"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
ჩავა არ ჩავა? საკითხავი აი ეს არის!
დღევანდელ მსოფლიოში რაც კი რამ ხდება, პრაქტიკულად ყველაფერი პირდაპირ კავშირშია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიასთან. ეკონომიკური სირთულეები, სარეკორდო ინფლაცია, ენერგომატარებლებზე ფასების არანორმალური ზრდა, რეგიონული კონფლიქტები და დაპირისპირებები, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი თუ ბალკანეთი, პრეზიდენტების და პრემიერების არჩევნები და გადადგომები, საპარლამენტო არჩევნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მსოფლიოს მასშტაბით დღეს მიდის ეგრეთწოდებული კუნთების თამაში, ძალების მოსინჯვა და, რა თქმა უნდა, შემდგომი ნაბიჯებიც პირდაპირ დამოკიდებულია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში; ვის სასარგებლოდ გადაიხრება გამარჯვების სასწორი და ვინ მიიღებს აქედან ყველაზე მეტ სიკეთეებს. თუმცა, უკრაინის ომი ტერორისტი სახელმწიფოს – რუსეთის წინააღმდეგ ასევე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, თუ როგორ გაუმკლავდება ცივილიზებული სამყარო ყველა ზემოხსენებულ გამოწვევებს (მაგალითად, როგორ გადაიტანს ევროპა ზამთარს; შევა თუ არა აშშ-ს და ევროკავშირის ეკონომიკები რეცესიაში და ასე შემდეგ), თუმცა მათ შორის დღეს ყველაზე აქტუალური და საყურადღებო, ცხადია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბული ვითარებაა. ვიდრე უშუალოდ ამ თემაზე გადავიდოდე, აქვე ვიტყვი, რომ აშშ-ჩინეთს შორის პროცესების განვითარების ყველა სცენარი იქონიებს გავლენას რუსეთთან უკრაინის ომზე. ცხადია, თუ ყველაზე ცუდი სცენარით, ანუ რაიმე დოზით და ფორმით სამხედრო დაპირისპირების გზით წავალთ, ეს არამხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომზე, არამედ დანარჩენ, ისედაც ძალიან მყიფე მსოფლიო პროცესებზე მოახდენს სერიოზულ ზემოქმედებას.
როდესაც ამ სტატიას ვამზადებდი, დიდი იმედი მქონდა, რომ მისი გამოქვეყნების მომენტისთვის დაძაბულობა ჩამცხრალი იქნებოდა, ანუ დარწმუნებით შეიძლებოდა თქმა, რომ აშშ-ს კონგრესის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში არ ჩავიდოდა. თითქოს, გუშინ გამოჩნდა იმედის ნაპერწკალი, როდესაც სინგაპურისკენ მიმავალი აშშ-ს კონგრესის სპიკერი და მისი ორპარტიული დელეგაცია გზად ჰავაიზე შეჩერდა თვითმფრინავის საწვავით გასამართად. მედიისთვის გავრცელებულ ვიზიტის პროგრამაში იყო ნახსენები 4 ქვეყანა – სინგაპური, მალაიზია, სამხრეთ კორეა და იაპონია, ხოლო ტაივანის შესახებ პროგრამაში საუბარი არ იყო.
თითქოს მსოფლიომ შვებით ამოისუნთქა, იმიტომ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის რიტორიკა სიმშვიდისა და, მითუმეტეს, იუმორისთვის სივრცეს ნამდვილად არ ტოვებდა ბოლო დღეების განმავლობაში. გასული კვირის ხუთშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდება ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა აშშ-ს პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს პირდაპირ უთხრა, ვინც ცეცხლს ეთამაშება, ის ცეცხლშივე დაიწვებაო. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2 პრეზიდენტს შორის საუბრის მთავარი თემა სწორედ ტაივანის ირგვლივ არსებული დაძაბულობა და კონკრეტულად ნენსი პელოსის ვიზიტი იყო, ეს ერთგვარ მუქარადაც შეიძლება იყოს აღქმული. სხვათა შორის, პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ ვიზიტთან დაკავშირებით მორიგი „წამოცდენა“ „ჩაატარა“, როდესაც განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების აზრით, ტაივანში ვიზიტი არ არის კარგი იდეა და ახლა არ არის მაგისთვის საუკეთესო დრო. რა თქმა უნდა, ამის თაობაზე პრეზიდენტ ბაიდენს შემდგომში კომენტარი აღარ გაუკეთებია, ხოლო მის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ
ისინი ვერ ჩაერევიან კონგრესის სპიკერის საგარეო ვიზიტების დაგეგმვაში და მას შეუძლია გაემგზავროს იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლის. რაც ყველაზე მთავარია, ამერიკულ და ტაივანურ წყაროებზე დაყრდნობით, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ს კონგრესის სპიკერი მაინც შეიძლება ჩავიდეს ტაივანში.
