საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და მკვლევარი

ბულგარეთის 2021 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები

ახალი ბლოგი - დავლიანიძე2

2021 წელს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები სამჯერ – აპრილში, ივლისსა და ნოემბერში გაიმართა.

ნოემბრის არჩევნების შედეგად 240-წევრიან პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • კოალიცია – “ვაგრძელებთ ცვლილებებს/ We Continue the Change” – 67;
  • „GERB“ + „დემოკრატიული ძალების კავშირი – SDS“ – 59;
  • „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებისთვის – DPS“ – 33;
  • „კოალიცია ბულგარეთისთვის – BSP for Bulgaria“ – 27;
  • „არის ასეთი ხალხი – ITN“ – 25;
  • საარჩევნო ალიანსი – “დემოკრატიული ბულგარეთი” – 16;
  • „აღორძინება“ – 13.

2009-2021 წლებში ხელისუფლების სათავეში მყოფმა პოლიტიკურმა პარტიამ, GERB-მა 2009 წლის შემდეგ ყველაზე ნაკლები ხმის (22.7%) მოპოვება შეძლო.

“GERB “ – 2009 – 39.7%; 2013 – 30.5 %;  2014 – 32.67%; 2017 – 32.65 %;  2021 წლის აპრილი – 25.8%; 2021 წლის ივლისი – 23.21%.

პირველ ადგილზე გასული ანტიკორუფციული კოალიცია – „ვაგრძელებთ ცვლილებებს“, რომელიც სამ პოლიტიკურ პარტიას – „პოლიტიკურ მოძრაობა სოციალ-დემოკრატებს“, Volt Bulgaria-ს და Middle European Class-ს აერთიანებს, 2021 წლის 17 სექტემბერს კირილ პეტკოვმა და ასენ ვასილევმა, 2021 წლის გარდამავალი მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა შექმნეს.

2021 წლის აპრილისა და ივლისის საპარლამენტო არჩევნებში „პოლიტიკური მოძრაობა სოციალ-დემოკრატები“ „კოალიცია ბულგარეთისთვის – BSP for Bulgaria-ს“, ხოლო „Volt Bulgaria“ კი „Stand Up.BG! We are coming!-ის“ წევრი იყო.

ანტიკორუფციული კოალიციის მთავარი დაპირება ბულგარეთში კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, კორუფციის აღმოფხვრა და ევროპის კავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარებაა.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე We Continue the Change-მა განაცხადა, რომ GERB-თან თანამშრომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეს უკანასკნელი გენერალურ პროკურორს, ივან გეშევს თანამდებობიდან გადააყენებს და სასამართლო რეფორმას მხარს დაუჭერს. ანტიკორუფციული კოალიცია – „ვაგრძელებთ ცვლილებებს“ მზადაა „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებისთვის – DPS“-სთან თანამშრომლობისთვისაც, მხოლოდ იმ პირობით, თუ აღნიშნული პარტია კორუფციის სიმბოლოდ წოდებულ მედიამაგნატს, დელიან პეევსკის თავისი რიგებიდან გაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის 2020-2021 წლების საპროტესტო აქციების მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ივან გეშევის გათავისუფლება იყო, რაზეც მაშინდელმა მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა.

ნოემბრის არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგი ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ აჩვენა, რომელმაც 1991 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მხარდაჭერის (10.2%) მოპოვება შეძლო.

1991 – 47.1%; 1994 – 43.5%; 1997 – 22.1%; 2001 – 17.1%; 2005 – 31%; 2009 – 17.7%; 2013 – 26.6%; 2014 – 15.4%; 2017 – 27.2%; 2021 წლის აპრილი – 14.8%; 2021 წლის ივლისი – 13.3%.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ სოციალისტური პარტიის ლიდერმა, კორნელია ნინოვამ თანამდებობა დატოვა.

2021 წლის აპრილის, ივლისისა და ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში სამთავრობო კოალიციის წევრებმა, რადიკალურმა მემარჯვენე პოლიტიკურმა გაერთიანებებმა – “IMRO – ბულგარეთის ეროვნულმა მოძრაობამ”, “ბულგარეთის ეროვნულმა ხსნის ფრონტმა” და “Attack-მა”, ასევე, კოალიციის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა პარტიამ, “Volya-მ” 4%-იანი საარჩევნო ზღვარი ვერ გადალახეს და პარლამენტის მიღმა დარჩნენ.

