ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.
ჩემი ომი დასრულდა, მე ის მენატრება - ენტონი ლოიდი: ნაწილი II
There is no flag large enough to cover the
shame of killing innocent people.
Howard Zinn
არ არსებობს საკმარისად დიდი დროშა, რომელიც
გადაფარავს უდანაშაულოთა მკვლელობის სირცხვილს.
ჰოვარდ ზინი
ენტონი ლოიდის დაუფარავი ბრძოლა ნარკოტიკებთან ქმნის უცნაურ და ამავდროულად ეფექტურ წყვილს ომისადმი მისი დამოკიდებულების საჩვენებლად. ავტორის ემოციური მღელვარება, მისი ბრძოლა საკუთარ დეპრესიასთან გადაბმულია მის სამხედრო მოგზაურობასთან. ნარკომანისთვის დამახასიათებელი სიცხადის მომენტში ის ძალიან მკაფიოდ გვანახებს ომის შემზარავ მომენტებს – იმას, რაც ლოიდის მკითხველების 99%-ისთვის შეუცნობელი და გაუგებარია. ამაშია ლოიდის სიძლიერე, ის არ ფარავს, არც ალამაზებს თავის ემოციებს და დამოკიდებულებებს, ის ყველაფერს გულახდილად ჰყვება. იშვიათია წიგნი ომის შესახებ, რომელიც მას ასე გაშიშვლებულს წარმოგვიდგენს.
„ჩემი ომი დასრულდა, მე ის მენატრებაში“ ავტორი გვანახებს ბოსნიის ეთნიკური წმენდის შემზარავ სახეს. ლოიდის მიერ გაღებული ფანჯრიდან მკითხველი არა მარტო ხედავს, არამედ თითქოს ესმის ომის გრუხუნი და შეიყნოსავს ომის სუნს, რომელიც არის დენთის, ბენზინის, სლივოვიცას, თამბაქოს, ოფლის, სისხლისა და განავლის სუნის ნაზავი. ენტონი ლოიდი ოსტატურად გვიხატავს იმ სისასტიკეს, რა დონეზეც შეუძლია ადამიანს დაეშვას და იმ ტკივილს, რომელიც ადამიანებს შეუძლიათ, ერთმანეთს მიაყენონ.
სამხედრო ზონაში ცხოვრების ინტენსიურობა ყველაფერ დანარჩენს მოსაწყენსა და უინტერესოს ხდის. გამეფებულია დიდი ემოციური შეუგრძნობელობა, რასაც ზოგი სიმამაცეს ეძახის და რაც სინამდვილეში ალბათ არაა სიმამაცე (მსგავსი აზრი გვხვდება რემარკთანაც), არამედ გრძნობების დაჩლუნგება – ემოციური თავდაცვის მექანიზმი. არსებობს ყოვლისმომცველი შიში, რომელიც ნისლივით ყველას აწევს და ყველგან აღწევს. არის ომი გულისრევამდე საშინელი? დიახ, არის. არის იგი მიმზიდველი? დიახ, არის – გვპასუხობს ლოიდი და ეს პასუხი ჩვენ, მკითხველებს, საგონებელში გვაგდებს, გვანახებს ადამიანის ფსიქიკის უბნელეს მხარეს.
ენტონი ლოიდი თითქოს ომის ჰიპნოზში მოექცა, ომის დინამიკამ და ყოველი მომენტის ინტენსიურობამ ის თითქოს შთანთქა და შეისრუტა. სირბილი ქალაქის ქუჩებში, რომელიც სნაიპერების ტყვიებით იცხრილებოდა, ყუმბარების ზუზუნის ფონზე სლივოვიცას სმა ღარიბულ სადილთან ერთად იმ ოჯახში, რომელიც მას მასპინძლობდა – იმის მაგივრად, რომ ომის ტერორს გაჰქცეოდა, ის იქ დარჩა მთელი ომის განმავლობაში. მისი წიგნი, „ჩემი ომი დასრულდა, მე ის მენატრება“ დაუვიწყარია. იმ დონემდე დაუვიწყარი, რომ ლამისაა უხერხულად იგრძნო თავი, რომ კომფორტულ ოთახში ზიხარ და კითხულობ. ლოიდის მონაყოლი თითქოს ხელშესახებია. ავტორის კალამი იხმობს აჩრდილებს თითქმის ყველა გვერდიდან, ხორცს ასხამს ტანჯვას და შიშს ისეთი ინტენსიურობით, რომ ლამისაა წიგნი დახურო, რომ ცოტა ამოისუნთქო.
ბევრ მკითხველს გვაქვს ერთი-ორი მსუბუქად სახიფათო ამბავი მოსაყოლი, რაც თავს გადაგვხდენია, მაგრამ ლოიდის წიგნის ყოველი გვერდიდან სასიკვდილო ხიფათი გვიმზერს:ყოველ ადგილზე ყოფნა თუ მგზავრობა, ყოველი საკონტროლო-გამშვები პუნქტი – არის სიკვდილის რეალური საფრთხე და სწრაფი სიკვდილის, თუ გაგიმართლა. ბოსნიაში გადარჩენა ითხოვდა სიფრთხილეს, მაგრამ ძალიან სიფრთხილესაც არა – მაშინ შენი სამხედრო ჟურნალისტობა არ გამოვა. ითხოვდა უხეშობას და ამავე დროს გარკვეული რევერანსის გამოხატვას ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც ნერვებზე იყვნენ და ისე იოლად მიახვრეტდნენ, როგორც სიგარეტს მოუკიდებდნენ.
შეჯამებისთვის, ენტონი ლოიდის წიგნი „ჩემი ომი დასრულდა, მე ის მენატრება“ არის ბოსნიის ომის და თანმხლები ეთნიკური წმენდის ნედლი და ცოცხალი აღწერა. ენტონი ლოიდი თითქოს გლოვობს მრავალეთნიკური ბოსნიის დასასრულს. ეს წიგნი აჩვენებს არა მხოლოდ ომში მონაწილე ბოსნიაკების, სერბებისა და ხორვატების ტრაგედიას, არამედ თვითონ ავტორის ტრაგედიასაც, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ არის ყოფილი იუგოსლავიიდან და ამ ომს არ ეწირებიან მისი მეგობრები თუ ოჯახის წევრები – მაინც ვერ გამოდის ამ ომიდან ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმის გარეშე.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 10, 2023
- on აპრილი 13, 2023
- on მარტი 29, 2023
- on მარტი 15, 2023
- on მარტი 2, 2023
- on თებერვალი 15, 2023
- on თებერვალი 1, 2023
- on იანვარი 11, 2023