საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და მკვლევარი
ჩეხეთის 2021 წლის საპარლამენტო არჩევნები
2021 წლის 8-9 ოქტომბერს ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმათა უმრავლესობა (27.8%) მემარჯვენე ცენტრისტულმა პოლიტიკურმა ალიანსმა – „ერთად/SPOLU“ („სამოქალაქო დემოკრატიული პარტია – ODS“, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი – KDU-ČSL“ და პოლიტიკური გაერთიანება „TOP 09“) მიიღო.
ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანია. სენატი – 81, ხოლო წარმომადგენელთა პალატა – 200 წევრისგან შედგება.
წარმომადგენელთა პალატაში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- მემარჯვენე პოლიტიკური ალიანსი – „ერთად/SPOLU“ – 71 მანდატი (27.8%);
- „დიახ/ANO“ – 72 მანდატი (27.1%);
- პოლიტიკური ალიანსი – „მეკობრეები და მერები – PaS“ – 37 მანდატი (15.6%);
- „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია – SPD“ – 20 მანდატი (9.6%).
- საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლის უმრავლესობამ მხარი მემარცხენე ალიანსს – „მეკობრეები და მერები – PaS“ დაუჭირა.
- პოლიტიკური ალიანსი – „მეკობრეები და მერები – PaS“ – 50.5%;
- მემარჯვენე პოლიტიკური ალიანსი – „ერთად/SPOLU“ – 34.3%;
- „დიახ/ANO“ – 5%;
- „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია – SPD“ – 2.2%.
2017-2021 წლებში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ანდრეი ბაბიში იკავებდა. ქვეყანას უმცირესობის მთავრობა – „ANO“ და სოციალ-დემოკრატიული პარტიის კოალიცია მართავდა, რომელიც კომუნისტური პარტიის მხარდაჭერით სარგებლობდა.
პოპულისტური პოლიტიკური პარტია „დიახ/ANO“ 2012 წელს ანდრეი ბაბიშმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით დააფუძნა.
ზემოაღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება 2014-2017 წლებში, სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან – ČSSD-სა და „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან – KDU-ČSL“-სთან ერთად სამთავრობო კოალიციის წევრი იყო.
ანდრეი ბაბიში ჩეხეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეორე ადგილს იკავებს. მის მფლობელობაშია სასოფლო-სამეურნეო კონგლომერატი – „აგროფერტი“, ასევე ქვეყნის ორი უმსხვილესი გაზეთი – „Mladá fronta DNES“ და „Lidové noviny“.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით მოსული ანდრეი ბაბიში წლების განმავლობაში არაერთ კორუფციულ სკანდალში გაეხვა.
ეს უკანასკნელი ევროპის კავშირისგან მიღებული სუბსიდიების არამიზნობრივ გამოყენებასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაშია მხილებული. ბრალდების თანახმად, ევროპის რეგიონული განვითარების ფონდისგან მიღებული დაახლოებით 2 მილიონი ევრო ბაბიშმა საკუთარი სასოფლო-სამეურნეო კონგლომერატის – „აგროფერტის“ სასარგებლოდ გამოიყენა.
ამას გარდა, ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს 2021 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის – International Consortium of Investigative Journalists“-ის მიერ Pandora Papers-ის სახელით გამოქვეყნებული მასალებით ირკვევა, რომ ანდრეი ბაბიშმა 2009 წელს ოფშორული კომპანიების გამოყენებით 22 მილიონ დოლარად საფრანგეთში, კანთან ახლოს შატო შეიძინა.
ანდრეი ბაბიშისა და მისი პოლიტიკური პარტიის – „ANO-ს“ დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებამდე ორი პოლიტიკური ალიანსი – „ერთად/SPOLU“ და „მეკობრეები და მერები – PaS“ ჩამოყალიბდა.
მემარჯვენე ალიანსი – „ერთად/SPOLU“ ორ პროევროპულ („ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი – KDU-ČSL“ და „TOP 09“) და ერთ ევროსკეპტიკურ პარტიას („სამოქალაქო დემოკრატიული პარტია – ODS“) აერთიანებს.