აქამდე ხო აკლდა სამხრეთ ჩინეთის ზღვას და ტაივანის სრუტეს საზღვაო, საჰაერო თუ სახმელეთო შენაერთები, ახლა კიდევ სპიკერის ვიზიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შევიდა ამერიკული ბირთვული ავიამზიდი „რონალდ რეიგანი“, ცხადია, თავის თანმხლები საზღვაო დაჯგუფებით (წყალქვეშა ნავები, სამხედრო გემები, ავიაცია და ცოცხალი ძალა). როგორც თავად „რონალდ რეიგანის“ ოფიციალური წარმომადგენელი განმარტავს, მათი ამოცანაა მეგობრული ვიზიტი სინგაპურის პორტში და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავისუფალი/უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა. ბუნებრივია, როდესაც მსოფლიოს ნავთობის 30% სწორედ სამხრეთ ჩინეთის ზღვის გავლით გადაიზიდება, როდესაც ეს არის ტვირთების გადაზიდვის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული ზღვა, აშშ-ს მე-7 ფლოტი იქ უნდა იყოს (ჩინელებიც კი, რომლებიც აცხადებენ პრეტენზიას, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვის 80% მათ ეკუთვნით, არასდროს იტყვიან, რა უნდათ ამერიკელებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაშიო 🙂). თუმცა, ამ ჯერზე, ბუნებრივია, ამერიკული სამხედრო ყოფნის გაძლიერება გამოწვეულია ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტით ტაივანში.
ჩინეთის ექსპერტების შეფასებით, ვითარება საკმაოდ რთულია, მაგრამ მაინც არა აპოკალიპტური. რთულია იმიტომ, რომ: ჩინეთის პრეზიდენტს შემოდგომაზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის მნიშვნელოვანი ყრილობა ელის და მას არავითარი სურვილი არ აქვს, გამოჩნდეს სუსტ ლიდერად. თუმცა, მას ასევე არ სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო დაპირისპირება. ამიტომ, ექსპერტების აზრით, თუკი კონგრესის სპიკერი მოულოდნელად მაინც აღმოჩნდება ღამის გასათევად ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიში, პრეზიდენტ სის მოუწევს რეაგირების კარგად აწონ-დაწონვა, მაგრამ კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმა. ექსპერტები და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ არც დაბალი ინტენსივობის საბრძოლო კონტაქტს მხარეებს შორის და არც სხვა ზომებს, მაგალითად, ტაივანის კონტროლ ქვეშ არსებულ კუნძულ პრატასზე დესანტის გადასხმას და ტაივანელი სამხედროების დატყვევებას, ან….. უკრაინასთან ომში რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერას. ცხადია, რეაქცია ნამდვილად იქნება და ის სიტყვების ომს აუცილებლად გასცდება, მაგრამ თუ ანალიტიკოსების შეფასებებს დავეყრდნობით, არა იმდენად, რომ დედამიწა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ბევრი აქვს სასწორზე დადებული. პირველ რიგში, ეს არის ზესახელმწიფოს საერთაშორისო რეპუტაცია. არ არის ასე მარტივი, რომ აშშ-ს თანამდებობით ქვეყანაში მეორე პირმა ჩინეთის მუქარის გამო უარი თქვას დაგეგმილ ვიზიტზე. აგრეთვე, მოახლოებულია შუალედური არჩევნები შემოდგომაზე. დემოკრატებს არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვთ ქვეყნის შიგნით და შესაძლოა კონგრესიც და სენატიც რესპუბლიკელების კონტროლქვეშ გადავიდეს. თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ აიღო კურსი დემოკრატიის მხარდაჭერაზე მსოფლიო მასშტაბით ავტოკრატიასთან ბრძოლაში. აშშ-ს სტრატეგიული ორაზროვნება ტაივანთან მიმართებით მუდმივად კითხვებს ბადებდა. შესაძლოა, კონგრესის სპიკერმა გადაწყვიტა, რომ სწორედ ახლა არის დემოკრატიებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით გადამწყვეტი მომენტი. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი პელოსი ჯერ კიდევ აპრილში აპირებდა ტაივანში ვიზიტით ჩასვლას, მაგრამ მაშინ კოვიდმა შეუშალა ხელი.
რამდენად სწორად იქნა მომენტი შერჩეული ვიზიტისთვის, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ასეა თუ ისე, ვიდრე აშშ-ს კონგრესის სპიკერი და მისი ორპარტიული დელეგაცია არ დაბრუნდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიო იქნება 1995-96 წლების შემდეგ ჩინეთ-აშშ-ტაივანის ყველაზე მწვავე კრიზისის მოლოდინში. ამ დროს, ტაივანი მაქსიმალურად ემზადება თავდაცვისთვის და მაღალი დონის სტუმრის მიღებისთვის. თუმცა, როგორც ცალკეული ანალიტიკოსები ამბობენ, მას ორი მხრიდან აქვს საფეთქელზე იარაღი მიბჯენილი – ტაივანი ვერ დაექვემდებარება ჩინეთის მხრიდან შანტაჟს და ამავე დროს ვერ ეტყვის უარს მის ყველაზე საიმედო პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელმაც სულ რაღაც 2 კვირის წინ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით 108 მილიონი დოლარის სამხედრო აღჭურვილობის ტაივანისთვის მიყიდვის თაობაზე; ივნისის დასაწყისში აშშ-მ და ტაივანმა საფუძველი ჩაუყარეს ახალ, მასშტაბურ პროექტს „21-ე საუკუნის ვაჭრობა“, რომლის მიზანია აშშ-სა და ტაივანს შორის არსებული სავაჭრო ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ურთიერთობების თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანა (ცნობისთვის: 2020 წელს აშშ-სა და ტაივანს შორის სავაჭრო ტვირთბრუნვამ შეადგინა 105.4 მილიარდი ამერიკული დოლარი, ხოლო აშშ-ს სავაჭრო დეფიციტმა ტაივანთან – 30 მილიარდი დოლარი).
ასე რომ, შეიძლება ეს კითხვა აქტუალური აღარ იყოს, როდესაც თქვენ ამ სტატიას წაიკითხავთ, მაგრამ ახლა, ამ წუთას, შექსპირის დროა – ჩავა, არ ჩავა? საკითხავი აი ეს არის!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023