საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და მკვლევარი

ჩრდილოეთი მაკედონია „მოსაცდელ ოთახში“

Forbes-WEB-22012102

ჩრდილოეთ მაკედონიისა და ევროპის კავშირის დაახლოება 2000 წელს სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის შესახებ მოლაპარაკებებით დაიწყო. 2001 წელს ქვეყანამ EU-სთან სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმებას (SAA) მოაწერა ხელი. ქვეყანას 2005 წლიდან ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს.

რაც შეეხება ნატო-სთან ინტეგრაციას, ჩრდილოეთმა მაკედონიამ 1999 წელს  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა (MAP) მოიპოვა, ხოლო მისი სრულფასოვანი წევრი 21 წლის შემდეგ, 2020 წელს გახდა.

სკოპიემ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოლოდინში „მოსაცდელ ოთახში“ მრავალი წელი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთი მაკედონია ნატო-ში გაწევრებას საბერძნეთთან ქვეყნის კონსტიტუციურ სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის გამო წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა, ამჯერად, ევროპის კავშირში ინტეგრაციას ბულგარეთთან იდენტობის, ისტორიისა და ენის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოება უშლის ხელს.

სოფია-სკოპიეს უთანხმოება

ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიასა და ევროპის კავშირს შორის გაწევრების შესახებ დაწყებული მოლაპარაკებები ჯერ 2020 წლის ნოემბერში, შემდეგ კი 2021 წლის დეკემბერში იდენტობასთან, ისტორიასა და ენასთან დაკავშირებული დავის გამო დაბლოკა.

2021 წლის ოქტომბერში ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპის კავშირში გაწევრებამდე, ორ ქვეყანას შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაიჭრას, მათ შორის:

ჩრდილოეთ მაკედონიის სახელწოდება – გამომდინარე იქიდან, რომ ვრცელი გეოგრაფიული რეგიონი მაკედონია, საკუთრივ ჩრდილოეთ მაკედონიის გარდა, ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთ ოლქს, ბლაგოევგრადსაც მოიცავს, სოფიისთვის სახელწოდება – „ჩრდილოეთი მაკედონია“ მიუღებელია. ბულგარეთს არ სურს, რომ ევროპის კავშირის დოკუმენტებში „ჩრდილოეთი მაკედონია“ იქნას გამოყენებული, რათა აღნიშნული სახელწოდება მომავალში ბულგარეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველი არ გახდეს; ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუციაში ეთნიკური ბულგარელების აღნიშვნა – სოფია კონსტიტუციაში სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ერთად, ბულგარელების მოხსენიებასაც მოითხოვს. რუმენ რადევი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაში ბულგარელების უფლებები გარანტირებული უნდა იყოს კონსტიტუციითა და ქვეყნის „ინსტიტუციური არქიტექტურით“; ბულგარეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობა – სოფიას გარანტიის მიღება სურს, რომ სკოპიე ბულგარეთში მცხოვრები ეთნიკურად მაკედონიელების დაცვის საკითხს არ წამოჭრის და მის საშინაო საქმეებში არ ჩაერევა ისტორიის ერთობლივ კომისიაში მეტი ჩართულობა – ბულგარეთი მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის 2017 წლის ხელშეკრულებით შექმნილი ისტორიის ერთობლივ კომისიაში მეტ ჩართულობას მოითხოვს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ისტორიის ერთობლივმა კომისიამ უნდა გადაჭრას, „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაციის“ ბუნება და მისი ლიდერის, გოცე დელჩევის იდენტობაა. ბულგარეთი მიიჩნევს, რომ 1893 წელს თესალონიკში შექმნილ ორგანიზაციას, რომელიც მაკედონიის ოსმალეთის იმპერიისგან გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძოდა, ბულგარული იდენტობა ჰქონდა, რასაც სკოპიე უარყოფს. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაში მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება – „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის“ მე-19 საუკუნის ბოლოს თესალონიკში შექმნილი – „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაციის“ იდეოლოგიურ მემკვიდრედ  აცხადებს თავს; კომუნიზმის მსხვერპლთა რეაბილიტაცია – სოფია მსხვერპლში იმ ეთნიკურ ბულგარელებს მოიაზრებს, რომლებიც დღევანდელი ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომში და ომის შემდგომ საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ იდევნებოდნენ; სიძულვილის ენის პრევენცია – სოფია  აცხადებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპის კავშირში ინტეგრაციას მანამდე არ დაუჭერს მხარს, ვიდრე სკოპიე უარს არ იტყვის სიძულვილის ენასა და ანტიბულგარულ იდეოლოგიაზე.

მაგალითისთვის, ბულგარეთს სურს, რომ ჩრდილოეთმა მაკედონიამ ისტორიის სახელმძღვანელოებიდან „ ბულგარული ფაშისტური საოკუპაციო ძალები“ ამოიღოს და „ბულგარული ადმინისტრაციით“ ჩაანაცვლოს. სოფია ამტკიცებს, რომ აღნიშნული ტერმინი სიძულვილს აღძრავს.

რადევის თქმით, იმისთვის, რომ სოფიამ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპის კავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები კვლავ არ დაბლოკოს, სკოპიემ ბულგარეთის ოფიციალურ პირებს „რეალური შედეგი“ უნდა აჩვენოს, რაშიც მან 2017 წლის ხელშეკრულების პირობების შესრულება იგულისხმა.

„ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპის კავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ თანხმობა არ უნდა იყოს დაკავშირებული ვადებთან, არამედ რეალისტური მიზნების მიღწევასთან, მათ შორის ქვეყანაში ბულგარული უმცირესობის აღიარებასთან“ – რუმენ რადევი.