ხოლო მემარცხენე ალიანსის – „მეკობრეებისა და მერების – PaS“ წევრები პროევროპული „მეკობრეთა პარტია“ და „მერები და დამოუკიდებლები – STAN“ არიან.
2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეოთხე ადგილზე პარტია – „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია – SPD“ გავიდა. 2015 წელს შექმნილი პოპულისტური და ევროსკეპტიკური პოლიტიკური გაერთიანება ჩეხეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვებას უჭერს მხარს. ამას გარდა, უარყოფს მულტიკულტურალიზმს და საიმიგრაციო პოლიტიკის მნიშვნელოვნად გამკაცრებას ითხოვს.
არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგი ჩეხეთის ყველაზე ძველმა პოლიტიკურმა პარტიამ, 1878 წელს შექმნილმა „სოციალ-დემოკრატიულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – ČSSD (S&D)“ და „კომუნისტურმა პარტიამ – KSČM“ აჩვენეს, რომლებმაც 5%-იანი ზღვრის გადალახვა ვერ შეძლეს.
კომუნისტური პარტია – 1990 – 13.2%; 1992 – 14%; 1996 – 10.3%; 1998 – 11%; 2002 – 18.5%; 2006 – 12.8%; 2010- 11.3%; 2013 – 14.9%; 2017 – 7.8%; 2021 -3.6%.
სოციალ-დემოკრატიული პარტია – 1996 – 26.4%; 1998 – 32.3%; 2002 – 30.2%; 2006 – 32.3%; 2010 – 22.1%; 2013 – 20.5%; 2017 – 7.3%; 2021 – 4.7%.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე ჩეხეთს ანდრეი ბაბიშის პოლიტიკური გაერთიანება – ANO და სოციალ-დემოკრატიული პარტიის კოალიცია მართავდა, რომელიც კომუნისტური პარტიის მხარდაჭერით სარგებლობდა.
კომუნისტურ პარტიასა და სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკურ გაერთიანებას, 1996 წლის შემდეგ პირველად, არ ეყოლებათ ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლები.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, კომუნისტური პარტიისა და სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებმა თანამდებობები დატოვეს.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად იკლო „მეკობრეთა პარტიის“ მხარდაჭერამ. თუ 2017 წელს აღნიშნულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ 22 მანდატის მოპოვება შეძლო, ამჯერად საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 4 წარმომადგენელი ეყოლება.
ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას?
მთავრობის ფორმირებისთვის 101 მანდატის მოპოვებაა საჭირო.
ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა აღნიშნა, რომ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას არა გამარჯვებული ალიანსის, არამედ პარტიის ლიდერს სთხოვს.
აღნიშნული განცხადებით ცხადია, რომ მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა, პირველ რიგში, ანდრეი ბაბიშს მიეცემა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი ორი მოკავშირე – კომუნისტური პარტია და სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანება საპარლამენტო მანდატების გარეშე დარჩნენ, ხოლო ANO-ს და მის შესაძლო მოკავშირეს, „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ ერთად 92 მანდატი აქვთ, შესაბამისად, მთავრობის ფორმირებისთვისთვის მანდატების საჭირო რაოდენობას არ ფლობენ.
პოლიტიკურმა ალიანსებმა – SPOLU-მ და PaS-მა, რომელთაც ჯამში 108 მანდატი აქვთ, ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ ხელი ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს. მათ მიერ შეთავაზებული პრემიერმინისტრობის კანდიდატი, „სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის – ODS“ ლიდერი, პეტრ ფიალაა.
დიდი ალბათობით, ჩეხეთის მომავალ მთავრობას სწორედ „ერთად/SPOLU“ და „მეკობრეები და მერები – PaS“ ჩამოაყალიბებენ.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 22, 2023
- on თებერვალი 27, 2023
- on იანვარი 20, 2023
- on ივლისი 11, 2022
- on აპრილი 6, 2022
- on იანვარი 21, 2022
- on ნოემბერი 27, 2021