"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

ჩანგპენგ ჟაოს ქართული ვოიაჟი - რა თქვა Binance-ის დამფუძნებელმა საქართველოზე?

არონია2

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნოემბრის ბოლო დღე, როცა თბილისს მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჩანგპენგ ჟაო, იგივე CZ-ი ესტუმრა, ქართული კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში უაღრესად დადებით მოვლენად შევა. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ძალიან რთულია, გაგახსენდეს ადამიანი, რომელიც კონკრეტულ ინდუსტრიაში ისეთივე გავლენიანი და ავტორიტეტულია, როგორიც ჩანგპენგ ჟაო – კრიპტოში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩანგპენგ ჟაოს ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში კრიპტოინდუსტრიის რეგულირების პროცესის დამასრულებელ ფაზაში გადასვლას დაემთხვა.

აი, სწორედ კრიპტოინდუსტრიის რეგულირება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოში ვიზიტისას ჩანგპენგ ჟაომ მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრებთან და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მიმოიხილა. როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, ბაზრის რეგულირების გარდა, მხარეებმა საქართველოს თანამედროვე ტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევის პოტენციალი განიხილეს და ქვეყნის სტაბილურ და ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრეს, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

ფოტო: საქართველოს მთავრობა

მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის დამფუძნებლის საქართველოში ვიზიტის შესახებ რამდენიმე დღით ადრე ვიცოდით და, შესაბამისად, მასთან შესახვედრად კარგად მოვემზადეთ, მით უფრო, რომ Binance-ის რეგიონულ დირექტორთან, ვლადიმირ სმერკისთან ივლისში ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ, ბევრი ახალი გარემოება გამოიკვეთა და ახალი შეკითხვებიც გაჩნდა, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოსთან მიმართებით. პირველი შეკითხვა, რომელიც ჩანგპენგ ჟაოს დავუსვი, ცხადია, მთავრობასთან შეხვედრას და Binance-ის ქართულ გეგმებს უკავშირდებოდა, რაზედაც (და სხვა შეკითხვების შემთხვევაშიც ასე იყო) CZ-სგან ძალიან გულღია, პირდაპირი და ამომწურავი პასუხი მივიღე.

„საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას განვიხილეთ როგორც ქვეყანაში ჩვენი წარმომადგენლობის გაზრდის, ასევე თანამშრომლების რეკრუტინგის და ინვესტიციების მოზიდვისა და განათლების საკითხები. ასევე განვიხილეთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ჩვენთვის, რით შეუძლია დაგვეხმაროს. იმედს ვიტოვებთ, რომ მრავალმხრივ მხარდაჭერას მივიღებთ როგორც მთავრობისგან, კანონმდებლებისა და მარეგულირებლებისგან, ასევე ბანკებისგან და სხვა კრიპტოკომპანიებისგან. საერთო ჯამში, შეხვედრა ძალიან დადებითი იყო. საქართველოში ჩამოსვლის და მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენი რწმენა ქვეყნის მიმართ სულ უფრო და უფრო იზრდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მომავალში საქართველოში კიდევ უფრო ბევრი ინვესტიცია განვახორციელოთ“, – აღნიშნავს ჩანგპენგ ჟაო.

თავისთავად ცხადია, რომ ჩანგპენგ ჟაოს ბრიფინგისას ვილაპარაკეთ საქართველოზე, როგორც რეგიონულ კრიპტოჰაბზე, მით უფრო, რომ ეს თემა, ცოტა ხნით ადრე, მთავრობამაც წამოწია. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნის თაობაზე Binance-სთან კომუნიკაცია სწორედ Forbes Georgia-მ და „ბიემჯიმ“ ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო – იმ დროს ოფისის გახსნის პერსპექტივა კომპანიის რეგიონულმა დირექტორმა, ვლადიმირ სმერკისმა დაგვიდასტურა. აღნიშნული პათოსი გააგრძელა ჩანგპენგ ჟაომაც:

„საქართველოში ოფისს აუცილებლად გავხსნით და ქვეყანაში წარმოდგენილები ვიქნებით. ადგილობრივ გუნდში ორი თანამშრომელი გვყავს და ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი ძალიან სწრაფად გაიზრდება. აი, მაგალითს გეტყვით: დუბაიში ერთი წლის წინ შევედით და იქ ორი თანამშრომელი გვყავდა – ახლა კი ექვსასი გვყავს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოშიც ასეთი ზრდა გვექნება, რადგან ის უნიკალური მდებარეობის მქონე ქვეყანაა“, – განაცხადა CZ-მ.