ნოემბრის არჩევნების შედეგად, 2014 წელს შექმნილმა ნაციონალისტურმა პარტიამ, „აღორძინებამ“ 4%-იანი ზღვარი გადალახა და საპარლამენტო მანდატები პირველად მოიპოვა. 2017 – 1.11%; 2021 წლის აპრილი – 2.41%; 2021 წლის ივლისი – 2.97%; 2021 წლის ნოემბერი – 4.8%.

ბულგარელი მომღერლისა და ტელეწამყვანის, სლავი ტრიფონოვის მიერ 2020 წლის თებერვალში შექმნილმა პარტიამ -„არის ასეთი ხალხი – ITN“, რომელმაც აპრილის არჩევნებში მეორე (17.3%), ხოლო ივლისში პირველი (24%) ადგილი მოიპოვა, ნოემბერში მხარდაჭერა დაკარგა და ხმების მხოლოდ 9.5% (მე-5 ადგილი) მიიღო.

ITN-ის გარდა, მხარდაჭერა დაკარგა საარჩევნო ალიანსმა – “დემოკრატიული ბულგარეთი“, რომელიც სამ პარტიას აერთიანებს – „დიახ, ბულგარეთი!“, „მწვანე მოძრაობა“ და „დემოკრატები ძლიერი ბულგარეთისთვის“.

„დემოკრატიული ბულგარეთი“ – 2021 წლის აპრილი – 9.4%; 2021 წლის ივლისი – 12.6%; 2021 წლის ნოემბერი – 6.3%.

1990 წელს შექმნილმა, თურქული უმცირესობის ინტერესების დამცველმა პოლიტიკურმა პარტიამ – „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებისთვის – DPS“ 2014 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა მე-3 ადგილი.

  • 2021 წლის აპრილი – 10.4%;
  • 2021 წლის ივლისი – 10.7%;
  • 2021 წლის ნოემბერი – 13%.

საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებზე, რომელიც 2021 წლის აპრილში ჩატარდა, ხმების უმრავლესობა (75 მანდატი) GERB-მა მოიპოვა. მთავრობის ფორმირებისთვის 240-წევრიან პარლამენტში 121 მანდატის მოპოვებაა საჭირო. პირველ ადგილზე გასვლის მიუხედავად, GERB-ი დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას ვერ ახერხებდა, ხოლო საპარლამენტო მანდატების მფლობელმა პოლიტიკურმა პარტიებმა სახელმწიფოს მიტაცებაში მხილებულ GERB-თან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ, სამი მცდელობის მიუხედავად, მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო, ივლისში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა.

2021 წლის ივლისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „არის ასეთი ხალხი – ITN” – 65;
  • „GERB“ + „დემოკრატიული ძალების კავშირი“ – 63;
  • „კოალიცია ბულგარეთისთვის – BSP for Bulgaria“ – 36;
  • საარჩევნო ალიანსი – „დემოკრატიული ბულგარეთი“ – 34;
  • „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებისთვის – DPS“ – 29;
  • „Stand Up.BG! We are coming!“ – 13.

მთავრობის ფორმირება ვერც ივლისში გამართული არჩევნების შემდეგ მოხერხდა, შესაბამისად, ნოემბერში მესამე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა.

კორუფციულ გარიგებებში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპონენტების დაშინებასა და ძალაუფლების გადამეტებაში მხილებული პოლიტიკური პარტია – „GERB”, რომელიც 2009-2013, 2014-2017 და 2017-2021 წლებში ხელისუფლების სათავეში იყო, პოლიტიკურ იზოლაციაშია და ოპოზიციური პარტიებისთვის მასთან თანამშრომლობა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. დიდი ალბათობით, ბულგარეთის მომავალ კოალიციურ მთავრობას „ვაგრძელებთ ცვლილებებს“, საარჩევნო ალიანსი – „დემოკრატიული ბულგარეთი“, „არის ასეთი ხალხი“ და „კოალიცია ბულგარეთისთვის“ ჩამოაყალიბებენ, რომელთაც ჯამში 135 მანდატი აქვთ.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა