ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

ჩუმი ამერიკელი

ლაითაძე ბლოგი

You can not blame innocent, they are always guiltless.
Innocence is a kind of insanity.

Graham Greene

წელს, აპრილში, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის, ჰენრი გრემ გრინის, გარდაცვალებიდან 30 წელი შესრულდა და ასევე აპრილში, 46 წლის წინ, დასრულდა ინდოჩინეთის მეორე ომი, რომელიც უფრო ცნობილია ვიეტნამის ომის სახელით.

გრემ გრინი მდიდარი და გავლენიანი ინგლისური ოჯახის წარმომადგენელი იყო, რომელიც ფლობდა „გრინ კინგის“ ლუდსახარშებისა და პაბების ქსელს. ინგლისში სწავლისას მეც არაერთხელ დამილევია ლუდი და ელი „გრინ კინგის“ პაბებში. აღსანიშნავია, რომ დედამისის ბიძაშვილი იყო სახელგანთქმული მწერალი რობერტ ლუის სტივენსონი, რომელმაც რომანში „განძის კუნძული“ შექმნა აწ უკვე მეკობრის არქეტიპად ქცეული ცალფეხა კაპიტნის, ჯონ სილვერის პერსონაჟი. გრემ გრინმა დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბელიოლის კოლეჯი, სადაც ისტორიას სწავლობდა.

მრავალი წლის განმავლობაში გრემ გრინი წერდა თავისი ეპოქის  სიღრმისეულ ეთიკურ, მორალურ და პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ომზეც – „ჩუმი ამერიკელი“ (The Quiet American). თუმცა „ჩუმი ამერიკელი“, როგორც  მაღალი ღირებულების მქონე  მხატვრული ნაწარმოები, სცდება კონკრეტულ ადგილს და დროს და ეხება უნივერსალურ პრობლემებს.

გრემ გრინის ნაწარმოებების დიდი ნაწილი ეკრანიზებულია. მისი რომანების მიხედვით დაახლოებით 50 ფილმია გადაღებული, როგორც სატელევიზიო, ისე კინოფილმი. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე სინემატიკური მწერალი.

გრემ გრინის რომანი „ჩუმი ამერიკელი“ ეყრდნობა The Times-ისა და Le Figaro-ს სამხედრო ჟურნალისტად  მუშაობის მის გამოცდილებას ინდოჩინეთში.

ინდოჩინეთის პირველი ომი 1946 წელს დაიწყო და 1954 წლამდე გაგრძელდა. მოწინააღმდეგე მხარეები იყვნენ ფრანგული კოლონიალური ძალები და  პატრიოტული მოძრაობა ვიეტმინის მემარცხენე პარტიზანები. ჯუნგლების პირობებში ფრანგები ეფექტიანად  ვერ იყენებდნენ  თავიანთ ტექნიკურ სამხედრო უპირატესობას, რასაც დაემატა ვიეტმინელების ეფექტიანი სტრატეგია და ტაქტიკა, რამაც საბოლოოდ საფრანგეთი დამარცხებამდე მიიყვანა. პირველ ინდოჩინეთის ომში  ორივე მხრიდან დაიღუპა 600-დან 800 ათასამდე ადამიანი. 1954 წელს მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც პრაქტიკულად დასრულდა კოლონიალური საფრანგეთის ყოფნა ვიეტნამში, ვიეტმინის  კონტროლი დამყარდა მე-17 პარალელის ჩრდილოეთით, ხოლო სამხრეთით რჩებოდა ვიეტნამის მარიონეტული სახელმწიფო. ეს შეთანხმება მალევე უარყვეს სამხრეთმა ვიეტნამმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. სამხრეთში დაიწყო კომუნისტური პარტიზანული მოძრაობა და ეს კონფლიქტი ნელ-ნელა გადაიზარდა ვიეტნამის ომში. სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა ვიეტნამში, ლაოსსა და კამბოჯაში. აშშ-ის შეიარაღებული ძალები იმავე სახის სირთულეებს გადააწყდნენ, როგორსაც მათი ფრანგი წინამორბედები. ვიეტნამის ომი დაიწყო 1955 წელს და დასრულდა 1975 წლის 30 აპრილს აშშ-ისა  და სამხრეთ ვიეტნამის დამარცხებით, რომლის შედეგადაც ვიეტნამის მთელ ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამყარა ადგილობრივმა კომუნისტურმა მოძრაობამ. სხვადასხვა შეფასებით, მსხვერპლის რაოდენობამ შეადგინა 2 – 4.2 მლნ ადამიანი.