აქვე, მცირე განმარტება: ნებისმიერი საერთაშორისო კომპანიის მიერ საქართველოში ოფისის, მით უფრო კი რეგიონული ოფისის, გახსნა, ქვეყნისთვის ძალიან დადებითი და სასურველი მოვლენაა, რადგან ამ ქმედების შედეგად, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოდის, ხოლო ადამიანები – საქმდებიან. ამასთანავე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. „დომინოს პრინციპი“, რომლის თანახმად, ერთი მსხვილი კომპანიის შემოსვლა ბევრი მსგავსი ტიპის კომპანიების შემოსვლას იწვევს. ასე იყო IT-ინდუსტრიაში, რომელიც განსაკუთრებულად „საერთაშორისო კომპანიების“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ განვითარდა, რადგან  ამ კანონის მიხედვით, კომპანიებს, სტატუსის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა შეუძლიათ. თავის დროზე, EPAM Systems-ი იყო პირველი კომპანია, რომელმაც ახალი კანონით ისარგებლა – „დომინოს ეფექტმაც“ არ დააყოვნა და მალე საქართველოში კიდევ რამდენიმე მსხვილი IT-კომპანია შემოვიდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება, რაც ქვეყანაში ოფისის გახსნის ავტომატური თანამდევია, მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს საქართველოს მთავრობისთვისაც. როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, მთავრობა მზად არის, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას ხელი შეუწყოს. აღნიშნული განცხადება იმდენად ბუნდოვანი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომლის გარკვევა ჩანგპენგ ჟაოსთან გადავწყვიტე, სწორედ ის იყო. Binance-ის დამფუძნებელს პირდაპირ ვკითხე, აპირებს თუ არა მისი კომპანია საქართველოში პირდაპირი და არაპირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას.

„იმ დროს, როცა ქვეყანაში შევდივართ, არაერთ პირდაპირ და არაპირდაპირ ინვესტიციას ვახორციელებთ. პირველ რიგში, უნდა შევქმნათ გუნდი და ავიყვანოთ თანამშრომლები, მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა და კვლევისა და განვითარების ცენტრები – ყველაფერი ეს, თავისთავად, უკვე ინვესტიციაა. ამასთანავე, ვახორციელებთ ინვესტიციებს სხვა კომპანიებსა და ბიზნესებში როგორც კრიპტოდან, ასევე სხვა ინდუსტრიებიდან. საქართველოში სხვა პროექტებსაც დავაკვირდებით და გვსურს, დეველოპერებს, ანტრეპრენიორებს და არსებულ ბიზნესებს მოტივაცია შევუქმნათ“, – განაცხადა ჩანგპენგ ჟაომ ჩემი შეკითხვის პასუხად.

ის, რაზეც ჩანგპენგ ჟაო საუბრობს, სწორედ „დომინოს ეფექტია“, რომელიც რამდენიმე აბზაცის წინ ვახსენე: „ინდუსტრიის სხვა მოთამაშეების მოზიდვის უნარი გვაქვს – ისინი ჩვენ მოგვყვებიან. იმედი მაქვს, ეს საქართველოშიც ასე იქნება. ვფიქრობ, ინვესტიციების მოზიდვა თავად ახალ ტექნოლოგიასაც შეუძლია, რადგან ის ანტრეპრენიორებს კაპიტალის მოზიდვის ახალ და მარტივ შესაძლებლობებს აძლევს, რაც, თავისი არსით, პირდაპირი ინვესტიციის ყველაზე კარგი მაგალითია“, – დასძინა CZ-მ.

ჩანგპენგ ჟაოსთან და მისი გუნდის სხვა წევრებთან საუბრისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი საქართველოზე შეყვარებულები არიან. ჩემს ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ CZ-ი საქართველოში Binance-ის რიგით მეორე ოფიციალური შეხვედრისთვის, ე.წ. „მითაფისთვის“ ჩამოვიდა. აი, სწორედ ის ფაქტი, რომ ჟაო მეორე შეკრებაზე ჩამოვიდა და არა უფრო გვიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. ცხადია, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა თქვა ჩანგპენგ ჟაომ ქართულ საჭმელზე და ღვინოზე, რომელიც ლამის პირველი რამ იყო, რაც კანადელ-ჩინელმა ანტრეპრენიორმა ბრიფინგისას ახსენა – როგორც ჩანს, საქართველოში მას კარგად დახვდნენ, ჩვენი სტუმარმასპინძლობის ტრადიციების დაცვით.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: შეხვედრებითა და ბრიფინგებით დატვირთული დღის შემდეგ, ჩანგპენგ ჟაო „რესპუბლიკაში“ მივიდა, სადაც Binance-ის შეკრება იმართებოდა, რომელსაც რამდენიმე ასეული კრიპტოენთუზიასტი დაესწრო. აღნიშნულ შეხვედრაზე CZ-ი სიტყვით გამოვიდა, შეკითხვებს უპასუხა და სურათების გადაღებაზეც არავის დაზარდა.

მოკლედ და კონკრეტულად, ქართულ კრიპტოინდუსტრიაში და ზოგადად საქართველოში, დიდი ძვრები იწყება და მნიშვნელოვანია, მათ ფეხი ავუბათ და არ ჩამოვრჩეთ. იქნებ, მართლაც იქცეს საქართველო რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად, ვინ იცის!

გააზიარე