2021 წლის დეკემბერში ბულგარეთში ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცეს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, 2021 წელს რიგით მესამე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის, „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებების“ ლიდერი, კირილ პეტკოვი დაინიშნა.

სოფიაში რეჟიმის ცვლილება „მოსაცდელ ოთახში“ მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიას გარკვეულ იმედს აძლევს.

კირილ პეტკოვის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს ახალი საფუძველი ექნება, რაც გულისხმობს იმას, რომ სკოპიე-სოფიის ერთობლივი ჯგუფები არა მხოლოდ ისტორიასთან, არამედ ეკონომიკურ აქტივობებთან, ინფრასტრუქტურასა და კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმუშავებენ.

„დაე, ორი ქვეყნის მოსახლეობამ ერთად მუშაობის სარგებელზე დაიწყოს საუბარი. როდესაც მაგიდაზე უპირატესობებს დავდებთ… კომპრომისთან დაკავშირებული დისკუსიები ბევრად უფრო ადვილი იქნება“ – კირილ პეტკოვი.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს სურს, რომ დებატები ისტორიული კამათიდან ინსფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ განვითარებაზე გადაიტანოს.

”ჩვენ შემოგთავაზებთ ახალ პროცესს (ჩრდილოეთ მაკედონიაზე), ძალიან სწრაფად, შეზღუდული ვადით, სულ რაღაც ექვსი თვის განმავლობაში” – კირილ პეტკოვი.

ბულგარეთის ახალი ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყანა 2017 წლის „მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების“ პირობების მიხედვით შეთანხმდეს, რომლის თანახმადაც, ბულგარეთი და ჩრდილოეთი  მაკედონია ყოვლისმომცველ ურთიერთობებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და კეთილმეზობლური დამოკიდებულების შესაბამისად განავითარებენ.

ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში ხაზგასმულია, რომ ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას არა აქვთ და მომავალშიც არ ექნებათ ტერიტორიული პრეტენზია ერთმანეთის მიმართ.

სკოპიე ადასტურებს, რომ მაკედონიის მოქალაქეების არმქონე პირების სტატუსისა და უფლებების დაცვის მიზნით, მისი კონსტიტუციის არცერთი მუხლი არ იქნება გამოყენებული ბულგარეთის საშინაო საქმეებში ჩარევის წინაპირობად.

რაც შეეხება სიძულვილის ენასა და პროპაგანდას, ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ ზიანის თავიდან ასაცილებად და კეთილმეზობლური ურთიერთოებების შესანარჩუნებლად, ეფექტიანი ზომების მიღებას უზრუნველყოფენ.

2022 წლის 18 იანვარს, ბულგარეთის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის დამოუკიდებლობის აღიარების 30-ე წლისთავზე, აღნიშნული ქვეყნების პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს სკოპიეში შეხვდნენ. კირილ პეტკოვისა და დიმიტარ კოვაჩევსკის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სოფია ჩრდილოეთ მაკედონიის სახელწოდების საკითხს აღარ წამოჭრის.

სანაცვლოდ, სკოპიემ გაეროს ნოტა გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას ბულგარეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არა აქვს.

„ვფიქრობ, ის, რასაც ჩვენ პირველ შეხვედრაზე მივაღწიეთ, უნდა მიუთითებდეს, რომ მზად ვართ, მთლიანად შევცვალოთ კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობა“ – კირილ პეტკოვი.

ბულგარეთი მიიჩნევს, რომ მაკედონურ ენასა და იდენტობას ბულგარული ფესვები აქვს. ამავდროულად, სკოპიე აცხადებს, რომ ენა და იდენტობა წითელი ხაზია და აღნიშნული საკითხები განხილვას არ ექვემდებარება. ამას გარდა, განსაკუთრებულად რთული იქნება, სოფიის ერთ-ერთი მოთხოვნის, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუციაში ეთნიკური ბულგარელების აღნიშვნას გულისხმობს, შესრულება. აღნიშნული ცვლილების შეტანას ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდება. ამჟამად, სამთავრობო კოალიცია სუსტ უმრავლესობას ფლობს, რაც საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საკმარისი არ არის. კონსტიტუციაში ეთნიკური ბულგარელების აღნიშვნას მთავარი ოპოზიციური პარტია – „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის“ არ ემხრობა, შესაბამისად, არასაკმარისი საპარლამენტო მხარდაჭერის პირობებში ბულგარეთის ზემონახსენები მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია.

ისტორიის, ენისა და იდენტობის განსხვავებული ხედვის, ასევე ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებული ნაციონალისტური განწყობილებების გათვალისწინებით, სოფია-სკოპიეს უთანხმოების მოგვარება მარტივი არ იქნება.

ხისტ მიდგომაზე უარის თქმის, შესაბამისი პოლიტიკური ნების გამოჩენისა და ბულგარეთთან კომპრომისის გარეშე, ჩრდილოეთი მაკედონია „მოსაცდელ ოთახში“ ევროპის კავშირში ინტეგრაციის მოლოდინში კიდევ მრავალ წელს გაატარებს.

მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთდათმობის გზით უთანხმოების მოგვარება სკოპიესთვის ახალი არაა. ჩრდილოეთი მაკედონია ნატო-ში გაწევრებას საბერძნეთთან ქვეყნის კონსტიტუციურ სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის გამო წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა, თუმცა, ათენი-სკოპიეს შორის კომპრომისის გზით მიღწეული პრესპის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩრდილოეთი მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი გახდა. ამჯერად, დიმიტარ კოვაჩევსკის ადმინისტრაციის მთავარი გამოწვევა ბულგარეთთან შეთანხმება და ევროპული ინტეგრაციის გზაზე უკანასკნელი დაბრკოლების აღმოფხვრაა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა