს მისთვის ამ მძიმე ბრალდებების წაყენების, ხოლო მისმა იურისტ-კონსულტანტებმა ბრალის წარდგენის კომენტირებისას აღნიშნეს, რომ გააცამტვერებენ პროცესის მსვლელობისას წარდგენილ ბრალდებებს.

პოლიტიკური ჭიდილი, რომელიც აგერ უკვე 8 თვეა გრძელდება, ჯერჯერობით განკვანძვის არავითარ ნიშნებს არ იძლევა. ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა, მას შემდეგ რაც ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი კონკურენტის, გენერალური შტაბის ყოფილი მეთაურის ბენი განცისგან მთავრობის ვერჩამოყალიბების შესახებ შეტყობინება მიიღო, 3 კვირის ვადით მთავრობის ჩამოყალიბების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება ისრაელის პარლამენტს – ქნესეტს დააკისრა. ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში ძალთა გადანაწილების გათავალისწინებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ახლო მომავალში ისრაელს ეროვნული თანხმობის მთავრობის ხელმძღვანელი გაუჩნდეს. ანუ, 3 კვირის შემდეგ, მაღალი ალბათობით, 8 თვის განმავლობაში რიგით მესამე ვადამდელი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს (იხარე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარო წამებულო ))) ). ამ შემთხვევაში, გენერალი ბენი განცის “ლურჯები და თეთრები”, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანის ძლიერი ნაციონალისტური პარტია, მსხვილი არაბული წარმომადგენლობა ისრაელში და მმართველი პარტია “ლიქუდი” კვლავ შეერკინებიან ერთურთს.

მიმდინარე წელს გამართული პირველი და მეორე ვადამდელი არჩევნების შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, და უნდა ითქვას, არა “ბიბი”-ს სასარგებლოდ. შესაბამისად, სულ უფრო მცირდება შანსები იმისა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ მობილიზება მოახდინოს დამატებითი მხარდამჭერების, ცოტათი მაინც გადაუსწროს მთავარ კონკურენტს და რაც მთავარია, ჩამოაყალიბოს მთავრობა (ბოლო არჩევნების მიხედვით, 33 მანდატი ბენი განცმა მოიპოვა, 31 კი ბენიამინ ნეთანიაჰუმ).

ქვეყნის გარეთ “ქინგ ბიბის” ჰყავს ძალიან სერიოზული და ძლევამოსილი მოკავშირე – ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ასეთი მხარდაჭერის მოპოვებით ისრაელის ბევრ პრემიერ მინისტრი ვერ დაიკვეხნის.  დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობისადმი მხარდაჭერის ყველაზე ნათელ დადასტურებას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება და, შესაბამისად, იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გადატანა  წარმოადგენს. მიუხედავად მძაფრი საშინაო და საგარეო კრიტიკისა, ესკალაციის შესაძლო საფრთხეებისა და მრავალი სხვა უხერხულობისა, დონალდ ტრამპმა გააკეთა ის, რაც ვერ შეძლეს მისმა წინამორბედებმა. დ. ტრამპის ისრაელისადმი მხარდაჭერის გამომხატველი სერიოზული აქტების ნუსხას, დღეის მდგომარეობით, აგვირგვინებს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების კანონიერად ცნობა. 40 წელი იბრძოდა ამისთვის ისრაელი. 1978 წელს ჯეიმს კარტერის მიერ დასახლებების უკანონოდ ცნობის შემდეგ, მხოლოდ რონალდ რეიგანმა შეძლო და განაცხადა 1981 წელს, რომ ებრაული დასახლებები, თავისი არსით, უკანონო არ არის, თუმცა ეგ იყო და ეგ (მოვა დრო და დონალდ ტრამპს ისრაელში ძეგლს დაუდგამენ).

მიუხედავად ამისა, და ასევე მიუხედავად იმისა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ რუსეთის პრეზიდენტს არაერთხელ ესტუმრა, გადამწყვეტი მხარდაჭერის მოპოვებას მისი პარტია “ლიქუდი” მაინც ვერ ახერხებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე მოხდეს ისეთი, რაც შესაძლო კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ხმებს მოაპოვებინებს პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს.

ისრაელის მაგალითზე ნათლად გამოჩნდა, რომ რაც არ უნდა მაგარი მეომარი იყოს, რაც არ უნდა ძლიერი მესაჭე იყოს და რაც არ უნდა მაგარი მოკავშირეები ჰყავდეს, შემდგარ დემოკრატიაში ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. შეიძლება კიდევ კარგა ხანს ვერ გაიმეოროს და გააუმჯობესოს “ქინგ ბიბი”-ს რეკორდი მისმა პოტენციურმა შემცვლელებმა; შესაძლოა, ადრეც კი იყოს ბ.ნეთანიაჰუს საპრემიერო “პენსიაზე” გასტუმრება, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება – “ბიბი”-ს მხარდამჭერთა რაოდენობა კლებულობს და არა მატულობს.

არის ეს “ბიბი”-ს დაისი? პოლიტიკური პროგნოზების კეთება სარისკო და უმადური საქმეა. ცხადია, ნეთანიაჰუ იბრძოლებს ბოლომდე; იბრძოლებს, როგორც ჭეშმარიტ საპარაშუტო-სადესანტო მოიერიშე მეომარს შეეფერება და თუკი მაინც მოუწია, პრემიერობის გადაბარების შემთხვევაშიც, ის დარჩება ძლიერ, გამორჩეულ და განსაკუთრებულ მეომრად, მესაჭედ და ბიბი კინგის ლეგენდის დარ “ქინგ ბიბი”-დ.

ღმერთო, მოგვასწარი ჩვენს წილხვედრშიც შემდგარ დემოკრატიას!

გააზიარე