“ფორსეტი“ პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელიც მონაცემების, ახალი ტექნოლოგიებისა და დიზაინის გამოყენებით, კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობს.

ბიზნესის გამწვანება: ზედმეტი ხარჯი თუ მოგების ზრდის შანსი?

ზედმეტი-ხარჯი

ბოლო დროს კომპანიათა უმრავლესობა ცდილობს, „გამწვანდეს“ და რაც შეიძლება ნაკლებად დააბინძუროს გარემო. მომხმარებელთა უმრავლესობისთვის კი მნიშვნელოვანია, რამდენად უვნებელია მის მიერ ნაყიდი პროდუქცია გარემოსთვის.

ეკოლოგიაზე ზრუნვა და გარემოს ნაკლები დაბინძურება საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ კომპანიამ თავისი საქმიანობა გაამწვანოს. თუმცა, ამის გარდა, გამწვანებას სხვა უპირატესობებიც აქვს.

გთავაზობთ 6 მიზეზს, თუ რატომ იქნება გამწვანება მოგებიანი თქვენი ბიზნესისთვის

  1. რაც უფრო მცირეა შეფუთვა, ნაკლებია ხარჯიც

გარდა იმისა, რომ შეფუთვის შემცირება გარემოს დაბინძურებას ამცირებს, ის ეფექტიანია ბიზნესის წარმართვისასაც. კომპანია IKEA-მ თავისი ერთ-ერთი პროდუქტის შეფუთვის 50%-ით შემცირებით, წელიწადში 1.2 მილიონი ევრო დაზოგა.

  1. აუმჯობესებს კომპანიის იმიჯს

21-ე საუკუნის ტენდენციებიდან გამომდინარე, კომპანია, რომელიც გარდა პირადი მოგებისა, ზრუნავს გარემოს დაცვაზე, იზიდავს უფრო მეტ მომხმარებელს. 18-72 წლის ასაკის გამოკითხულთა 78%-მა განაცხადა, რომ ისინი ბევრად პოზიტიურად არიან განწყობილნი იმ პროდუქციის მიმართ, რომლის შეფუთვაც გადამუშავებული მატერიისგან არის დამზადებული.

  1. ხელს უწყობს კომპანიას ექსპორტში

ევროკავშირს აქვს მკაცრი წესები იმ პროდუქტებზე, რომლებიც მის ქვეყნებში შედის. ეს მკაცრი წესები კი მოიცავს ბიოდეგრადირებად შეფუთვებსა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. თუ ბიზნესს სურს, ევროკავშირის ბაზარზე შეაღწიოს, მას სჭირდება, რომ შესაბამის სტანდარტებსაც მოერგოს.

  1. ბიოდეგრადირებადი შეფუთვა კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს

კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობაზე ფოკუსირება გულისხმობს, რომ ის მაქსიმალურად არიდებს თავს გარემოს დაბინძურებას და ზრუნავს ეკოლოგიაზე. „ვოლმარტს“, მსოფლიოში უმსხვილესი საცალო ვაჭრობის კორპორაციას, აქვს მიზანი, რომ გახდეს სანდო კომპანია, რომელიც ღირებული იქნება მომხმარებლისთვის. „ვოლმარტს“ გეგმაში აქვს, რომ 2025 წლამდე 100%-ით გადამუშავებული, მრავალჯერადი და ბიოდეგრადირებადი შეფუთვა ჰქონდეს.

  1. მომხმარებელი მზადაა, გადაიხადოს მეტი

მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია თავიანთი როლი გარემოს დაცვის ასპექტში და მათი უმრავლესობა მზადაა, მხარი დაუჭიროს და შეიძინოს პროდუქტი უფრო მაღალ ფასად, იმ შემთხვევაში, თუ მას ეკოლოგიურად უსაფრთხო ან გადამუშავებადი შეფუთვა აქვს. ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მომხმარებელთა 80%-ზე მეტმა დააფიქსირა, რომ მათთვის პრიორიტეტულია ის პროდუქტი, რომელიც გარემოს ნაკლებად ან საერთოდ არ აბინძურებს.

  1. ბიოდეგრადირებადი შეფუთვები მრავალფეროვანი და მრავალჯერადია

პროდუქციის განსხვავებულობის მიუხედავად, არსებობს ყველანაირი სახის ბიოდეგრადირებადი შეფუთვა, რომელიც მიესადაგება ყველა პროდუქტს და არის მრავალჯერადი. მაშინ, როცა ტრადიციული შეფუთვა საზიანოა გარემოსთვის, ის ასევე ზღუდავს კრეატიულობას; ბიოდეგრადირებადი შეფუთვა კი გვაძლევს საშუალებას, შევიმუშაოთ მრავალფეროვანი ფორმები და დიზაინი.

რაც ყველაზე მთავარია: ბიზნესის კეთებისას რაც უფრო ნაკლებ ზიანს ვაყენებთ გარემოს, მით უფრო დიდხანს შევძლებთ ამ ბიზნესის კეთებას და მისგან მოგების მიღებას.

თუ მწვანე ბიზნესის დაწყება გინდათ, გაეცანით პირობებს და 15 მარტამდე შემოიტანეთ განაცხადი იდეათონში: “დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის”


იდეათონი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), შესაფუთი მასალების მწარმოებელთა და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციებთან პარტნიორობით. იდეათონი წარიმართება ფორსეტის ორგანიზებით და მისი მედია პარტნიორია Next.on.ge.

გააზიარე