ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

ჩემი ომი დასრულდა, მე ის მენატრება - ენტონი ლოიდი: ნაწილი I

ლაითაძე2 (1)

                                                 Magnificent…a stench of blood, excrement, mortar-fire,

                                               slivovitz and human bestiality emanates from these pages.

                                                                                             Ben Shepard, Literary Review

                              გასაოცარი… ამ გვერდებიდან ამოდის სისხლის, ექსკრემენტის,

                              დენთის, სლივოვიცას და ადამიანური სიმხეცის მყრალი სუნი.

                                                                ბენ შეპარდი, ლიტერატურული მიმოხილვა

 

 

რადგან უკრაინის ომმა საბრძოლო თემატიკა ყოველდღიური გახადა (რაც ბუნებრივია), გადავწყვიტე დამეწერა ბლოგი ომზე, წიგნით მოტანილ ომზე, რომელსაც სულის შემძვრელი ეფექტი აქვს. რატომ არის ეს ბლოგი ბოსნიის ომზე? იმიტომ, რომ ბალკანეთის ომებს ბევრი საერთო აქვთ სამხრეთ კავკასიის ომებთან, პირველ რიგში კი ორივეგან არის ერთმანეთთან დაპირისპირებული ეთნოსები და მათი საერთო სამშობლო.

ჩემი ომი დასრულდა და მე ის მენატრება – უკვე სათაური მიგვანიშნებს რაღაც არაჯანმრთელზე, ომის, როგორც ნარკოტიკის, სურვილზე. როგორც ჩანს, ომი შეიძლება გახდეს ნარკოტიკივით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს შენი სამშობლო არ იბომბება, შენ ამ ომში არ გეღუპება მეგობრები და ნათესავები, შენ უცხო ხარ და შეგიძლია ნებისმიერ დროს დატოვო საბრძოლო ზონა. და კიდევ, თუ ხარ კიდეც ნარკომანი.

ენტონი ლოიდი, ინგლისელი ჟურნალისტი და მწერალი, დაიბადა 1966 წელს. მისი ბაბუა იყო გენერალ-ლეიტენანტი სერ ედრიან კერტონ დე ვიერტი, რომელიც მონაწილეობდა ბურების ომში, პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მეტი ორდენების მქონე სამხედრო დიდ ბრიტანეთში.

ენტონი ლოიდმა დაამთავრა წმ. ედმუნდის და იტონის სკოლები და შემდეგ სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემია. 1991 წლის სპარსეთის ყურის ომში იყო ქვეგანაყოფის მეთაური. ამის შემდეგ ენტონიმ დაამთავრა ჟურნალისტიკის სკოლა და 1993 წელს ფრილანსერად და საკმაოდ ბუნდოვანი გეგმით წავიდა ბოსნიის ომში. ფოტოების გადაღება პრაქტიკულად შემთხვევით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი ამერიკელი ჟურნალისტი მას ფოტოების ყიდვაზე მოელაპარაკა. ის თითო ფოტოს 50 დოიჩმარკად ყიდდა. შემდეგ ის ახლდა ბრიტანულ სამხედრო ძალებს ცენტრალურ ბოსნიაში, ტრავნიკის რაიონში, რომელიც სარაევოდან დაახლოებით 90 კმ-ით აღმოსავლეთითაა. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ის ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა Daily Telegraph-სთვის, ნაღმის ნამსხვრევით დაიჭრა და ლოიდს სთხოვა, რომ ის ჩაენაცვლებინა. ამას აგრეთვე დაემატა მუშაობა The Times-ისთვის. ასე დაიწყო ლოიდის მუშაობა როგორც სრული ჟურნალისტისა.

სანამ ნაწარმოების გარჩევაზე გადავალთ, მინდა მოკლედ შევეხო ბოსნიის ომს. ბოსნიის ომი იყო სამხედრო კონფლიქტი ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, რომელიც მიმდინარეობდა 1992 წლიდან 1995 წლის ბოლომდე. ადრეული 1992 წლის რამდენიმე ინციდენტის მერე ითვლება, რომ ომი ოფიციალურად დაიწყო 1992 წლის 6 აპრილს და დასრულდა 1995 წლის 14 დეკემბერს. ომამდე ბოსნიის მოსახლეობის 44 %-ს შეადგენდნენ ბოსნიაკები (მუსულმანი სერბები), 33 %-ს სერბები და 17%-ს ხორვატები.

ერთმანეთთან ომობდნენ ბოსნიელი სერბები, ბოსნიელი ხორვატები და ბოსნიაკები. მიუხედავად არაერთი აქტიური ჩარევისა როგორც ევროკავშირის, ასევე გაეროს მხრიდან, ომის შეჩერება შეუძლებელი ჩანდა. ომი გამოირჩეოდა მხარეების მიერ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სიმრავლით: საკონცენტრაციო ბანაკებით, ტყვედ ჩავარდნილი მოწინააღმდეგე კომბატანტების დახვრეტით, მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკებით და ხოცვით, მასიური გაუპატიურებებით და ეთნიკური წმენდით. ომი დასრულდა აშშ-ის ჩარევის შედეგად და დეიტონის ხელშეკრულებამ პრაქტიკულად გაყინა ის ეთნიკური სურათი, რაც 1995 წლის შემოდგომისთვის იყო. ჯამში დაიღუპა 100 ათასზე მეტი ადამიანი და მილიონზე მეტი ადამიანი გახდა ლტოლვილი.

ლოიდი ამბობს, რომ არ იყო აუცილებელი, თითქოს ჩემი თავი „აღმომეჩინა“ ამ ომში, თუმცა ამ კონფლიქტმა ნამდვილად შექმნა გარკვეული ბუფერული ზონები ჩემს გონებაში – ამბობს იგი. წერს რა ომის ვეტერანის ბნელი ცოდნით და გამოცდილი ჟურნალისტის ყოყმანით, ირწმუნოს თუ არა ჰუმანურობა – ლოიდი გვაძლევს ბოსნიის ომის უშუალო გამოცდილების მქონე ადამიანის სისხლის გამყინავ სურათს. ამ მოთხრობაში ავტობიოგრაფიული ნარატივი ოსტატურადაა გადახლართული საომარ რეპორტაჟებთან.

მწერალი პატიოსნად აღიარებს, რომ აქვს რაღაც ბნელი და ცუდი აღფრთოვანება ომით, რომელსაც ის ხედავს, როგორც ადამიანის გამოცდილების უკანასკნელ ზღვარს. იმ დროს, როდესაც მკითხველი იწყებს იმის ეჭვობას, რომ ლოიდი ცინიკური და დისტანცირებულია ომის მიმართ, უცბად გამოჩნდება სულის დამწველი ლირიკული პასაჟი, რომელიც ანათებს ბალკანეთის ომის ანარქიულ საშინელებას.

გააზიარე