რომანის, “ჩუმი ამერიკელის“, ფონი არის ფრანგული კოლონიალიზმის ნგრევა და ამერიკის ჩართვის დასაწყისი ვიეტნამში. ქვესიუჟეტი არის ბრიტანელი სამხედრო ჟურნალისტის ტომას ფოულერის, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტის ელდენ პაილის და ვიეტნამელი ქალის, ფუონგის სასიყვარულო სამკუთხედი.  გრინმა პრაქტიკულად იწინასწარმეტყველა ვიეტნამში საომარი კონფლიქტის დაძაბულობის ესკალაცია, რომელიც 60-იან წლებში აშშ-თვის მართლაც სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. საინტერესოა, რომ ამ რომანის შთაგონება გრინმა მას შემდეგ მიიღო, რაც იმგზავრა საიგონიდან ბენტრეს პროვინციამდე ჰუმანიტარული დახმარების ამერიკელ თანამშრომელთან ერთად, რომელმაც მას „ლექცია“ ჩაუტარა ვიეტნამში მესამე ძალის ჩარევის აუცილებლობის შესახებ.

ტომას ფოულერი შეხვდება ახალგაზრდა ამერიკელ იდეალისტს ალდენ პაილს, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელია. პაილი თავის იდეებს აყალიბებს ფიქციური პოლიტიკური მეცნიერის, იორკ ჰარდინგის  წიგნების მიხედვით.  რეალურად კი მან ცოტა რამ იცის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის შესახებ და ფოულერს სთხოვს ახსნას, თუმცა ბრიტანელი ჟურნალისტის ცინიკური რეალიზმი მისთვის მიუღებელია. პაილი ისეა დაბრმავებული იდეალიზმით, რომ ვერ ამჩნევს რეალურ პრობლემებს. ნელ-ნელა პაილი ჩაერთვება შიდავიეტნამურ დაპირისპირებაში და ასეთ მოქმედებას ადგილობრივების დაღუპვა მოჰყვება. ყოყმანით, ფოულერი თანხმდება ირიბად დაეხმაროს პაილის მკვლელობის ორგანიზატორებს.  რომანის ბოლოს ფოულერი იხსენებს თავის პირველ შეხვედრას პაილთან და ჩანს, რომ ბრიტანელს დანაშაულის გრძნობა აწუხებს.

მწერალს არ უჭირავს გამოკვეთილი პოზიცია, მისი სიმპათია წიგნის არც ერთი გმირისკენ არ იხრება. იგი მკითხველს ანდობს, რომ მან თავად აირჩიოს, რა უკეთესია: ის იდეალიზმი, რომელიც ამართლებს არაეთიკურ საშუალებებს კეთილშობილური მიზნების მისაღწევად თუ ცინიკური რეალიზმი. და ეს არ ეხება მხოლოდ ვიეტნამის ომს. ეს ის არჩევანია, რომელსაც მშვიდობიან ცხოვრებაში პრაქტიკულად ყველა ადამიანი აწყდება და გრემ გრინი თითქოს გვეუბნება: რაც არ უნდა გარე შეზღუდვები არსებობდეს, სინამდვილეში არჩევანის გაკეთებაში შენ მაინც თავისუფალი ხარ. მაშ, დაფიქრდი, რა გზა ჯობია? ან იქნებ არის მესამე არჩევანიც? შენ თვითონვე გადაწყვიტე.

გააზიარე